შემოგვიერთდი

სერგო რატიანი

გუშინ უმრავლესობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება ჩაშალა

24.01.2014 17:42

მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურ მოძრაობას და ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ჰქონდათ შენიშვნები უმრავლესობის მიერ დაგეგმილი წინა სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობა შეეცადა ყოფილიყო მაქსიმალურად კონსტრუქციული. ჩვენ გვქონდა უმცირესობის წევრების შეძლებისდაგვარად სრული მობილიზება და მხარი დაუჭირეთ ყველა კანდიდატს, მიუხედავად იმისა, ჩვენ მიერ იყო ის წარდგენილი თუ არა.

ჩვენი მიზანი იყო, აღდგენილიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ქმედითუნარიანობა და, შესაბამისად, საზოგადოებრივი კონტროლი.

ქართული ოცნების მხრიდან საკმარისი იყო, არ მოეხდინა ზეწოლა უმრავლესობის იმ რამდენიმე წევრზე, რომლებმაც პირველ ეტაპზე უკვე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია.

კანდიდატების არჩევისთვის საკმარისი იყო 50 ხმა. პლენარულ სხდომას ესწრებოდა ნაციონალური მოძრაობის 44 წევრი, ანუ ყველა, მათ გარდა, ვინც ფიზიკურად არ იმყოფებოდა საქართველოში ან პირადი, ოჯახური გარემოების გამო ვერ დაესწრო სხდომას.

შემაშფოთებელია, რომ ამჯერად უპრეცენდენტო ზეწოლა უკვე განხორციელდა უმრავლესობის არაერთ წევრზე და დამოუკიდებელ დეპუტატებზე. ადამიანებმა, რომლებმაც პირველ ეტაპზე მხარი დაუჭირეს წარდგენილ კანდიდატებს, განმეორებით კენჭისყრაზე იგივე კანდიდატებს ან არ მისცეს ხმა, ან მისცეს წინააღმდეგ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ უმრავლესობის აჭარის წარმომადგენლობამ არ დაუჭირა მხარი აჭარის უზენაესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ კანდიდატს (პირველ ეტაპზე, საპარლამენტო უმცირესობის წევრების გარდა, ნინია კაკაბაძეს მხარი დაუჭირა ქართული ოცნებისა და რესპუბლიკელების ფრაქციის ორ-ორმა,  დემოკრატების ერთმა, დამოუკიდებელი დეპუტატების სამმა წევრმა, ხოლო გენადი გელაძეს — ქართული ოცნების ხუთმა, დემოკრატების ერთმა, დამოუკიდებელი დეპუტატების სამმა წევრმა).

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ სადავო იურიდიული პროცედურის მომიზეზების გამო კენჭისყრაზე არ დააყენა დარეჯან ჯავახიშვილის კანდიდატურა. აღსანიშნავია, რომ დარეჯან ჯავახიშვილის წარდგენის ხელმომწერებს შორის აგრეთვე არიან პარლამენტის ის წევრები, რომლებიც არ წარმოადგენენ საპარლამენტო უმცირესობას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის ჩაშლით, ცხადად გამოჩნდა:

1. უმრავლესობის მიზანია, მოიპოვოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჭარბი დაუბალანსებელი კონტროლი;

2. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაქვემდებარების უზრუნველყოფამდე, სამეურვეო საბჭოს ქმედუუნარობისა და შესაბამისად საზოგადოებრივი კონტროლის სრული მოშლის შენარჩუნება;

3. კვოტების პრინციპის იგნორირება;

4. კოალიციაში დომინანტი ჯგუფების მხრიდან უმრავლესობის ცალკეულ წევრებსა და უპარტიო დეპუტატებზე ზეწოლა;

5. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შექმნილი კომისიისა და მათ მიერ არჩეული კანდიდატების მიმართ უნდობლობა (როგორც ჩანს, პარლამენტის თავმჯდომარის ფიგურის აქტუალობა ქართული ოცნებისათვის შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ მან ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე უნდა გაამართლოს ხელისუფლების ქმედებები, როგორც ეს მოხდა ფარცხალაძის მთავარი პროკურორობიდან გადადგომის გაჭიანურების, ან ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის გამოუძიებლობის გამართლების შემთხვევაში);

6. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არჩევის ჩაშლამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ქართული ოცნების მიერ პროცესების დაგეგმვისა და განხორციელების სრული უუნარობა. საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ მოახერხა, დაეკომპლექტებინა სამეურვეო საბჭო იმ პირობებში, როდესაც მიიღო ახალი კანონი, რომელიც ორ თვეში შეცვალა. პარლამენტის თავმჯდომარის საშუალებით შექმნა კომისია, რომელმაც შეარჩია და წარუდგინა პარლამენტს კანდიდატები.

 

სერგო რატიანი

საპარლამენტო უმცირესობის წევრი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test