შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

უხერხულია, ბატონებო!

25.01.2014 14:45

უხერხულია, როცა იღებ კანონს, რომელიც, პრაქტიკულად, დამოუკიდებელი მედიის შექმნის გარანტიაა, საზოგადოებას იმედს აძლევ, სინამდვილეში კი დარბაზში შეკრებილ პოლიტიკურ ოპონენტებს ნიშნს უგებ და უმტკიცებ, რომ შენ მათზე მაგარი ტიპი ხარ;

უხერხულია, როცა კრებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩვევ საპარლამენტო კომისიას, რომლის წევრებიც დიდი ენთუზიაზმით, მონდომებითა და სიხარულით მუშაობენ, პარალელურად კი, რამდენიმე ღირსეული კანდიდატის შესახებ აკეთებ განცხადებებს, რომლებმაც კონკურსში განაცხადის შეტანა, ინფორმაციის ნაკლებობის გამო ვერ მოასწრო;

უხერხულია, როცა გარკვეული დემოკრატიული პროცესების წამოწყების შემდეგ, პოსტფაქტუმ აანალიზებ, რომ დამოუკიდებელი მედია ხელისუფლებისათვის ნამდვილი თავის ტკივილია, რომ შენ მიერ შერჩეულმა კომისიამ ის ტიპები წარმოგიდგინა, რომლებისთვისაც დირექტივების მიცემა გაგიჭირდება, რომ შენ მიერ, რამდენიმე თვის წინ, ხმათა უმრავლესობითა და სიამაყით დამტკიცებულმა, ზედმეტად დემოკრატიული ღირებულების მქონე ახალმა კანონმა ჩიხში შეგიყვანა;

უხერხულია, როცა კანონმდებელი არღვევს კანონს, როცა კანდიდატებზე ვერ თანხმდება და განხილვის შემდეგ დაფიქრებული სახით აცხადებს, იმდენი ღირსეული პრეტენდენტი წარმოგვიდგინეს, ღირსეულთა შორის ღირსეულის ამორჩევა გაგვიჭირდაო;

უხერხულია, როცა პირველ მოსმენაზე, წარმოდგენილ კანდიდატს, უმრავლესობიდან 5-6 კაცი უჭერს მხარს, მეორე მოსმენაზე კი, ხმის არმიცემაში ერთსულოვნებას იჩენენ - ზეწოლა არ ყოფილა, უბრალოდ, შიდაფრაქციული შეთანხმება იყოო; 

უხერხულია, როცა კანდიდატს მხარს უჭერ, შემდეგ საკუთარ ხელმოწერას უკან ითხოვ ბოლოს კი აცხადებ, რომ თუ ადამიანს პირადად არ იცნობ, მას ხმას ვერ მისცემ. აქვე სინანული უნდა გამოხატო, გაცნობა რომ ვერ მოხერხე, სხვანაირად არ დაგიჯერებენ;

უხერხულია, როცა აცხადებ, რომ ხმის მიცემა არათუ მეორე, არამედ, პირველ კენჭისყრაზეც არ გინდოდა და, უბრალოდ, ყურადღება გაგეფანტა და შემოგეიმასქნა - დეპუტატის ამგვარი მიდგომა, ზოგადად, კენჭისყრის პროცესისადმი, მინიმუმ, შემაშფოთებელია;

უხერხულია, როცა ამბობ, რომ უმცირესობამ თავისი კანდიდატის გასაყვანად მობილიზება ვერ მოახერხა და შენი მხრიდან ხმის არმიცემის მიზეზიც ეს გახდა;

უხერხულია, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა იმ პოლიტიკური ძალის დასაცავი ხდება, რომელიც გასულ წლებში წარმატებულად ახორციელებდა ტელევიზიის კონტროლს და თან ყოველ ჯერზე, ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ შეხვედრაზე იმეორებდა, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის არსებობას ჩაუყარა საფუძველი - საზოგადოებრივი მაუწყებელი შექმნა;

უხერხულია, როცა ცხადად ხედავ შენ მიერ არჩეულ პარლამენტს, რომელიც თავისსავე არჩეულ კანონს არ სცემს პატივს - სამომავლოდ ეს უფრო დიდი ხიფათის მაჩვენებელი შეიძლება იყოს, ვიდრე, უბრალოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონის უგულვებელჰყოფა.

 

P.S. საზოგადოებრივ მაუწყებელს გამუდმებით ვაკრიტიკებდით იმ მიკერძოებული პოლიტიკისა და საკუთარი ფუნქციის შეუსრულებლობის გამო, რომელსაც წლების მანძილზე ეწეოდა. თუმცა, როგორც ჩემთვის ერთმა ძალიან პატივსაცემმა ადამიანმა დაწერა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, მიმდინარე მოვლენებისას, როგორც იქნა, შეასრულა თავისი ფუნქცია - მოახდინა ლუსტრირება იმისა, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის არსებობობისათვის პოლიტიკური ნება არ არსებობს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test