შემოგვიერთდი

ალექსანდრე ქეშელაშვილი

ძალადობის ამსახველი კადრები და მედიის პასუხისმგებლობა

30.01.2014 16:08

ჩვენთან ასეთი ტრადიცია დამკვიდრდა -  პერიოდულად უნდა გავრცელდეს ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები, რომლებიც მთელ ქვეყანას გადაუვლის, ააფორიაქებს და აახმაურებს ფეისბუქზე სტატუსებს, ფორუმებს, ბლოგერებს. მერე წავა ეს კადრები და უკვალოდ ქრება სადღაც. ბოლო ათი წლის მანძილზე ჩვენც მივეჩვიეთ კადრებიდან კადრებამდე ცხოვრებას, ლოდინს. იმის ლოდინს, როდის დაიწყებოდა მოულოდნელი პრესკონფერენცია და კარგი პრემიერასავით ვუყურებდით ახალ თრილერს. მერე გადაივსებოდა საინფორმაციო საშუალებები ექსკლუზივით და გარეთაც აღარ დარჩებოდა ამ კადრებით გაუჯერებელი ჰაერი. ასეთი ვიდეო კლიპები ძალიან ბევრი იყო,  წარსულში თუ აღარ გავყვებით, ისიც საკმარისია, რომ ციხეებში  პატიმრების წამების ამსახველი ფირები, 17 მაისს დამარბეველი სასულიერო პირები და „ჯიჰადის ვიდეო“, ან თუნდაც, აგერ ახლახანს გავრცელებული კადრები ვნახოთ, სადაც ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილია აღბეჭდილი. 

რთულია, ყურადღება არ მიაქციო ცხელ ამბავს, სკანდალურ სიახლეებს, ან კაცმა რომ თქვას, რატომ უნდა აუაროს მედიამ ასეთ ამბებს გვერდი. მაგრამ, ვფიქრობ, მედიად ყოფნა არ ნიშნავს იყო მხოლოდ უბრალო გამტარი, რაღაც არხი, რომელიც ღირებულს არაფერს შექმნის. აი, ვუყურებ კადრებს, რომლებში ასახულ ძალადობასაც სხვადასხვა ძალები მუდმივად მიმართავდნენ, მაშინ კი მედია დუმდა. რადგან მედია ეძებდა სკანდალს, ყურადღებას ამახვილებდა ტაბურეტკაზე, გვამზე, ცოცხზე და არა ძალადობაზე, რომელიც ამ კადრებში ჩანდა.

 ადრე მასწავლიდნენ ჟურნალისტიკაზე, საინტერესოა ის, როცა კაცი უკბენს ძაღლს და არა ძაღლი ადამიანსო - ეს არის დღევანდელი მედიის სიმპტომი (და არა მარტო საქართველოში). დღეს ასეა, გამოჩნდება სკანდალური ვიდეო, მალე აიტაცებს ყველა და მალევე ივიწყებს. არც ძაღლის ამბით ინტერესდება ვინმე და არც კაცისა.  დღეს ნახავთ გადაცემებს ბედნიერი ოჯახების საძინებლებსა და აბაზანებზე, მაგრამ პრობლემებზე ნაკლებად. დარწმუნებული ვარ, ახლა გაცილებით მეტი ადამიანი გამოთქვამს აღშფოთებას ვანო მერაბიშვილის ბრძანებაზე, ვიდრე, მაშინ როცა მის ბრძანებას ადამიანი შეეწირა. ეს კი მედიის პასუხისმგებლობაცაა, მრჩება შეგრძნება, რომ ჩვენს ჟურნალისტებს ეშინიათ რთულ საკითხებზე იმუშაონ, ძალადობის გამოძიებას და ჩვენი სივრცების ბნელი ადგილების გაშუქებას, მზა კადრების გავრცელება ურჩევნიათ. ვინ იცის, იქნებ მედიას ცოტა უკეთესად რომ ემუშავა, ამდენი ძალადობა არც ყოფილიყო.

დღეს თოვლი მოვიდა. ჰოდა, გამახსენდა,  ცოტა ხნის წინ, უსახლკაროებისთვის თავშესაფრის აშენების საკითხი როგორი აქტუალური იყო. შეიძლება ცოტა ირონიულად ჟღერს, მაგრამ იმ დროს ამ საკითხის მიმართ ყურადღების გამახვილებას საპატრიარქოს უნდა ვუმადლოდეთ, უფრო სწორად, მის ხისტ პოზიციას ორგანიზაცია „იდენტობის“ ინიციატივის მიმართ. რომ არა ეს დისკურსი, მედია ალბათ მაშინაც ნაკლებად დაინტერესდებოდა უბრალო ადამიანებით.

არადა, ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ხეტიალი. ჩავუვლიდი ხოლმე თბილისის ძველ ქუჩებს, „მშრალ ხიდს“ და ვცდილობდი ყველა ჩამონგრეული კედლის სიღრმეში, ყველა გასაყიდი ძველი ნივთის უკან რაღაც ისტორია დამენახა. ვოცნებობდი  ჟურნალისტობაზე, მაშინ რამდენ საინტერესო ამბავს ვიპოვიდი ამ პატარა ქუჩებში. დღეს კი დავფიქრდი, იქნებ პატარა, საინტერესო ისტორიები სულაც არაა მედიის საქმე და მე ვცდებოდი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test