შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

ჩემი უკრაინელი კოლეგა

22.02.2014 23:09

"- ცუდადაა საქართველოს საქმე. სააკაშვილი მაგარი პრეზიდენტია, დასავლური აზროვნებით. სამწუხაროა ის, რაც შარშან მოხდა არჩევნებში. ივანიშვილი რუსეთის კაცი უფრო ჩანს.

- არც მთლად ეგრეა საქმე, როგორც თქვენ გგონიათ მანდ, უკრაინაში, - ვერ ვიკავებ აღშფოთებას, - როცა საქართველოს პრორუსულ მთავრობაზე იტყვი რამეს, იქვე იანუკოვიჩი გაიხსენე. რამდენი პროცენტით გაიმარჯვა?

ასეთ დროს აღარაფერს მეუბნება. ცოტა ხანს გაბრაზებულები ვსხედვართ, შემდეგ ბრაზი გაუვლის და ლექციებს შორის შესვენებებისას საქმიანი სახით მითითებს:

- Stay Here!"

ჩემი ჰამბურგული ფოტოების დიდი ნაწილი მუსტაფა ნაიემის გადაღებულია. ფოტოაპარატს გვერდიდან არ იშორებს. ჰამბურგში ვიტალი კლიჩკოების სახლის გადაღება უნდა „უკრაინსკაია პრავდასთვის“ და ადგილობრივებთან გამუდმებით აზუსტებს მისამართს, თუ იქამდე მისასვლელ გზას. პოლიტიკაზე საუბრისას კი შანსს არ ტოვებს, მწარედ არ აღნიშნოს, როგორ ეხმარება ევროპა უკრაინელ ოლიგარქებს ფულის გათეთრებაში და ა.შ.

მიხეილ სააკაშვილზე, ბიძინა ივანიშვილზე, ვიქტორ იუშენკოსა თუ იანუკოვიჩზე, საქართველოსა და უკრაინის პროდასავლურ, თუ პრორუსულ პოლიტიკაზე ბევრჯერ ვიკამათეთ. გამომშვიდობებისას შევთანხმდით, რომ კიევში ჩასვლის შემთხვევაში, აუცილებლად შევეხმიანები - „Little Monkey“-სთვის საინტერესო იქნება „უკრაინსკაია პრავდაში“ ვიზიტი.  

ნოემბერში უკრაინაში ის ამბები დაიწყო, რომელიც დღემდე ბევრი ფაქტის ლუსტრირებას ახდენს. რამდენჯერმე წამიცდა ხელი, მიმეწერა და ჩვენი კამათი შემეხსენებინა, მაგრამ მერე გადავიფიქრე.

ინფორმაციის მღებისას ოფიციალურ წყაროს არაოფიციალური ყოველთვის სჯობს. მართალია, მუსტაფას სტატუსებს არაოფიციალური ნაკლებად ეთქმის, მაგრამ როცა უკრაინის ამბები ზედმიწევნით მაინტერესებს, მის აფდეითებს ვკითხულობ: რადადან, ევერომეიდნიდან, სამედიცინო პუნქტებიდან.. ხან ხალხს მოუწოდებს, ხან ჟურნალისტებისათვის დამცავ აღჭურვილობას ითხოვს, ხან მნიშვნელოვანი შეხვედრების შემდეგ მაშინვე დებს მოკლე ინფორმაციას.

აკადემიის მეორე ეტაპზე, კიოლნში არ ჩამოვიდა. არც შეტყობინება გამოუგზავნია. ალბათ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო-მეთქი, გამოვთქვი მოსაზრება. ალბათო, მიპასუხეს. არადა, უკვე ის პერიოდი იყო, როდესაც ევრომედიანზე პირველი მსხვერპლი გაჩნდა, კიდევ ხუთი რომ მიჰყვა.

სულ მაინტერესებდა, როგორ და რა დოზით უთმობდა ევროპული მედია უკრაინის ამბებს ყურადღებას. ეთერში ამ თემაზე ბევრი არაფერი მინახავს, არც თავად ჟურნალისტებს ეტყობოდათ დიდი ინტერესი. როცა კრიზისულ და საომარ ვითარებაში მასმედიის წარმომადგენელთა ქცევის წესებზე ვსაუბრობდით, მოწვეული სტუმრები უფრო დიდი შემართებით საყოველთაო კრიზისებზე საუბრობდნენ, ისეთებზე, რომლებშიც ევროპის პასუხისმგებლობა, ანდაც, თეორიული მოვალეობა  მცირეა: სირია, ერაყი, ავღანეთი, ეგვიპტე. რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა საუბარი გაუსაძლის ყინვაში სამი თვის მანძილზე გარეთ მდგომ ადამიანებზე, რომლებიც შენი ღირებულებების დასაცავად იბრძვიან და იღუპებიან მაშინ, როცა თავად წარმატებით ირგებ სირაქლემას პოზას. ნამდვილად: ასეთ დროს, რეალობისგან მაქსიმალურად უნდა დაიცვა საკუთარი მოქალაქეები: რატომ უნდა მოუყვე კიევის ცენტრზე მაშინ, როცა ფეისბუქის მეათე იუბილე უფრო წარმატებით გაიყიდება?!.

მაშინ, ადრეულ შემოდგომაზე, დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან, 12 კაცი რომ ვისხედით და ჩვენს ქვეყნებში მედიის პრობლემებზე ვსაუბრობდით, ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ მათთან შედარებით, პოლიტიკური სიტუაციის გარდა, საქართველო და უკრაინა მედიისთვის სამოთხე იყო. ევრომეიდანზე დაღუპულ იმ 77 კაცში, „ანტიტერორისტულ ოპერაციას“ რომ ემსხვერპლა, ორი ჟურნალისტიც აღმოჩნდა. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გაქრა და სადღაც ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს, მეორე მათგანი კი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

„Все. Теперь главное построить новое“, - დაწერა მუსტაფამ დღეს. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც უკრაინას, საკუთარი დამოუკიდებლობის დასაცავად, ევრომაიდნისკენ მოუწოდა, ვისაც, ამ პერიოდის მანძილზე, იქიდან ფეხი არ მოუცვლია, ვისაც საკუთარი პროფესიის გვერდით, მოქალაქეობრივი ვალი არ დავიწყებია, ვინც ისევე იბრძოდა უკრაინისთვის, როგორც დანარჩენები. სწორედ ამიტომ უხდის მადლობას უამრავი ადამიანი. მადლობას ყველაფრისათვის...

ჰოდა, როდესაც თავისუფალ უკრაინაში სადმე, ყავის დასალევად და პოლიტიკაზე სასაუბროდ ჩამოვსხდებით, აუცილებლად გავახსენებ ყველაფერს, რაზეც ჰამბურგში გაბრაზებამდე ვკამათობდით. ევროპაზეც ვისაუბრებთ, მის პოზიციაზეც, ვიტალი კლიჩკოზეც ხელახლა ვკითხავ აზრს - მაინტერესებს, რა და როგორ გადააფასა. მერე, ალბათ, საქართველოს ხელისუფლებასაც გადმოწვდება, ისევ გამიჩნდება შეგრძნება, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადამკვდარ აქტივისტს ვესაუბრები, ისევ გავბრაზდები, ის კიდევ, ჩემი გულის მოსალბობად მეტყვის: Don’t cry, Monkey-Girl, everything will be OK. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test