შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

50 მეგაშოუ, რომლიც უნდა დადგა, სანამ „იმედი“ გქვია

12.03.2014 11:53

ორი ვარსკვლავი

რა არის მეგა-შოუ? - შოუ, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდება, რომლის რეიტინგებიც ყველა რეკორდს ხსნის, იყიდება უამრავი რეკლამა, შემოაქვს დიდი ფული, არის ძალიან მაგარი პრიზები გამარჯვებულისათვის, თავიდან ბოლომდე ცვლის მონაწილეთა ცხოვრებას, არის ნოვაცია, იყიდება ქვეყნის გარეთ. ერთი სიტყვით, ეს არის შოუ, რომლის მსგავსიც მანამდე არავის არსად უნახავს.

მეგა-შოუს მაყურებლის რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე სამი მილიონი, მისი შემოქმედებითი ჯგუფი, გაცილებით მეტ კრეატივზე იჭყლეტს ტვინს, ვიდრე ისეთი ცნობილი ადამიანების მოყვანაა, წლებია არაფერი რომ არ შეუქმნიათ, შოუს ავტორი კომპანია კი სახსრებს არც დეკორაციისთვის იშურებს, არც რეკლამისა და არც გამარჯვებულის პრიზებისათვის, რომელთა გადაცემასაც, არამგონია, 3-4 წელი ალოდინებდნენ.

ქართულ სინამდვილეში, როცა მაყურებლის რაოდენობა სამ მილიონსაც არ აღწევს, შოუს „მეგა“ დაარქვა, გულწრფელად რომ ვთქვათ, კომიკურია. თუმცა, ტელეკომპანია „იმედი“, კონკურენტისაგან განსხვავებით, თავს სწორედ მეგა-შოუების კეთებაზე დებს და ამ მქუხარე სათაურით გვთავაზობს ხან „ცეკვავენ ვარსკვლავებს“, ხან „ახალ ხმას“ და, ახლა უკვე, „ორ ვარსკვლავსაც“.

ამ უკანასკნელმა სოციალურ ქსელებში დიდი აღშფოთება გამოიწვია. აღშფოთება, ძირთადად, მონაწილეთა სმენის, ხმის და სინდისის არქონას ეძღვნებოდა. ეს შოუ, რეალურად, იმისთვის კეთდება, რომ მათ, სხვა მხრივ ცნობილი ადამიანების მუსიკალურ უვიცობაზე გაიღიმონ და ნახონ, როგორ დაიხვეწებიან ტურიდან ტურამდე.  ქართველ მაყურებელს არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა. არადა, სინამდვილეში, პრობლემა სულ სხვა რამეა.

უხერხულია, როცა „მეგას“ უწოდებ შოუს, რომელიც, რიგ შემთხვევაში, „პროფილის“ რეიტინგს ვერ ხსნის, როცა მაყურებელი მისი არსებობის შესახებ მხოლოდ ეთერში გასვლის შემდეგ იგებს, როცა მონაწილეთა ნაწილს ვარსკვლავებად იხსენიებ მაშინ, როცა წლებია, არაფერი შეუქმნიათ, ზოგის შესახებ კი მოსახლეობას წარმოდგენა არ აქვს, როცა დეკორაცია ზედმეტად მოკრძალებულია, როცა გამარჯვებულის პრიზს მხოლოდ მანქანა, ან მუდმივმად მშენებარე ბინა შეადგენს, მთელმა საქართველომ რომ იცის, პატრონს რომ არასოდეს ჩაბარდება, მეორე-მესამე ადგილებზე გასულები კი iPad-ით ან მადლობით უნდა დაკმაყოფილდნენ, როცა ჟიურიში ერთი და იგივე ადამიანები სხედან, უკვე ზეპირად რომ იცი, რაზე რა კომენტარს გააკეთებენ და ისეთ ადამიანებს მიჰყავთ, ცხრა წელზე მეტხანს რომ უყურებ ეკრანზე, როცა შოუს ირგვლივ იმაზე მეტ აჟიოტაჟს ტეხ, ვიდრე იმსახურებს,  და, ყველაზე მთავარი: როცა მაყურებელს ატყუებ.

რეკლამა იმისთვის კეთდება, რომ კონკრეტული პროდუქტი გაიყიდოს, ისიც ვიცით, რომ ყველა რეკლამა მომხმარებელს ატყუებს, „იმედის“ შოუების ყურებისას მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს შოუს წამყვანებს, მონაწილეებს, ჟიურის წევრებსაც კი, ავიწყდებათ, რომ საქართველოში არნახული მასშტაბების მქონე პროექტში მონაწილეობენ და არა ერთ დიდ სარეკლამო რგოლში, რომლის ამოცანაც პროდუქტის ვინმეზე მისაღებაა. აქვე, სულ მგონია, რომ რეიტინგები, რომლებსაც ამა თუ იმ გადაცემის შემდეგ, ავტორები სოციალური ქსელებით ამაყად გამოფენენ ხოლმე, ბლეფია. მოდი, შევთანხმდეთ, რომ რაც არ უნდა „მეგა-შოუ“ დავდგათ, რაც არ უნდა ინტრიგა, სკანდალი, ინტელექტი, წიგნიერება თუ პოლიტიკა შემოვიტანოთ, „პროფილი“ რეიტინგში მაინც ყველაფერს აჯობებს - ხალხი მიჩვეულია და უკვე ავტომატურ რეჟიმში რთავს ტელევიზორს მაია ასათიანზე.

„რუსთავი 2“-ის დიდ დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ ფაქტია, რომ მათ იციან შოუს შეფუთვა. ისიც იციან, როგორ უნდა მიაწოდონ მაყურებელს, „მეგა-შოუებზე“ დაბალი ხარისხის გადაცემასაც ისე აჩვენებენ, არავინ გაღიზიანდება. რეიტინგს რაც შეეხება, გინებით, ლანძღვით, გამიზნული თუ უნებლიე შეცდომით მოტანილი რეიტინგი საამაყო სულაც არ არის. „იმედს“ კი, ჯერ კიდევ, მოდელირებული „ქრონიკიდან“ მოყოლებული, ამის არაერთი გამოცდილება აქვს.

ადრეც არაერთხელ დამიწერია, რომ „იმედის“ შოუების მთავარი პრობლემა, რეალობის დაკარგული შეგრძნებაა. ეკა ხოფერია საკუთარი ოჯახისა და სამეგობრო წრის პოპულარიზაციით არის დაკავებული (სხვათაშორის, ახალ მეგა-შოუში, მისი მეუღლეც მონაწილეობს), აქ მოღვაწეობისას ნანუკა ჟორჟოლიანი სხვა, ბედნიერ, მდიდარ და გაქსუებულ საქართველოზე გვიყვებოდა, თუმცა, ფაქტია, ეს არამხოლოდ წამყვანებს არამედ, პროდუსერებსაც ეხებათ. როგორც ჩანს, „იმედში“ დგას ასეთი აურა, ქვეცნობიერზე 25-ე კადრივით რომ მოქმედებს და ყველას გამუდმებით ჩასჩიჩინებს: „50 მეგა-შოუ, რომელიც უნდა დადგა, სანამ „იმედი“ გქვია“.


P.S. მათ შორის მოდელირებული „ქრონიკაცაა“.

P.P.S. ბუნებრივია, ეს პოსტი მხოლოდ შურმა, ბოღმამ, არარეალიზებულობამ და კომპლექსებმა დამაწერინა. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test