შემოგვიერთდი

ანა ბროლაძე

ნერვების, საინფორმაციო და სამხედრო ომის ზღვარზე

13.03.2014 12:39

ყირიმში წამოსვლამდე ვფიქრობდი რისკებზე, ხომ არ შემეშინდებოდა, ეს შიში მუშაობაში ხელს ხომ არ შემიშლიდა, რადგან საქმეში მაქსიმალისტი ვარ. ბევრ დაძაბულ გადაღებაზე ვყოფილვარ, შეხლა-შემოხლაში, აქციებზე, დარბევებზე, მაგრამ ომში არასდროს. არადა ომის მოლოდინი იყო, იყო და ახლაც რჩება. ბექას დაჟინებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა.  ბექა ჩემი ქმარია, თან ოპერატორი, რომელსაც ხიბლავს ექსტრემალური, უკონტროლო სიტუაციები.

"მაესტროს" პროდიუსერმა ღამის ორ საათზე გამაღვიძა  ტექსტით - "ხვალ ჩაბარგდი და გაემზადე, კიევში გიშვებ, ხომ არ გეშინია, ხომ გინდოდა წასვლა“? მაიდანის პროცესები უკვე დასრულებულია და მე უცბად ვპასუხობ, კიევში კი არა, ყირიმშიც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდიმეთქი. კიევი, თუ ყირიმი?- არჩევანი მე მომანდეს და ღამით ბევრი ფიქრის შემდეგ, მეორე დღეს უკვე სიმფეროპოლის აეროპორტში დავეშვი.

ველოდი ბლოკ-პოსტებს. ჩვენს ჩამოსვლამდე ქალაქში შემოსასვლელი და აეროპორტი ბლოკირებული იყო და მას  უცნობი შეიარაღბული  პირები აკონტროლებდნენ. სასტუმრომდე უპრობლემოდ მოვედი და გავოცდი. ყირიმის დედაქალაქი ჩვეულ რიტმში ცხოვრობს. ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერი ხდება, რამდენიმე წერტილში რუსული დროშებით 20 კაციან აქციას თუ არ ჩავთლით. მხოლოდ ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ყირიმი ომის ზღვარზეა, ნერვების, საინფორმაციო და სამხედრო ომის ზღვარზე. ნერვების ომს ჯერ-ჯერობით ყველა მხარე უძლებს. საინფორმაციო ომში კი ყველას საკუთარი თამაშის წესები აქვს. პრორუსული არხების  ეთერში არაფერი ხდება, პროუკრაინული მედიის ინფორმაციით კი მეორედ მოსვლა დაიწყო. წყაროს ვერ ენდობი გადამოწმების გარეშე. ჩვენც ამ ომის მონაწილეები ვართ, ოღონდ ნეიტრალურად, ფრთხილად, ჯერ-ჯერობით ჯავშანჟილეტების, სპეციალური ჩაფუხტებისა და აირწინაღების გარეშე.

press maestro tv

ჩვენთან ყირიმში სამუშაო ტემპი სწრაფია, ქართულ დროს ორი საათით ჩამოვრჩებით და ეს სხვაობა უნდა გათვალო. წინასწარ  ვერაფერს დაგეგმავ,  ღამით ნორმალურად არ გვძინავს, რამე არ მოხდეს. ჭამას თითქმის ვერ ვახერხებთ, რადგან რამდენჯერაც საჭმელად წასვლა დავაპირე, გადაღებაზე აღმოვჩნდი. გარეთ გასვლა მიკროფონითა და კამერით შებინდებულზე უკვე  სახიფათოა. სცემეს უკრაინული არხის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტები, ბერძენი ჟურნალისტები, ყველანაირი აპარტაურა წაართვეს ასოშიეით პრესის გუნდს. გახშირდა ძარცვის ფაქტები. მოკლედ, ინფორმაციის მოპოვებისა და უსაფთხოების ნორმების დაცვის ზღვარზე ვმოძრაობთ. ამის მიუხედავად, დედას ვეუბნები, რომ კარგად ვარ, ქმარი-ოპერატორი მიცავს და სანერვიულოც არაფერია.  

ყოველდღიურობის მიღმა კი სტაბილურად დაძაბული  ვითარებაა - ასე გვითხრა ქართველ ჟურნალსიტებს ერთ-ერთი სამხედრო შტაბის ხელმძღვანელმა. სწორედ ამ ზედსართავით განსაზღვრება ჩემთვის ყირიმში უკვე 11 დღიანი სამუშაო გარემოც. პირველ 6  დღეში იმაზე  მეტი მანძილი გავიარე, რასაც მთელი წლის განმავლობაში ვმოძრაობ. ვიყავი სიმფეროპოლისგან მინიმუმ 100 კილომეტრის მანძილზე მდებარე 7 თუ 8 ქალაქის სამხედრო ბაზაზე, დანაყოფსა, თუ  პოლკში. შემიძლია შვილიშვილებს თამამად მოვუყვე, რომ ­­ნახევარი ყირიმი მოვლილი მაქვს. არადა, მე სამხედრო ჟურნალისტი არ ვარ. როგორც ადამიანი, ფორმიან ხალხს ყოველთვის პატივს ვცემდ­­ი, მაგრამ უკრაინელი სამხედროების ქცევამ ყირიმში პატივისცემის გრძნობა, მინიმუმ, გამიორმაგა. არასდროს დამავიწყდება ქერჩის საზღვაო-სამხედრო დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელმაც წამოსვლისას ხელზე მაკოცა. შეიძლება ვიღაცისთვის უმნიშვნელო დეტალია, რადგან უკრაინულ სამხედრო დანაყოფებთან შეიარაღებული რუსი სამხედროების  კარვები და ტექნიკა  არ უნახავს. მაგრამ ამ პირობებშიც არ დაავიწყდა, რომ გოგო ჟურნალისტი ვიყავი. მეც არ დამავიწყდება მისი ხელზე კოცნით დამშვიდობება,  არც ჟურნალისტურად და არც ადამიანურად.

"ალბათ თქვენთვის ნაცნობია ეს სიტუაცია, ე.წ  სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში პროცესები ხომ იდენტურად  განვითარდა", - ასე გხვდებიან ქართველებს  უკრაინის ერთიანობის მხარდამჭერები. თუმცა უფრო ხშირად აგრესიის მოთმენა და უბრალოდ გაღიმება გვიწევს. ვუხსნით, რომ ამხელა მანძილზე  არა ინფორმაციის დასამალად, არამედ  რეალობის გასაშუქებლად ჩამოვედით. პრორუსული საზოგადოება,  ე.წ თადაცვითი რაზმები და კაზაკები  ეჭვის თვალით გივყურებენ და მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ  მათგან სიყვარულს და სითბოს ვგრძნობ. არ უყვართ ჟურნალისტები, ყოველ შემთხვევაში არავინ, რუსების გარდა.  ყველას მუშაობის პრობელმა აქვს. მაგალითად, ადგილობრივი რადას თავმჯდომარის პრესკონფერენციაზე მხოლოდ რამდენიმედღიანი დაჟინებული რეკვის შემდეგ მოვხვდი პირველად და უკანასკნელად, რადგან ჩემი დასმული შეკითხვები არ მოეწონათ.

მე 1987 წელს დავიბადე და საბჭოთა კავშირს არ მოვსწრებივარ.  ეს "ნოსტალგია" ყირიმმა შემივსო, აქ ლენინის ძგელს  რუსული დროშებით იცავენ და  "ძერჟავას" უმღერიან. ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ პირველად გადავიღეთ აქცია უკრაინული დროშებით და  ისეთი განცდა დამეუფლა,  თითქოს საკუთარი ქვეყნის ერთიანობას ვგულშემატკივრობდე. ნეიტრალურობის და ბალანსის დაცვა მეექვსე წელია ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მაგრამ აქ  მიკროფონის გვერდზე გადადების  შემდეგ,  უკრაინის რიგითი გულშემატკივარი ვხდები და მათი ჰიმნი საოცრად მომწონს.

მთავარი მაინც წინაა, ჩემი მუშაობის მე-14 დღეს რეფერენდუმია ჩანიშნული. ეს დღე გადაწყვეტს, როდის დავბრუნდები სახლში და როგორი იქნება ყირიმის მომავალი. რაც უნდა მოხდეს, მაინც ვიტყვი რომ იღბლიანი ვარ. ჩამოვედი ნახევარკუნძულზე, სადაც ერთი ნაცნობის ნომერიც კი არ მქონდა და არცერთი ახალი ამბავი არ გამომპარვია. შემთხვევით ვიპოვე მძღოლი, რომელიც ყოფილი სამხედროა და მისი წარსული გამოცდილება და სამხედრო ობიექტების ცოდნა მეხმარება.  გამიმართლა კოლეგებში, რომლებიც  მიფრთხილდებიან და ჩემზე ზრუნავენ - რადგან  ერთადერთი გოგო ვარ. და აღარაფერს ვიტყვი ქმარ-ოპერატორზე, რომელიც ხელს მიწყობს, გავუძლო ყველაფერს,  ჩემი საქმიანობის ჯერ-ჯერობით ყველაზე ხანგრძლივ "პაეზდკაში" . 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test