შემოგვიერთდი

კიდევ ერთი შანსი პოლიტიკოსებისთვის, შანსი საზოგადოებისთვის

08.04.2014 15:35

ამას წინათ, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კონკურსი გამოცხადდა და ყველაზე „იღბლიანი“ 27 კანდიდატის სია პარლამენტართა სამსჯავროზე გაიტანეს, ჩემმა ერთმა მეგობარმა ჟურნალისტმა, ნახევრად ხუმრობით შენიშნა: ახლა ისე, როგორც არასდროს, პოლიტიკოსებს შესაძლებლობა აქვთ, საზოგადოებას თავისუფალი მედიის და ზოგადად დემოკრატიის მიმართ ერთგულება დაუმტკიცონო.

„მისცენ საზოგადოებას ტელევიზია, რომელიც საზოგადოების არასოდეს ყოფილა“, - მითხრა მან, რომელიც, არ დაგიმალავთ, ახლო მეგობრობის გამო, ჩემს კანდიდატურას უფრო სუბიექტურად აფასებდა და, ალბათ, ამიტომაც მგულშემატკივრობდა.

მართლაც, 2004 წლის დეკემბერში, ყველასათვის თავმობეზრებული კორუფციის და დეგრადირებული ხელისუფლების წინააღმდეგ გალაშქრებული ხალხის მხარდაჭერით სახელმწიფოს მმართველობაში მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ, ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ სახელმწიფო ტელერადიოკომპანია საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნა, 2004 წლის დეკემბერში პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე. კანონპროექტის პრეამბულაში დაახლოებით ასეთ რამ ეწერა: პოლიტიკურ მარწუხებში მოქცეული ტელევიზია, მისი ხელისუფლების იურიდიულ ქოლგის ყოფნა, ეწინააღმდეგება დემოკრატიის და მედიის თავისუფლების პრინციპებს.

მიღებული კანონის საფუძველზე შეიცვალა მმართველობის სტრუქტურა,  მენეჯმენტი, იურიდიული ფორმა, მაგრამ არ განხორციელდა მთავარი - ტელევიზია ისევ პოლიტიკოსების ხელში დარჩა. ამიტომაც იყო, რომ სამოქალაქო სექტორი საზოგადოების მიღმა მყოფი საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის გამო ჩიოდა და რიგითი  მაყურებლის გულგრილობის ფონზე, მაუწყებლის  „გაკეთილშობილებას “ ითხოვდა. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტიც შეიმუშავეს და ახალ პარლამენტსაც გაატანინეს. მაგრამ რად გინდა?! წინა კონკურსის შედეგებმა გვიჩვენა, რომ პოლიტიკოსები ვერ ელევიან საზოგადოების კუთვნილ ტელევიზიას, არ ემეტებათ მისთვის. საკონკურსო კომისიის მიერ შეთავაზებულ სიაში, პარლამენტარებმა, თურმე, ნუ იტყვით, ცნობადი სახელები ვერ ამოიკითხეს. ამ უსუსური არგუმენტებით ქვეყნის რჩეულები პირადი, თუ პარტიკულარული ინტერესების მიჩქმალვას ცდილობდნენ.

დღეს,  ხვალ, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საკონკურსო კომისიის მიერ კიდევ ერთხელ შერჩეულ კანდიდატებზე იმსჯელებს. პარლამენტს კიდევ ერთხელ ეძლევა შანსი, საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებას გადასცეს. არ იზამენ? მაშინ, ნურც სიტყვის თავისუფლებაზე ამოიღებენ ხმას!  

„ორმაგი სტანტარტი“, ორმაგი მიდგომა, მრავალმაგი პრობლემის სათავეა.

 

დავით მჭედლიძე

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test