შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

მანჩო გიორგობიანის კრიტიკის კრიტიკა

17.04.2014 11:41

ბოლო რამდენიმე დღეა, სრულიად ქართული ინტერნეტ-სივრცე მანჩო გიორგობიანმა დაიპყრო. რომ არა ცხრა აპრილს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატთან მომხდარი ინცინდენტი, ალბათ, არაფერი გვეცოდინებოდა ქალის შესახებ, რომელიც ყველას იცნობს, ყველას კარის მეზობელია და, აბსოლუტურად, ყველამ, გიგა ბოკერიათი დაწყებული და ოპერატორ დათუნათი დამთავრებული იცის, როგორი გიჟი, გადარეული და პირდაპირია.

საქმე პრესკონფერენციას ეხება, რომელიც, ალბათ, ყველამ ნახა. ბევრს გაეცინა, ბევრს - არა. ბევრი გაბრაზდა, ბევრმა გაატარა და ა.შ. ამ ეტაპზე ვიდეოს სრული ვერსია აღებულია, თუმცა ნაწყვეტები ინტერნეტში კვლავ დევს. სავარაუდოდ, მიზეზი მანჩოს მეორე პრესკონფერენცია გახდა, რომლის დაწყებამდეც ჟურნალისტებისათვის შენიშვნები არ დაუშურებია.

შეიძლება ჟურნალისტებივით განათლების, აღზრდისა და შეგნების არა, მაგრამ ზედმეტი გულღიაობის თუ ფამილარობის (სიღრმეებში აღარ ჩავალ, პოლიტკორექტული რომ ვიყო) ბრალი იყოს, როცა კამერებისა და ორჯერ მეტი ჟურნალისტის თვალწინ ისე ლაპარაკობ, თითქოს „პადრუგებში“ იჯდე. ზოგიერთმა აღზრდასა და განათლებას მოკლებულმა კი, შეიძლება, აქეთ დაგაბრალოს უზრდელობა და ის, რომ ხალხში მოქცევა არ იცი. ინტერნეტ სივრცეზე მომუშავე მედიისათვის კი მანჩო გიორგობიანისნაირი რესპონდენტები მშვენიერი საკბილოები არიან. თუმცა ახლა, როცა საკუთარი გამოსვლის შედეგებზე დაუფიქრებლობის გამო, გარკვეული უსიამოვნებები შეგხვდა, ყველაფრის მედიისათვის დაბრალება, მინიმუმ, უსინდისობაა. რაც შეეხება არგუმენტს, ვიდეოს გავრცელებაზე პრეტენზია არ მქონდა, ოღონდ სხვა სათაური შეგერჩიათო, ესეც მიუღებელია - ამ გამოსვლის შემდეგ ხომ გაუნათლებელი და აღუზრდელი ჟურნალისტები უცებ ხვდებიან, სინამდვილეში ვიდეოს გაქრობა რომ გსურს.

 იშვიათია ადამიანი, ვისაც ჟურნალისტისათვის შენიშვნის მიცემა უჭირს. ამ სფეროში ხომ ყველა ჭიპმოჭრილი ექსპერტია. ჩვენც მიჩვეულები ვართ (მით უმეტეს, შენიშვნათა უმეტესობა ხშირად სწორიცაა). გამონაკლისი არც მანჩო გიორგობიანი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ განაცხადა, სახალხოდ თქვენი დამოძღვრა არ მინდა, რა კრეტინიზმია, ისე დაგელაპარაკებით და გასწავლით, როგორ მოიქცეთო, თავი ვერ შეიკავა და მაინც მოგვიწოდა, ინტრიგნობა და შანტაჟი არ ვარგა და ცოტა ტვინი უნდა დააყოლოთ, რასაც აკეთებთო, ჟურნალისტიკა ამხელა ხელოვნებაა და ფარული კამერის დონემდე ნუ დაიყვანთ, ცოტა თქვენც გაიზარდეთ, სირცხვილია, დედა მომიკვდესო, აი, რომ გიყურებთ, „პროსტა“,მართლა მეცოდებითო.

არადა, როცა ტვინის დაყოლებაზე ვსაუბრობთ, ალბათ, უპრიანია, საკუთარ საქციელსაც დავაყოლოთ ნაცრისფერი უჯრედების ნაწილი და, სხვა თუ არაფერი, მეტი ვიფიქროთ შედეგებსა და ნიუ-იორკიდან გზაში მყოფ, 19 წლის შვილზე,  რომელმაც, შესაძლოა, ის აღუზრდელი ოპერატორი და მისი დამკვეთი მოძებნოს და ამბები დაატრიალოს...

ყველამ ვიცით, რომ ასეთი ადამიანების ვიდეოები რეიტინგებს ხსნის და მარკეტინგულად მომგებიანია. თუმცა, ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, არც ჟურნალისტების მხრიდანაა პატიოსანი საქციელი, როცა მათ პრესკონფერენციებზე მარგალიტების წამოსაღებად მიდიან. შესაძლოა, მანჩო გიორგობიანების მხრიდან არც კრიტიკა, ლანძღვა და გინება აღვიქვათ სერიოზულად, თუმცა, ამავე ლოგიკით, არც მათი ყოველდღე გაშუქება უნდა მივიჩნიოთ მნიშვნელოვნად. ასეთი ადამიანები პოპულარულები არ უნდა გავხადოთ, მით უმეტეს, თავად ამბობენ, რომ ტელევიზიაში მუშაობას, დაარსების დღიდან ეხვეწებიან, ესენი კი უარს აცხადებენ („სად შეუძლიათ ახლა ტელევიზია“), თანაც, საკუთარი პოპულარულობა, „ვიშე კრიშე“ ჰყოფნით.  

P.S. კი, ქალბატონო მანანა, მე ერთ-ერთი უზნეო, აღუზრდელი, გაუზრდელი და ინტრიგანი ჟურნალისტი ვარ. ისე, თქვენი აღზრდის გაკვეთილები, ექსპერიმენტის თვალსაზრისით, უინტერესო სულაც არ იქნებოდა. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test