შემოგვიერთდი

ფეისბუქში ჩაკარგულები

13.01.2010 16:59

რამდენიმე დღის წინ  გავწევრიანდი ფეისბუქზე გახსნილ ახალ ჯგუფში,  დამაინტრიგებელი  სახელწოდებით - "ვინც ბოზებში არ ხართ ნამყოფი". რამდენიმე საათში ჯგუფის წევრთა რაოდენობამ 100-ს მიაღწია.  ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მეცნიერები...  ყველას სპეციალობა ნამდვილად არ ვიცი და არც ის ვიცი, მართლა არიან თუ არა ისინი ბოზებში ნამყოფი. მგონი, ეს დიდად არც ბლოგის მკითხველს აინტერესებს.  ამ ამბავში მთავარი ის არის, რომ  შეგიძლია ნებისმიერ ადამიანთან ნებისმიერ დროს ისაუბრო როგორც სერიოზულ, ისე ნაკლებად სერიოზულ თემებზე.

ასეთი სადისკუსიო თემები და ჯგუფები ფეისბუქზე მრავლადაა გახსნილი: "პროფილში ტაშისმკვრელთა საზოგადოება", "ნაფტა პრეზიდენტად", "გრანდიოზა" თბილისის მერად", "ძუძუს ფანკლუბი", ვანო მერაბიშვილის, პატრიარქის, გურამ დოჩანაშვილის ფანკლუბები და ა.შ.

ალბათ, ზოგიერთს ეგონა, რომ ვანო მერაბიშვილის ფანკლუბის წევრობა როგორც მინიმუმ შსს-სთან თანამშრომლობას ნიშნავდა. შეიძლება ახლაც ასე ჰგონია, არ ვიცი.

უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში ფეისბუქის ბუმია. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: alexa.com-ის მონაცემებით, საქართველოში ფეისბუქი პოპულარობით მეოთხე ადგილზეა.  როგორც ჩანს,  სხვადასხვა   კომპანიები თუ მედიასაშუალებები მიხვდნენ, რომ ეს სოციალური ქსელი პრომოუშენისთვის  ეფექტური  ინსტრუმენტია. ფეისბუქზე საკუთარი გვერდი ერთმანეთის მიყოლებით გახსნეს ქართულმა ჟურნალ-გაზეთებმა: "რეზონანსი", "ლიბერალი", ცხელი შოკოლადი", "ბათუმელები", "ბანკები და ფინანსები", "24 საათი", რადიო "ჰერეთი". მათ კვალს ბევრი ვებგამოცემა მიჰყვა (ან პირიქით), მათ შორის, Media.Ge-ც.

ფეისბუქომანიამ, ყველაზე ბოლოს, ტელეკომპანიები შეიპყრო: "რუსთავი 2", "იმედი", "1 არხი", ასევე ცალკეული გადაცემები: "დილა მშვიდობისა საქართველო", "ჩვენი დილა", "ბიზნესკურიერი", "ნანუკას შოუ" და ა.შ.  აქ ჩამოთვლილი მედიასაშუალებებიდან ზოგი მართლა მიზნობრივად იყენებს სოციალურ ქსელს. ეკონტაქტებიან მომხმარებელს, აწვდიან საკუთარ პროდუქციას, ავრცელებენ სტატიებს და ა.შ. ზოგი კი, ეტყობა,  დარეგისტრირების შემდეგ საერთოდ არ შესულა თავის ანგარიშზე,  ან, უბრალოდ,  არ იცის როგორ გამოიყენოს, ან კიდევ ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. შეიძლება,  სულაც,  რესურსები არ ჰყოფნის. თუმცა, ხომ გაგიგიათ: მთავარია სურვილი იყოს, დანარჩენს მოევლება.

აი, ზოგიერთი ორგანიზაცია კი მართლაც აბეზარივით იქცევა. გაიგეს, ფეისბუქით თურმე სულ ადვილია რეკლამირებაო, ჰოდა დაიწყეს: ასობით უაზრო, მომაბეზრებელ ინფორმაციას ავრცელებენ ყოველდღიურად. მათ, ამ შემთხვევაში, ყველაზე მთავარი ავიწყდებათ: ზომიერების გრძნობა. კიდევ  ავიწყდებათ, რომ ფანკლუბიდან გამოსვლა ისევე მარტივია, როგორც გაწევრიანება. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ კარგად ვერ გაუგიათ, რაშია სოციალური ქსელის  ხიბლი და როგორ   დატკბნენ მისი სიამეებით.

დამოუკიდებლად გზის გაგნებას სოციალურ ქსელებში  სულ რამდენიმე წიგნის მაღაზია, თეატრი და გასართობი ცენტრი ახერხებს.  მგონი, უკმაყოფილო არცერთი მათგანი არაა, კმაყოფილია მომხმარებელიც. პირადად მე თუმანიშვილის თეატრი ყოველ კვირას მიგზავნის შემდეგი კვირის აფიშას. ხომ მაგარია? აბა რა!

ფეისბუქზე საუბრისას როგორ არ ვახსენო ლევან რამიშვილ და თეა თუთბერიძე? უნდა გაგიმხილოთ, რომ  ამ ადამიანებს ფეისბუქში ისეთივე გავლენა აქვთ როგორც მე, შენ, პეტრეს, პავლეს და ნებისმიერ ფეისბუქელს. შეიძლება შენმა პატარა ჩანაწერმა გაცილებით მნიშვნელოვანი დისკუსია გამოიწვიოს, ვიდრე თუთბერიძის "პოსტმა". განსხვავება ისაა, რომ რამიშვილთან და თუთბერიძესთან  დისკუსიის დროს ზოგიერთის ორგანიზმი ადრენალინით  იჟღინთება.

რაც მართალია, მართალია. ფეისბუქი ნამდვილი სამოთხეა. აქ ფუნდამენტალისტი მართლმადიდებელი და ათეისტი ერთად ძოვს, ისევე როგორც ბოლშევიკი და მენშევიკი,   "ნაციონალი" და მისი მოძულე, ჟურნალისტი და არაჟურნალისტი, სტუდენტი და ლექტორი, კახა კუკავა და კახა ბენდუქიძე...  ცოტა ხანში აღმოაჩენ, რომ მათ საერთო გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე პოლიტიკური, რელიგიური და სხვა შეხედულებებია.  ზოგს ერთნაირი მუსიკა მოსწონს, ზოგს ერთი და იგივე ფილმი, ზოგსაც ერთი ქალი.... მოკლედ, ნამდვილი ცხოვრებაა, რაა!

რამდენიმე კვირის წინ ფეისბუქზე გაზეთ "ბათუმელების" მხარდამჭერი აქციის ჩატარების იდეა გაჩნდა. მახსოვს, კინოთეატრ "ამირანთან" ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა: რედაქტორები, ჟურნალისტები, კინომცოდნეები, პოლიტიკოსები. მათი უმრავლესობა იმ დღეს პირადად პირველად ვნახე, თუმცა ყველა ჩემი ფეისბუქელი მეგობარი იყო. აი, ისეთი მეგობარი, ყოველ საღამოს, ძილის წინ,  რომელიღაც  მუსიკას რომ მოასმენინებ, ან რაიმე კარგ წიგნს ან სტატიას შემოგთავაზებს წასაკითხად...

ახლა, დარწმუნებული ვარ, გამოხტება ზოგიერთი პროვოკატორი და დაიწყებს ფეისბუქის ათასი უარყოფითი თვისების ჩამოთვლას, ზოგი გადაჭარბებას დამდებს ბრალად... მოკლედ, გელოდებით :)

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test