შემოგვიერთდი

ვის და რისთვის სჭირდება „რეალ ტვ"?

25.01.2010 18:48

რამდენიმე დღის განმავლობაში "რეალ ტვ-ის" ვიდეოარქივში ვიქექებოდი, თითქმის ყველა სიუჟეტი და გადაცემა ვნახე. არა, მაზოხისტი არ გეგონოთ, უბრალოდ ეს ჩემი სამსახურებრივი მოვალეობაა, რომლის შესრულებასაც საკუთარ თავს ცოტათი ვაძალებ.

ვიდეოარქივით კი  "რეალ ტვ-ის"-ეთერში   გასული მორიგი   ამაზრზენი სიუჟეტის გამო დავინტერესდი, თუმცა ამაზე  ქვემოთ. ახლა კი, ორიოდ სიტყვით  იმ მწირ ინფორმაციას მოგახსენებთ, რაც ამჟამად გამაჩნია  "რეალ ტვ-ისთან" დაკავშირებით. ეს ტელეკომპანია გასული წლის შემოდგომაზე გაიხსნა.  მისი 100%-იანი წილის ოფიციალური მფლობელი ვინმე ია პაიჭაძეა. "რეალტ ტვ"-ის ოფისი ორთაჭალაში, ფეშენებელურ, მაღალი ღობით გარშემორტყმულ,  შენობაში მდებარეობს და იქ უცხო პირისთვის შესვლა თითქმის წარმოუდგენელია.

ერთხელ, კოლეგებთან ერთად დმანისში წავედი მუზეუმის გახსნის გასაშუქებლად. იქ "რეალ ტვ-ის" ჟურნალისტი გავიცანი, საკმაოდ სიმპათიური ახალგაზრდა ქალბატონი.  ტელეკომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებით   ათასი მითქმა-მოთქმის გამო აღძრული  ეჭვები რომ გამეფანტა, ჟურნალისტს  პირდაპირ ვკითხე, ვინ არის მეპატრონე-მეთქი. "მე ვარ, მე! რა იყო, არ მეტყობა?"- გადაიკისკისა ახალგაზრდა ქალბატონმა. ასეთმა პასუხმა  ეჭვები კიდევ უფრო  გამიმძაფრა.

პრესაში  ბევრჯერ გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს ტელეკომპანია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააფუძნა და   მისი შეფი ამავე სამინისტროს თანამშრომელი და ყოფილი ჟურნალისტი გურამ დონაძეაო.  რა თქმა უნდა, ეს მოსაზრებები  დოკუმენტებით არ იყო გამყარებული.

მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ტელეკომპანიის მფლობელი, ერთი რამ უდავოა, "რეალ-ტვ"-ის ჟურნალისტიკასთან საერთო არაფერი აქვს. მიმოვიხილოთ მათ მიერ მომზადებული რამდენიმე "შედევრი".

"რეალ ტვ"  ამზადებს გადაცემას "რეალ ტაიმი".  დღემდე 53 გამოშვება გავიდა , აქედან მხოლოდ 9,  არაპოლიტიკურ თემებს მიეძღვნა, დანარჩენი 44  - ქართულ ოპოზიციას. ყველა გადაცემაში ოპოზიციას ლანძღავენ და ათახსირებენ,  ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.

"რეალ ტაიმის"   მარტივი სცენარში  დიდ, ყვითელ სტენდს, რომელზეც ოპოზიციონერი ლიდერების ფოტოებია გაკრული,  განსაკუთრებული ფუნქცია აქვს მინიჭებული. სტენდს დედაქალაქის ქუჩებში დგამენ და ხალხს სთხოვენ, ერთი სიტყვით შეაფასონ ფოტოებზე გამოსახული პოლიტიკოსები. სატელევიზიო კამერა ამ ყველაფერს ფარულად  იღებს. რატომღაც, სიუჟეტის ბოლოს, სულ უარყოფითი შეფასებები გროვდება, არცერთი დადებითი. თან, ამ პროცესს ისე შორიდან იღებენ, რომ რესპოდენტის დადგენა შეუძლებელია, ვერ გაიგებ, მართლა რიგითი თბილისელი პასუხობს, თუ ვინმე სხვა.

გთავაზობთ ოპოზიციონერთა რამდენიმე შეფასებას, რომელიც კადრს მიღმა ისმის: ნასედკების მეგობარი, მაძღრები, გაუმაძღრები, ვაი ამის პატრონს, აფერისტი, ძუნწი, მერყევი, უპრინციპო, მატყუარა, აგენტი, შემოგზავნილი, მხედრიონელი, ფულის მონა, პრეზიდენტს უღალატა... - თქვენ გაიხარეთ, ყველაფერი გასაგებია!

ახლა, "რეალ ტვ-ის" კიდევ ერთი  "მარგალიტზე" გიამბობთ. "რეალ ტაიმის" ერთ-ერთ სიუჟეტს "ცხოველური პოლიტიკა ჰქვია". ცნობილი ყვითელი სტენდი ამჯერად ზოოპარკში, ვოლიერების გასწვრივ დგას. ზედ კვლავ ოპოზიციონერთა ფოტოებია გაკრული. გამჭრიახი ჟურნალისტი ამჯერად პარალელებს პოლიტიკოსებსა და ცხოველებს შორის ავლებს.  ამაში  მას ზოოპარკის დირექტორი ეხმარება. შეფასებები: "ვინც პრეზიდენტს უღალატა ყველა ცხოველია, ნათელაშვილი-ტურა, გამყრელიძე-მაჩვი, ლევან გაჩეჩილაძე-მაიმუნი, ბურჯანაძე-ქათამი, ღორი, კახა კუკავა-მაიმუნი, ბესელია არის გველი, ალასანია-კაგებეშნიკი, მონსტრი.

ზოოპარკის დირექტორი ადამიანების ცხოველებთან შედარებას ქართული მულტფილმების გავლენით ხსნის. ჟურნალისტი კი თავის მხრივ მაყურებელს განუმარტავს, რომ "პოლიტიკოსებს შედარებული მელა, მაიმუნი და თხუნელა მულტიპლიკაციურ ფილმებშიც ზუსტად იმ თვისებებით ხასიათდებიან,  რითაც სინამდვილეში არიან ცნობილი. სწორედ ამ თვისებებისა და განვლილი პოლიტიკური ცხოვრების გამო მოხვდნენ ქართველი ოპოზიციონერები ცხოველებს შედარებულთა სიაში."

სტენდთან ატუზულმა ერთმა კაცმა ფილოსოფიურად მიუგო ჟურნალისტს:  "ჯერ ცხოველი იყო და მერე ადამიანი, ამიტომ ადამიანი უფრო ჰგავს ცხოველს". ესე იგი, ამ  ლოგიკით....ჟურნალისტი, ზოოპარკის დირექტორი, პრეზიდენტი და მთავრობის სხვა წევრებიც,  რადგან  ადამიანები არიან,   ისინიც ჰგვანან ცხოველებს.

-მაგრამ რომელ ცხოველებს? შეიძლება ზოოპარკის დირექტორს თავისი ვარაუდები გააჩნია, მაგრამ არა მგონია, მან ეს პირდაპირ ეთერში განაცხადოს. ან ვინ მივა მასთან ამ კითხვით? "რეალ ტვ-ის" ჟურნალისტი? სისულელეა!

სანამ "რეალ ტვ" ამ ამაზრზენ სიუჟეტს გააკეთებდა, რამდენიმე თვით ადრე ოპოზიციონერმა აქტივისტებმა პრეზიდენტს კურდღელი უწოდეს და ეს პატარა ცხოველი მას რეზიდენციაშიც მიართვეს.  რამდენიმე დღის განმავლობაში  მთავრობის მიმართ  კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი შეფასებები ისმოდა ტელეკომპანია "მაესტროს"  ეთერით, თუმცა,  "მაესტროს" მაშინდელ  მუშაობას და "რეალ ტვ"-ის დღევანდელ გადაცემებს შორის მაინც არის პრინციპული განსხვავება.  2009 წლის გაზაფხულზე, საპროტესტო აქციების დროს,  ხელისუფლების მისამართით შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისა და ქმედებების ავტორები პოლიტიკოსები  და აჟიტირებული აქტივისტები იყვნენ. მათ შორის იყო მომღერალი, გადაცემა "საკანი #5-ის"  წამყვანი გია გაჩეჩილაძე. მაშინ არც ერთ ჟურნალისტს, არც ერთ ოპოზიციურად განწყობილ საინფორმაციო გამოშვებას პოლიტიკოსებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

"რეალ ტვ"  კი, ჟურნალისტური ეთიკა იქით იყოს, ელემენტარულ მორალსაც კი ფეხქვეშ თელავს. მისი საინფორმაციო პოლიტიკის მთავარი სამიზნე, რაღა თქმა უნდა, ოპოზიცია და მისი ლიდერები არიან. ტელევიზია განსაკუთრებით არ სწყალობს  იმ ოპოზიციონერებს, რომლებმაც "პრეზიდენტს უღალატეს".  ტელევიზიამ "შავი სიის" სათავეში ირაკლი ალასანია მოაქცია. ღმერთმა უწყის,  ვისი ტელეარხი,  მასზე სიუჟეტებს  ხშირად ამზადებს და დამამცირებელ ეპითეტებსა და სალანძღავ სიტყვებს არ იშურებს. ტელეკომპანიის არქივში კიდევ ერთ  "შედევრს" წავაწყდი.

ტელეწამყვანი მაყურებელს ამცნობს, რომ ინტერვიუს იღებს თბილისის მერობის კანდიდატ ირაკლი ალასანიასგან. ყურადღებით მოვემზადე, მაგრამ  რას ვხედავ? ჟურნალისტის მოპირდაპირე მხარეს, სავარძელში კაცის ფიტულია მისვენებული, რომელსაც სახეზე ალასანიას სურათი აქვს აკრული. ჟურნალისტი მთელი სერიოზულობით  უსვამს კითხვებს ფიტულს, კითხვებს შორის კი რამდენიმეწამიან პაუზას აკეთებს.

ასეთი რამ არსად არ მინახავს, არც ერთ კომედიურ თუ მძაფრსიუჟეტიან ფილმში. მე დღემდე ვერ ვხვდები,  ვის სჭირდება ასეთი გადაცემების კეთება, ასეთი ტელეკომპანიის დაფინანსება, ლანძღვა-გინება, დაცინვა. მაშინ, როცა ყველა ნაციონალური მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას ხელისუფლება აკონტროლებს, რატომ გახდა "რეალ ტვ-ის" შექმნა აქტუალური? "მაესტროს" საპირწონედ? არა, "მაესტროს" ამას   მცირედითაც კი ვერ შევადარებ.  მე ვერ ვხვდები, იქნებ, თქვენ მითხრათ?

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test