შემოგვიერთდი

ევროპის დიგიტალური ჟურნალისტიკის კვლევა 2009

01.02.2010 13:10

ბოლო ორი წელიწადია, Oriella PR Network-ი მთელი ევროპის მასშტაბით ატარებს ჟურნალისტთა გამოკითხვას იმის გასარკვევად, თუ რა გავლენას ახდენს ინტერნეტი და დიდსიჩქარიანი (Broadband) ქსელები თანამედროვე ჟურნალისტიკაზე.

2009 წლის ივნისში და ივლისში გამოკითხეს 350 ჟურნალისტი ბელგიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან, ნიდერლანდებიდან და გაერთიანებული სამეფოდან.

ყველაზე დიდი და უარყოფითი გავლენა ჟურნალისტიკაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, ეკონომიკურმა კრიზისმა იქონია. გაჩნდა მოლოდინი, რომ წარმოების სფერო, ისევე როგორც ეკონომიკური და ფინანსური ბიზნესი, სამომავლოდ ვეღარ იარსებებს და იმოქმედებს კრიზისამდელი ფორმით. მედია-საშუალებების უმეტესობა ეყრდნობა სარეკლამო გაყიდვებს, რამაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 10%-ზე მეტით დაიკლო.

გამოკითხული ჟურნალისტების მესამედმა გამოთქვა შიში, რომ მათ დამსაქმებელ ტრადიციულ მედია-საშუალებებს (ბეჭდური გამოცემა, რადიო ან ტელევიზია) ემუქრებათ ბაზრიდან გაქრობა. ნიშანდობლივია, რომ გამოკითხულთა ერთმა მეხუთედმა დაადასტურა, რომ მათი მედია-საშუალებები უკვე დაიხურა. სხვადასხვა მედია-საშუალებების დახურვის ყველაზე დიდი მოლოდინი გაერთიანებულ სამეფოშია - 75%, ხოლო ყველაზე ნაკლები კი - ბელგიასა და ნიდერლანდებში (25%).

თუმცა არსებობს ასევე კარგი ამბავიც: ინტერნეტი უკვე დახურულ ტრადიციულ მედია-საშუალებებს ონლაინ-პლატფორმებზე გადასვლის და ამ ფორმით არსებობის შესაძლებლობას აძლევს. გამოკითხულთა 10%-მა აღიარა, რომ მათი მედია-ინსტრუმენტები უკვე სრულად გადაერთო ინტერნეტ-პუბლიკაციებზე ან ინტერნეტ-მაუწყებლობაზე. მათ ასევე გამოთქვეს მოსაზრება, რომ ინტერნეტ-რეკლამების მზარდი მოცულობა სრულად ფარავს ონლაინ-მედიის მუშაობისათვის საჭირო არც თუ ისე დიდ ხარჯებს. ასე რომ, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია სხვა ტრადიციული მედია-საშუალებების ინტერნეტზე "გადართვაც".

გამოკითხულთა 60%-მა გამოთქვა მოსაზრება, რომ უახლოეს მომავალში ბეჭდური მედიის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდება. გამოკითხული გერმანელი, შვედი და ბრიტანელი ჟურნალისტების ორი მესამედი სულაც ვარაუდობს, რომ მრავალი ბეჭდური მედია-საშუალება შეწყვეტს არსებობას. ამავე დროს, ჟურნალისტებს 53%-ს მიაჩნიათ, რომ ინტერნეტ-მედია ჯერჯერობით არ არის მოგების მომტანი საქმიანობა, რადგან მისი ფუნქციონირების ბიზნეს-მოდელი ჯერ კარგად არ არის განვითარებული.

საგულისხმოა, რომ გამოკითხვამ დამაიმედებელი პროგნოზიც გვიჩვენა. გამოკითხულთა 50% მეტი იმედოვნებს, რომ ახალი მედიის განვითარება ახალ მომხმარებლებსა და ახალ ბაზრებს შექმნის, რაც ჟურნალისტებისთვის არანაკლებ საინტერესო და სასარგებლო იქნება მომავალში.

ახალი ერა და ახალი ტექნოლოგიები

გასული წლის კვლევამ ცხადყო, რომ ჟურნალისტები იძულებულნი ხდებიან, მოერგონ ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, ამიტომ ისინი ცდილობენ პროფესიულ საქმიანობაში გამოიყენონ ბლოგები, პოდკასტები და სხვა სერვისები.

2009 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფენომენი ამ სფეროში აღმოჩნდა Twitter-ი (მიკრობლოგი სოციალური ქსელის ელემენტებით). ევროპული მედია-გამოცემების მესამედზე მეტს უკვე აქვს ტვიტერის არხი, სადაც ხდება ყველა გამოქვეყნებული სტატიის ტრანსლირება.

ასევე ჟურნალისტებმა დაადასტურეს, რომ მათ მიერ დაწერილი სტატიების 25% ონლაინ რეჟიმში ვრცელდება, ვინაიდან მკითხველთა მეოთხედზე მეტი ახალ ამბებს მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში ეცნობა.

ჟურნალისტიკაში გამოჩნდა ასევე ახალი ტენდენცია - უფრო და უფრო მეტი ჟურნალისტი აქცევს ყურადღებას და იყენებს საკუთარ საქმიანობაში ე.წ. user-generated content-ს (UGC - რიგით მომხმარებელთა მიერ ფორუმებზე, ბლოგებსა და სოციალურ ქსელებში ატვირთული ნებისმიერი სახის ფოტო, აუდიო, ვიდეო ან ტესტური მასალა). უფრო და უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ასევე კომენტირების სისტემებს - დამკვიდრებული ტრადიციის საწინააღმდეგოდ, მომხმარებლებს სულ უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევათ, დატოვონ კომენტარი ახალი ამბების ვებსაიტებზე, გააკრიტიკონ ან მოიწონონ ჟურნალისტის ნამუშევარი. ეს რედაქტორებს და ჟურნალისტებს ეხმარება პოტენციური მომხმარებლების მოთხოვნილებების და ინტერესების გაგებაში, ასევე ჟურნალისტის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებასა და სამომავლოდ მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებაში..

მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ეკონომიკური კრიზისი ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გავლენის მქონე აღმოჩნდა ჟურნალისტიკასა და ახალი ამბების სფეროზე, ჟურნალისტები მაინც ამბობენ, რომ კმაყოფილნი არიან თავიანთი პროფესიით. მათი აზრით, ახალი მედიის დღევანდელი ინსტრუმენტების მეშვეობით ჟურნალისტიკა კიდევ უფრო გაუმჯობესდა და ამაღლდა პროფესიონალიზმის ხარისხი.

გამოკითხვის სრული შედეგები იხილეთ შემდეგ მისამართზე: www.europeandigitaljournalism.com

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test