შემოგვიერთდი

საბრალდებო დასკვნა შსს-ს ეთერში

11.02.2010 19:12

რა ვქნა, მეგობრებო? "რეალ ტვ" თავს არ მანებებს და კვლავ  წერის "იშტაზე" მოვყავარ. იკითხავთ, ამჯერად ისეთი რა გაუშვა, რაც აქამდე არ გაუშვიაო. გაუშვა, თანაც... როგორც ჩემმა  კოლეგამ ირონიულად შენიშნა: "სულ წითლად და სულ ბოლშევიკურ ფერებში."

ჩვენს კოლეგაზე, ვახტანგ კომახიძეზე გასულ სიუჟეტზე მოგახსენებთ.

უკვე მთელმა ქვეყანამ გაიგო, რომ ქართველმა ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ შვეიცარიის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ქართველი ჟურნალისტი ახლა თავს  დასავლეთ შვეიცარიაში მდებარე ერთ-ერთ ლტოლვილთა ბანაკს აფარებს. ვახტანგ კომახიძე გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელიც წლების წინ მუშაობდა გადაცემაში "60 წუთი", ახლა კი დამოუკიდებელ საგამოძიებო სტუდია "რეპორტიორის" ხელმძღვანელია.

"ეს უმძიმესი გადაწყვეტილება განპირობებულია ხელისუფლებისგან გამოვლენილი პირდაპირი, აგრესიული მუქარით, რომლის მიხედვითაც არაორაზროვნად მიმანიშნეს, რომ ჩემი საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში ჩემი ან ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლე დადგებოდა საფრთხის ქვეშ", -წერს ვახტანგ კომახიძე შვეიცარიიდან გამოგზავნილ მიმართვაში.

მე ამ ამბავზე იმდენი ვიცი, რამდენიც თქვენ: ვიცი, რომ ამ ჟურნალისტმა აგვისტოს ომზე რამდენიმე თვის წინ დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყო, იმყოფებოდა ცხინვალში, შეხვდა ცხინვალის ხელისუფლებას. როგორც თვითონ ამტკიცებს, იქ მოაგროვა ხელისუფლებისთვის უსიამოვნო  ინფორმაცია და ამან   მის სიცოცხლეს და ოჯახს საფრთხე შეუქმნა. ჟურნალისტმა მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი. მოკლედ, ეს ყველამ ვიცით.

ამ ბლოგში ნამდვილად არ ვაპირებ გამოვარკვიო, კომახიძე იტყუება თუ სიმართლეს ამბობს, ან მართლა ემუქრება თუ არა მის სიცოცხლეს საფრთხე. ეს ცალკე თემაა,  ყველა ჩვენთაგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი.

ამჯერად, იმას შევნიშნავ, რომ ინფორმაცია ის-ის იყო გავრცელდა,  კომახიძის წინააღმდეგ უმალ ამუშავდა პროპაგანისტული მანქანა, თითქოს, ჟურნალისტის განცხადების გამოქვეყნებას  ელოდნენ.  ნაციონალური   არხები იქით იყოს და,  "რეალტვ"-ის სიუჟეტების მნახვლეს კიდევ თუ რამე გამიკვირდებოდა,  ნამდვილად არ მეგონა.

10 თებერვალი, 2009 წელი, ტელეკომპანია "რეალ ტვ".  .

სიუჟეტის მიხედვით კომახიძე ერთი ავანტიურისტი და ბოროტმოქმედი ყოფილა. 16 წლისას (30 წლის წინ ) საპონი მოუპარია და ამისათვის გაუსამართლებიათ. შემდეგ ჟურნალისტის "მანტია"  მოურგია,    უშიშროებაშიც უმუშავია.    თურმე მრავალცოლიანობითაც ყოფილა "გატაცებული".  მის "ბალანსზევე ირიცხება" მიტოვებული ცოლები და უპატრონო ბავშვთა სახლებში ჩაბარებულ შვილთა ურიცხვი რაოდენობა.

"რეალ ტვ"  კომახიძეს ცოდვად უთვლის წლების წინ მომხდარ ფაქტს. მაშინ ჟურნალისტი ასლან აბაშიძის (აჭარის ყოფილი ლიდერი და ერთპიროვნული მმართველი, რომელიც ახლა მოსკოვში ცხოვრობს)  მომხრეებმა  სასტიკად სცემეს.

"თავისუფალი სიტყვისთვის მებრძოლ კომახიძეს იმ დროს პოლიტიკური თავშესაფარი არ მოუთხავია", ამას სიუჟეტის ავტორი ისეთი თავდაჯერებით და რიხით  ამბობს, რომ,  როგორც ზემოხსენებულმა  ჩემმა კოლეგამ აღნიშნა, "ყველაზე პირწავარდნილ საბჭოელ აგიტმუშაკსაც კი შეშურდებოდა."

ეს ავადსახსენებელი სიუჟეტი "თბილისის ფორუმიდან" ამოკრეფილი ფრაზებით მთავრდება. მათი  შინაარსი, რა თქმა უნდა, რელა ტვ-ის სიუჟეტთან უნისონშია.

ერთი სიტყვით, "რეალტვ-იმ" კომახიძეს განაჩენი გამოუტანა. ახლა ველოდები ჟურნალისტი როდის  ჩაბარდება  ამ, ასე ვთქვათ,  ტელეკომპანიას, როდის გამოიყვანს შვილებს ბავშვთა სახლიდან და როდის დაუბრუნებს პატრონს ნაქურდალ საპონს.

არ გეგონოთ რელატვ-ის ჟურნალისტური და ეთიკური სტანდარტების დარღვევას ვაბრალებდე. რას ამბობთ! ამას ვერ ვიკადრებ.  პროფესიული სტანდარტი იმას უნდა შეუფასო, ვინც ჟურნალისტურ პროდუქტს ქმნის. "რეალ-ტვ" კი  მსგავსს არაფერს აკეთებს. არადა, წინა წერილში კითხვა დავსვი: ვის სჭირდება ასეთი ტელევიზია და ასეთი გადაცემები-მეთქი. ერთმა კომენტატორმა პოსტი დაწერა, დაახლოებით, ამ შინაარსის: ბარემ თქვი ვისიც არისო. ჰოდა, ახლა ვიტყვი:  ეს არის შსს-ს თანამედროვე აუდიო-ვიდეო ტექნიკით აღჭურვილი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი  კანტორა, სადაც საბრალდებო დასკვნები სატელევიზიო სიუჟეტების სახით იწერება.

როგორც ჩემი უფროსი მეგობრები ამბობენ,  "რეალ-ტვ"   საბჭოთა ტელევიზიის  ზუსტი ასლია.

კარგია, რომ საბჭოთა პროპაგანდისტულ  მაუწყებლობას ჩემამდე არ მოუღწევია  და მისი  ავი ამბები მხოლოდ გადმოცემით ან ინტერნეტიდან ვიცი. მაგრამ  "რეალ-ტვ"-ს მომსწრე რომ  ვარ?!  ისღა დამრჩენია, ვისურვო, რომ  ეს ასლიც ისე გაქრება, როგორც მისი ორიგინალი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test