შემოგვიერთდი

ინტერნეტ ტელევიზიის ხიბლი

18.04.2010 19:12

16 აპრილს ვესწრებოდი კონფერენციას ინტერნეტ ტელევიზიის შესახებ. სპეციალურად ამ დღისთვის სინგაპურიდან ჩამოვიდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბლოგერი ვენდი ჩენგი და  clicknetwork.tv-ის ხელმძღვანელი ჯილიან ტენი. ღონისძიების მასპინძელი იყო Singular Group და პოპულარული ქართველი ბლოგერი მარიამ ტალახაძე, რომელმაც,  სინგაპურელ სტუმრებთან ერთად, ისაუბრა ვიდეობლოგინგსა და ინტერნეტ ტელევიზიაზე, მის თავისებურებებსა და  პერსპექტივებზე.   იგივე კონფერენცია ჩატარდება 29 აპრილს. მას, ამჯერად, ბრიტანელი სპეციალისტები და "ინტერნიუსი-საქართველოს" თანამშრომლები წაუძღვებიან. ჰო, კიდევ, ღონისძიება სასტუმრო "ძველ თბილისში" ჩატარდა. თუ ვინმეს გაგიჩნდებათ სურვილი, კონფერენციას 29 აპრილს მაინც დაესწროთ, შეგიძლიათ დარეგისტრიდეთ აქ. როგორც ვიცი, ადგილები შეზღუდულია, მაგრამ თქვენ მაინც სცადეთ. ჯილიან ტენმა ძირითადად ისაუბრა ონლაინ ტელევიზიის განვითარებაზე. მის მიერ გაკეთებული შედარებები ტრადიციულ ტელევიზიებსა და ინტერნეტმაუწყებლობას შორის, რა თქმა უნდა,  ყოველთვის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ წყდებოდა. ეს არც არის გასაკვირი: ეს ქალბატონი სინგაპურში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასართობი ინტერნეტმაუწყებლის, clicknetwork.tv-ის დამფუძნებელია.  ამ საიტს ყოველდღიურად  მილიონობით ადამიანი სტუმრობს,  შესაბამისად, დიდია რეკლამის დამკვეთთა რაოდენობა. გაინტერესებთ რას აკეთებენ clicknetwork.tv-ზე? განსაკუთრებულს არაფერს. ორი ვიდეო კამერით აღჭურვილი 5 ადამიანი იღებს სახალისო ვიდეოებს, ამონტაჟებს და აწვდის მაყურებელს. ჯილიან ტენი   clicknetwork.tv-ის (და ზოგადად ინტერნეტ მაუწყებლობის) წარმატებას შემდეგი ფაქტორებით ხსნის: ხელმისაწვდომია, მრავალფეროვანია, შესაძლებელია მისი განმეორებით ყურება, შეგიძლია შეარჩიო სასურველი პროგრამა, ნაკლებად არის გადატვირთული რეკლამებით, ინტერაქტიულია და ადვილად არის შესაძლებელი მიზნობრივი აუდიტორიის დადგენა.  ამ მახასიათებლების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ აქ შევჩერდები. და კიდევ,  ჯილიანმა ისიც თქვა,  სინგაპურში ინტერნეტი თითქმის ყველა ოჯახში არისო. აქვე  დასძინა, ჩვენთან ტელე და ბეჭდურ მედიას ხელისუფლება აკონტროლებს და ამიტომ  ხალხს ინტერნეტ ტელევიზიის ყურება ურჩევნიაო. საინფორმაციო ტიპის ინტერნეტ მაუწყებლებზეც ვკითხეთ.  ჯილიან ტენის თქმით,    როგორც წესი,  ამ ტიპის მაუწყებლებს გაცილებით ნაკლები მომხმარებელი ჰყავთ და  თუ ბიზნესის კეთება გინდა, ახალ ამბებს და პოლიტიკას არ უნდა შეეხოო. ამის გამგონეს, თავდაპირველი ჩემი  სურვილი - "დავეწიოთ და გავუსწროთ სინგაპურს" - სადღაც გაქრა. ჯილიანის შემდეგ ვენდი ჩენგმა ისაუბრა ძირითადად საკუთარ თავზე, იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწია წარმატებას და ა.შ.  მას ინტერნეტში სიაშუეს სახელით იცნობენ, რაც ქართულად თოვლს ნიშნავს.  მის ბლოგს xixue.blogspot.com-ს დღეში ასიათასამდე ადამიანი კითხულებს და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბლოგერია მსოფლიოში.  სიაშუე ძირითადად youtube-ს პოპულარულ ვიდეობეს გვაყურებინებდა. მერე რა, რომ აქამდეც ნანახი მქონდა, მაინც გავხალისდი.თუმცა, შეიძლებოდა მისი გამოსვლა უფრო საინტერესო ყოფილიყო. ვიდეო ბლოგინგზე ისაუბრა მარი ტალახაძემ (იგივე Sweety). გაგვაცნო საქართველოში ამ მხრივ არსებული რთული ვითარება. დასკვნა: ვიდეობლოგინგი საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს. ის-ის იყო, უნდა ავშლილიყავით, რომ საკონფერენციო დარბაზში "იმედის" ჟურნალისტი შემოვიდა. ძალიან გვთხოვა ცოტაც მოგვეცადა და ოპერატორისთვის კადრების გადაღება გვეცლია. ჩვენც შესაშური მოქალაქეობრივი მხარდაჭერა გამოვუცხადეთ და რამდენიმე წუთის განმავლობაში, საქმიანი გამომეტყველებით, გარინდული ვუცქერდით "იმედის" კამერას. ვჭამეთ, ვსვით, ფოტოები გადავიღეთ, ვისაუბრეთ და დავიშალეთ. კონფერენციის მეორე დღემდე, 29 აპრილამდე, გემშვიდობებით.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test