შემოგვიერთდი

დაცლილი სოფელი და 13 ათასი საარჩევნო ხმა

24.05.2010 18:27

ამ ჩანაწერს ამბროლაურში ვაკეთებ,  უკვე მესამე დღეა რაჭაში ვარ, დღეს ონშიც ვიყავი. ჩემი რაჭაში ჩამოსვლის მიზანია გავარკვიო, რა მედიასაშუალებები არსებობენ აქ და ადგილობრივებს რომელ საინფორმაციო საშუალებებზე მიუწვდებათ ხელი. ამაზე უფრო დაწვრილებით მოგვიანებით სტატიას დავწერ, ახლა კი აქ არსებულ ზოგად მდგომარეობას აღვწერ. რაჭველებს ბევრი რამ აწუხებთ: დემოგრაფიული პრობლემა, მიწისძვრის დროს დაზიანებული სახლები, სამგზავრო ტრანსპორტის დეფიციტი და ა.შ.

მაგალითად, ამბროლაურიდან ონამდე ავტობუსი მხოლოდ ხუთშაბათს და კვირას დადის. სხვა დღეებში მგაზვრები თბილისიდან და თბილისისკენ მიმავალ მიკროავტობუსებს დაჰყვებიან.  ამბროლაურიდან ონამდე ტაქსით მგზავრობა კი 30 ლარი ღირს. ადგილობრივები ამ ტრანსპორტით თითქმის არ სარგებლობენ.

ამბროლაურში პირველივე დღეს ძალიან გამიჭირდა ადამიანის პოვნა, რომელიც ამ მხარეში არსებულ სიტუაციას აღმიწერდა. საბოლოოდ, ლუდის ბართან შეჯგუფებულ შუახნის მამაკაცებთან მივედი.  მათი საუბრის მთავარი თემა რა თქმა უნდა,  არჩევნები იყო.  ცხარედ კამათობდნენ იმაზე, თუ ვინ იქნება თბილისის საუკეთესო მერი: გიგი უგულავა თუ ირაკლი ალასანია, ზვიად ძიძიგური  თუ გოგი თოფაძე და ა.შ. აქაურ  არჩევნებზეც ვკითხე, კანდიდატებს თუ იცნობთ-მეთქი.  ერთი ჟორიკას ძმისშვილი ყოფილა, მეორე მისი მეზობელი, მესამე  კიდევ "ვიღაც".     ქალაქის ცენტრალურ, კოსტავას ქუჩაზე,  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სარეკლამო პლაკატები და ნომერი  "5"-ია  გაკრული. თვალი ვერსად  მოვკარი  ოპოზიციის სარეკლამო ბანერებს.

გაზეთების გამყიდველს ვეკითხები, ხალხი ყიდულობს თუ არა პრესას. "მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე გაზეთი და ერთი-ორი ჟურნალი იყიდება,  მეტი არა. ხანდახან იმასაც კი არ ყიდულობენ", მეუბნება მეგაზეთე.  ზოგიერთი ყოველკვირეული ჟურნალი კი რაჭაში საერთოდ არ ჩააქვთ. პრესის  ჯიხურის მთავარი შემოსავალი სწრაფი ჩარიცხვის აპარატია, რომლის მეშვეობით, რაჭველები მობილური ტელეფონის ბალანსს ავსებენ.

ონისკენ ტაქსით გავემართე. როგორც ყველა ტაქსის მძღოლი, 60 წელს გადაცილებული ბატონი ნოდარიც ენაწყლიანი გამოდგა.  ვეკითხები ოპოზიციაზე. "წინასაარჩევნოდ არ მახსოვს რომელიმე მათგანი ჩამოსულიყოს, ეტყობა, იციან, რომ რაჭიდან წაღებულ ხმებს მაინცდამაინც   დიდ მნიშვნელობა არა აქვს, აქ ხომ ბევრი ამომრჩეველი არაა", -მპასუხობს ბატონი ნოდარი-"სამაგიეროდ წინა კვირას მინისტრები იყვნენ ჩამოსული, ოცდაათამდე "ჯიპი" იქნებოდა".

მოგვიანებით ონის გამგეობაში გავიგე, რომ ონისა და ამბროლაურის რაიონებში  ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2010 წლის ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნებზე  ჯამში 13 ათასს არ აღემატება.  მათი რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. როგორც ონის კულტურის სახლის თანამშრომელმა მითხრა, რამდენიმე კვირის წინ ონის რაიონში ერთი სოფელი სოფლებიის სიიდან საბოლოოდ ამოიღეს. მიზეზი კი ამ დასახლების  უკანასკნელი მცხოვრების გარდაცვალება გახდა. რაჭაში ერთით ნაკლები სოფელი დარჩა. ცოტა არ იყოს სევდიან განწყობაზე დავდექი. ონში რამდენიმე ქუჩა გადათხრილია. როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, აქ წყალი გაჰყავთ.

ონის მკვიდრი, შუახნის მაყვალა მეტრეველი ტელეკომპანია "იმედის" მიერ 13 მარტს გადაცემულ  "იმიტირებულ ქრონიკას" იხსენებს: "როგორ არ შემეშინდა, ასე მეგონა,  ომი ხელახლა დაიწყო.  ჩემი შვილიშვილი აგვისტოს ომის შემდეგ მარტო საერთოდ ვერ იძინებდა, სულ კოშმარები ესიზმრებოდა. მერე,  ნელ-ნელა ყველაფერი ავიწყდებოდა, ამ გადაცემის შემდეგ კი, ისევ კოშმარებს ხედავს და მეორე სართულზე მარტოც ვერ ადის. ომის დროს რუსული თვითმფრინავები ისე დაბლა დაფრინავდნენ, ლამის მათ "პაგონებსაც" კი ვხედავდით. თურმე, იმ გადაცემას მიწერილი ჰქონია, რომ დადგმული იყო, მე კი კარგად ვერ ვხედავ და ვერ წავიკითხე, შენ წაიკითხე შვილო?"-მკითხა შუახნის ქალბატონმა.  ვეუბნები, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა. "აბა,  მნიშვნელობა არ ჰქონია,  მიაწერდნენ თუ არა, მე მაინც ვერ დავინახავდი",- ღიმილით მითხრა მან.

რამდენიმე ადამიანს მამისონის უღელტეხილის შესახებაც ვკითხე. დანამდვილებით არავინ არაფერი იცის, ახლა იქ დიდი თოვლია და ჯერ ვერავინ  ადისო.

ვიგებ, რომ ადგილობრივებს ინტერნეტზე ხელი მხოლოდ მობილური ოპერატორების მიერ შემოთავაზებული მოდემით მიუწვდებათ, აბონენტების მატებასთან ერთად კი ინტერნეტის ხარისხიც იკლებს.  ინფორმაციის ძირითადი წყარო მათთვის მხოლოდ ცენტრალური ტელეარხებია,  შესაბამისად, თბილისში მიმდინარე  საარჩევნო ბატალიების შესახებ უფრო მეტი იციან. ონის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ რაჭაში პოლიტიკური დაპირისპირება თითქმის არ იგრძნობა. "ყველა ერთმანეთის ნათესავი და მეგობარია. დღეს რომ იჩხუბონ, საღამოს შეიძლება ერთ სუფრაზე მოხვდნენ და ერთმანეთს ხომ უნდა შეხედონ თავლებში? პოლიტიკური ამბების გამო ერთმანეთს არავინ უპირისპირდება", - მითხრა  ტაქსის მძღოლმა. როცა ონიდან ამბროლაურში ვბრუნდებოდი.  გზაზე მოძრაობისას  რამდენიმე სატვირთო მანქანამ ჩაგვიარა. "ესენი მიწისძვრის დროს დაზიანებული სახლების აღდგენაზე მუშაობენ. რამდენიმე კვირაა მათი შეკეთება დაიწყეს, ჩემს სახლსაც აკეთებენ, 2009 წლის სექტემბერში, მიწისძვრის დროს, სახლი სანახევროდ დამენგრა", -მეუბნება მძღოლი.

"კი მაგრამ, ზამთარი როგორ გადაიტანეთ?"-ვეკითხები.

"რა ვიცი, როგორღაც მოვახერხეთ. მე ჩემს შვილებთან წავედი თბილისში, ახლა ძმისშვილებთან ვჩერდები. სხვებიც ასე მოიქცნენ. მთავარია, რომ ახლა მაინც აკეთებენ, გაახარებთ ღმერთი", -ესეც პასუხი.

გუნება წამიხდა. ეს ნამდვილად არ ჰგავს იმ რაჭას, რომელმაც შარშან აღმაფრთოვანა. პრინციპში, იმ დროს მხოლოდ ტურისტული მარშუტებით დავდიოდი მეგობრებთან ერთად-შაორი, საყინულე, უდაბნო, ძველი ეკლესიის ნანგრევები, ნიკორწმინდას მრავალსაუკუნოვანი ეკლესია-არ უნდა მომწონებოდა?

აჰა, მოვრჩი წერას. გათენებისთანავე წამოვალ თბილისისკენ. არჩევნები ერთ კვირაში ჩაივლის.  ალბათ, რაჭველებისთვის ამ არჩევნებით ბევრი არაფერი შეიცვლება.  აბა მითხარით,  მაღალი იდეალებისთვის მებრძოლ საქართველოში ვის დაჰკარგვია 13 ათასი საარჩევნო ხმა და დაცლილი სოფლები? არც არავის.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test