შემოგვიერთდი

ეთნიკური ნიშნით

15.06.2010 14:31

მედიის განვითარების ფონდმა, წელს, ქართულენოვან მედია-საშუალებებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხების გაშუქების მედია-მონიტორინგი განახორციელა. პარალელურად, გამოიკვლია ეთნიკური უმცირესობების საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში, ეროვნული უმცირესობების თვალთახედვით. პროექტი საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG)  და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (EPF)  პროგრამის "ეროვნული ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში" ფარგლებში, შეერთებული შტატების საერთაშოროისო განვითარების (USAID) სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა.

მონიტორინგის პერიოდი 2010 წლის იანვარი-მარტი იყო. ამ სამი თვის განმავლობაში, ორგანიზაციამ განახორციელა ტელევიზიების: პირველი არხი, "რუსთავი 2", "იმედი", "მაესტრო" და "კავკასია" - საინფორმაციო გამოშვებების, ასევე გაზეთების: "24 საათი", "რეზონანსი", "ახალი თაობა", "ალია",  "ასავალ დასავალი", "კვირის პალიტრა", ჯორჯიან თაიმსი", "პს", ახალი გაზეთი" (ქუთაისი) "სამხრეთის კარიბჭე" (ახალციხე), "კახეთის ხმა" (კახეთი), "თავისუფალი სიტყვა" (ქართლი), ბათუმელები (აჭარა), "ღია ბოქლომი" (სამეგრელო), "გურია ნიუსი" (გურია) - მონიტორინგი.

დაკვირვების პროცესში, ორგანიზაციამ, სულ, დააფიქსირა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გაშუქების 147 ფაქტი, აქედან 126 ეთნიკური გაშუქების ფაქტია.  ამ უკანასკნელიდან, როგორც გვეუბნებიან, სტანდარტების დარღვევით გაშუქებულია 41 ფაქტი, სტანდარტების დაურღვევლად - 85, სტანდარტების დარღვევით გაშუქებული ფაქტების უმეტესი წილი კი, ბეჭდვით მედიაზე მოდის. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია გაზეთ "ღია ბოქლომის" სტატია "რატომ გვაბოლებენ ჩინელები?!" (№10, 14, 21-28.01.10), რომელშიც  ასეთ ფრაზასაც იპოვით: "სანამ პროდუქციის რეალურ ფასს არ შეიტყობთ "წვრილთვალებებთან" ნურაფერს იყიდით".

ზოგადად, სტანდარტის დარღვევით გაშუქებად, ანგარიშში მიიჩნევა: დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი და ქსენოფობიური ტერმინოლოგიის გამოყენება; დისკრიმინაციული მიდგომა კრიმინალური ამბების გაშუქებისას და ცალკეული ჯგუფების სტერეოტიპიზაცია; სტერეოტიპები, წინასწარი განწყობები; უმცირესობების გამოყენება ჟურნალისტური მასალის ობიექტებად და არა სუბიექტებად; დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით; დისკრიმინაციული განცხადებების ტირაჟირება; შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება; უმცირესობის, როგორც ერთიანი მონოლითური ჯგუფის წარმოდგენა, განზოგადება.

ამ მონიტორინგის მიხედვით, შეიძლება, შეგექმნას წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ უყურებს მედია ეთნიკური უმცირესობების საკითხების გაშუქებას. მაგრამ სრული სურათისთვის, აუცილებელია, იცოდე, როგორ აღიქვამენ მედიის მზერას თავად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. პასუხების ნაწილს ამაზე პროექტის მეორე კვლევა იძლევა. მის ფარგლებში, მედიის განვითარების ფონდმა გამოკითხა სამი ფოკუსჯგუფი ახალციხეში (ეთნიკურად სომეხი რესპონდენტები, მარნეულში (ეთნიკურად აზერბაიჯანელი რესპონდენტები) და თბილისში (ეთნიკურად რუსი, აზერბაიჯანელი, სომეხი, უკრაინელი, ოსი, ებრაელი, იეზიდი რესპონდენტები).

კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობების დამოკიდებულება მედიისადმი შემდეგია: ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს მედია ზერელედ და ფრანგმენტალურად აშუქებს; ჟურნალისტები ინტერსდებიან რაიმე დრმატული ფაქტით და იშვიათად ეთნიკური თემის წარმომადგენელთა წარმატებებით; მედიაში ხშირად ჩნდება მასალები, რომლებიც წინასწარ აკვიატებულ შეხედებულებას უფრო ეყრდნობა, ვიდრე მოვლენათა ანალიზს; ხდება ეთნიკურ უმცირესობათა შეურაცხმყოფელი გამონათქვამების ტირაჟირება; რეგულარულად არ შუქდება ეთნიკური უმცირესობების ყოველდღიური, კულტურული ცხოვრება, ისტორიული მასალები, სოციალური პრობლემები, დღესასწაულები; ქართულ ენაზე გაშუქებული ინფორმაციის გაგება პრობლემაა როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანელი  მოსახლეობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ეთნიკური უმცირესობების ენაზე მომზადებული საინფორმაციო გადაცემების ენა კი, გაუგებარია, რის გამოც ამ გადაცემებს მაყურებელი არ ჰყავს.

რეკომენდაციები, რომელსაც ეთნიკური უმცირესობებების წარმომადგენლები, ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, იძლევიან, შემდეგია: მედიამ ნებისმიერი საკითხი უნდა გააშუქოს უფრო ღრმად და დასაბუთებულად; ეთნიკური უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქების დროს, მედიამ წინასწარ უნდა გაანალიზოს ამა თუ იმ ფაქტის უტყუარობა, გამომზეურების აუცილებლობა და საზოგადოებრივი სიკეთე და განსაზღვროს თუ რა შედეგს გამოიღებს ეს ე. წ. რთულ რეგიონებში; მედიამ არ უნდა შეასრულოს "წამქეზებლის როლი" იმ შემთხვევებშიც, როდესაც საქმე არა ჟურნალისტების, არამედ მედიარესპოდენტების გამონათქვამების ტირაჟირებას ეხება. რედაქციებმა  უფრო ტაქტიანად  უნდა შეარჩიონ მასალის მიწოდების ფორმა; მედიამ ყურადღება უნდა გაამახვილოს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ადათ-წესებზე, მათ ადაპტირებულობაზე ადგილობრივ გარემოსთან და არა კონფლიქტზე; მედიამ მეტი დრო უნდა დაუთმოს აფხაზეთში კონფლიქტურ ზონებში არსებული სიტუაციის/პრობლემების გაშუქებას, რადგან მაყურებელს ხშირად ეჭვი ეპარება გასული მასალის ობიექტურობაში.

ამ ჩამონათვალში, ფაქტობრივად, არ არის პუნქტი, რომელსაც მედიისადმი მოთხოვნების ზოგად ჩამონათვალს არ მიუსადაგებდი. საკითხის ღრმად გაშუქება, მისი უტყუარობის დადგენა, ნებისმიერ თემაზე მუშაობისას, პირველი რიგის ამოცანაა. ასეთივე მნიშვნელობა აქვს იმის გააზრებას, რა შედეგს გამოიღებს კონკრეტულ ფაქტზე საუბარი კონკრეტულ (არა მხოლოდ ე.წ. რთულ) რეგიონში. თუმცა, ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ჟურნალისტმა მნიშვნელოვანი ფაქტი უნდა დამალოს. რა თქმა უნდა, მედიამ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეასრულოს "წამქეზებლის როლი" და ეს სარედაქციო პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს. მედია მნიშვნელოვან ადგილს უნდა უთმობდეს ეთნიკური ჯგუფების (ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ჯგუფის) ადაპტირების საკითხს სახელმწიფოში. ამასთან, უარი არ უნდა თქვას მნიშვნელოვანი კონფლიქტის გაშუქებაზე, იმის გამო, რომ იგი ეთნიკურ ჯგუფებს ეხება.

ეს მოკლე ანალიზი  ცხადჰყოფს, რომ საქმე გვაქვს, არა რაიმე ტიპის "აკვიატებასთან", არამედ, ერთი მხრივ - ჟურნალისტების დაბალ პროფესიონალიზმთან, მეორე მხრივ კი - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ეჭვიან დამოკიდებულებასთან ადამიანების, საზოგადოების, სახელმწიფოსადმი, მათდამი დამოკიდებულების თვალსაზრისით. ამ ეჭვიანობას აქვს საფუძველი. მოწოდება - "საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის" და მსგავსი, ჩვენ ქვეყანაში, სამწუხაროდ, ისმოდა. მაგრამ მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა იმისთვის, რომ ეთნიკურ უმცირესობებს, საკუთარი თავის იდენტიფიცირებისთვის ამ სახელმწიფოში, რომლის მოქალაქეებიც არიან, არა განმსახვავებელი, არამედ გამაერთიანებელი ტერმინები მოერგოთ. სწორედ ეს არის ის, რაზეც უნდა იხარჯებოდეს მედიის ყურადღება.

მედიის განვითარების ფონდის პროექტის ის ნაწილი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების შეხედულებებს იკვლევს,  მიმოიხილავს იმას, რაც ზედაპირზეა.

უფრო ღრმა კვლევა იმისა, თუ სად და როგორ ხედავენ საკუთარ თავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, 2007 წელს ფონდმა "ჰორიზონტმა" ჩაატარა. ამ კვლევის მიზანი იყო, გამოევლინა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საჭიროებები და გამოეკვეთა უმცირესობის წარმომადგენლების მოსაზრებები მათი შემდგომი ინტეგრაციისათვის ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. გამოკითხვები ჩატარდა სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, თბილისში. კვლევაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეთნიკურად სომეხი, აზერბაიჯანელი, ბერძენი, ოსი, ქისტი, უკრაინელი, ავარიელი, რუსი, ქურთი, პოლონელი, ასირიელი მოქალაქეები.

კვლევისას, გამოკითხულთა 51,9%-მა განაცხადა, რომ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფების ერთმანეთთან დაახლოება სასურველია, 42,4%-მა ეს აუცილებლად მიიჩნია, 5,7%-მა კი, საჭიროდ არ ჩათვალა; რესპოდენტთა 17,5%-ს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა ქართულ მოსახლეობასთან. გამოკითხულთა 60,8%-მა განაცხადა, რომ საერთოდ არ არის ჩართული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში და აქედან 28,8%-ს ამის სურვილიც არ ჰქონდა. 83,7% საერთოდ არ იყო ჩართული ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მუშაობაში, მათგან 45,7%-ს არ ჰქონდა ამის სურვილი. საერთოდ არ იყო ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაში გამოკითხულთა 82,8%, რომლის 44,2% ამის სურვილი არ ჰქონდა. სახელმწიფო ენა - ქართული, გამოკითხულთა შორის, სრულფასოვნად იცოდა 24%-მა, წერა და კითხვა უჭირდა 28,6%-ს, ესმოდა, მაგრამ საუბარი, წერა და კითხვა უჭირდა 23,2%-ს.

ბოლო მაჩვენებლები განსკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ სრულფასოვანი ინტეგრირებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნა შეუცვლელი აუცილებლობაა და ეს გამოკითხულებმაც კარგად იცოდნენ. მათი 72% გამოთქვამდა ქართული ენის უკეთ ცოდნის სურვილს. მათ 40%-ისთვის ეს იყო დასაქმებისა და ქართულ მოსახლეობასთან ურთიერთობის გამყარების საშუალება; 23%-ისთვის კი - განათლებისა. ამასთან, რესპოდენტების დიდი უმრავლესობა დადებითად უყურებდა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა ერთობლივ საქმიანობას ყველა სფეროში და მათი შვილების განათლების მიღებას ერთ სკოლაში.

როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა 17,9%-ს არ ჰქონდა სურვილი, უკეთ ესწავლა ქართული (10,1%-მა ამ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა). ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან სახელმწიფო ენის არცოდნა ბუნებრივად ზღუდავს ადამიანის დასაქმების შესაძლებლობებს, რითაც მათი ადამიანური უფლებები ირღვევა. გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის ამ ადამიანების სოციალური ადაპტირების  კუთხით.

"ჰორიზონტის" მიერ გამოკვლეული ეროვნულ უმცირესობათა  საჭიროებები არის ის, რასაც   ქართული   მედია თავის მუშაობაში უნდა ითვალისწინებდეს, ზოგადად პროფესიული ჟურნალისტიკის სტანდარტების დაცვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.  მაგრამ ითვალისწინებს თუ არა, მედია ამას, გარკვეულწილად, მედიის განვითარების ფონდის კვლევის მიხედვით შეგიძლიათ განსაჯოთ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test