შემოგვიერთდი

რომელი ღამე სჯობია?

14.06.2010 15:46

არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც, ერთხელ, კუნძულ კორსიკაზე, ერთმა მეზღვაურმა ადგილობრივი მცხოვრები გოგონა გააუპატიურა. როცა გოგონას დედამ ეს ამბავი შეიტყო, სახლიდან გამოვარდა და მთელ ხმაზე დაიწყო ყვირილი: - ჩემი ქალიშვილი! ჩემი გოგო!

ამ შემთხვევის შემდეგ, კუნძულზე შეიქმნა დაჯგუფება, რომელშიც, ძირითადად, ადგილობრივი მამაკაცები შედიოდნენ და რომლის ფუნქციასაც მეზღვაურებისა და მეკობრეებისგან კორსიკის მოსახლეობის დაცვა წარმოადგენდა.

ვინც ვერ მიხვდა, რაზეა საუბარი, გეტყვით: ფრანგულ ენაზე ფრაზა "ჩემი ქალიშვილი" ჟღერს, როგორც "მა ფი" (Mა Fილლე). შესაბამისად, დაჯგუფებას ეწოდა "მაფია".

ლეგენდებისა და მითების რა მოგახსენოთ, მაგრამ საქართველო რომ, დიდი ხანია, მათ რიცხვს განეკუთვნება, ვისაც მაფია ისევ სამართალდამცავი ორგანო ჰგონია, ფაქტია.

ისიც კარგად მოგვეხსენება, რომ რაც საქართველოში ხდება, ძირითადად, შოუს სახეს იღებს ხოლმე და ტელეეთერში ჩნდება.

ასე გაჩნდა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სუფთა ქართული ტელეთამაში "მაფიის ღამე".

არადა, მართალი გითხრათ, ეს თამაში ჩემს ბავშვობაშიც ძალიან პოპულარული იყო, ოღონდ ბავშვებში და ახლობელ-მეგობრებში ვთამაშობდით ხოლმე.

ახლა ვფიქრობ და მიჭირს წარმოდგენა, რა ფანტაზია უნდა გქონდეს, რომ ბავშვობაში უბანში ნათამაშები ბანქოს თამაში სატელევიზიო შოუდ აქციო?

ახლა განვიხილოთ ეს მოსაზრება:

მართალია, დღესდღეობით მსოფლიოს არაერთი პოპულარული შოუ სწორედ რომ საბავშვო და ოჯახური თამაშიდან დაიბადა (მაგალითისთვის "რა? სად? როდის?" იკმარებდა მარტო), მაგრამ მხოლოდ ამაში როდია საქმე - მთავარი თამაშის იდეაა.

მაგალითისთვის ისევ ზემოხსენებული, უპოპულარულესი "რა? სად? როდის?" ავიღოთ - ამ თამაშის ძირითადი იდეაა, რომ იმარჯვებს ყველაზე განათლებული, გონებამახვილი და საზრიანი მოთამაშე.

ანუ, ეს თამაში პოპულარიზაციას უწევს განათლებას, ერუდიციას და მის მაყურებელს უჩნდება სურვილი, რომ თვითონაც დაემსგავსოს მოთამაშეს და იმაზე მეტი კითხვა გამოიცნოს თამაშისას.

ახლა შევხედოთ, რა სარგებლობა მოაქვს "მაფიის ღამეს":

მოთამაშეები ერთმანეთს აფერისტობაში ეჯიბრებიან! ვინც უფრო კარგად მოიტყუება თამაშისას, ისაა გამარჯვებული.

მაყურებელსაც შესაბამისი რეაქცია აქვს - სურვილი უჩნდება, რომ მოთამაშეზე მაგარი აფერისტი გახდეს და უფრო მეტი ადამიანი მოატყუოს!

სარეცხი ფხვნილის რეკლამისა არ იყოს - ხედავთ რაიმე განსხვავებას? არავითარი განსხვავება...???

მაგრამ, როგორც ჩვენი სალომე იტყოდა, მთავარი მაინც დეტალებია და დეტალებში იმალება ეშმაკი - ამ შემთხვევაში ყველაფერი ტერმინებია.

ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის?" ყველაზე განათლებული, გამოცდილი და ტიტულოვანი მოთამაშე იღებს წოდებას "მაგისტრი" და ეს წოდება პრივილეგირებულია თამაშის მსვლელობისასაც.

ჩვენთან მთავარი ტიტული "მაფიოზია".

მაფიის წარმოშობის შესახებ უკვე გესაუბრეთ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამ სიტყვამ, დიდი ხანია, დაკარგა თავისი კეთილი და დადებითი მნიშვნელობა და, სიცილიელი კრიმინალებისა თუ სხვათა და სხვათა გამოისობით მთელ მსოფლიოში ორგანიზებული დანაშაულის სიმბოლოს წარმოადგენს?

რატომ უნდა გადაიცემოდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაცემა, სადაც მოთამაშის მთავარი ღირსება ტყუილი და გაიძვერობაა?

უკვე საკმაო ხანია, რაც მთელი ქართული საზოგადოება, მთავრობიან-მოსახლეობიან-მედიიან-სამღვდელოებიანად ვცდილობთ, რომ ქართულ ცნობიერებაში კრიმინალის კულტი ამოვძირკვოთ და სამოქალაქო ღირებულებები დავნერგოთ.

ბავშვი, რომელიც ტელეეკრანზე ხედავს, რომ მისი საყვარელი მსახიობი, მომღერალი, სპორტსმენი, ანდა სულაც, ქვეყნის განათლების მინისტრი სტუდიაში ზის და ამბობს, რომ "მაფიოზობა სჯობია, ვიდრე პატიოსანი მოქალაქეობა, იმიტომ რომ უფრო საინტერესოა"-ო, მაინც იგივე კრიმინალისკენ იქნება მიდრეკილი, სკოლაში მანდატურები კი არა, სპეცრაზმი და შინაგანი ჯარიც რომ ჩააყენო.

მე არ ვამბობ, რომ ამ გადაცემის მესვეურები სპეციალურად ეწევიან რაღაც-რაღაცეების პოპულარიზაციას. ამის მიზეზი უფრო არაპროფესიონალიზმი, უპასუხისმგებლობა და მედიის ბაზარზე დამოკიდებულება მგონია.

გასაგებია და სწორიცაა, რომ მედია თავისუფალია, მაგრამ ხომ არსებობს ცნება "მომხმარებლის უფლებები"? მე არ მინდა ჩემი უფლებების ხარჯზე თავისუფალი მედია!

ხოლო ის, ვისაც ამ სისტემის კონტროლი ევალება, ანუ საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი, "რატომღაც" მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობს და ხალხის მორალისა და ეროვნულობის დაცვად მხოლოდ სექსის თემატიკაზე ტაბუს დადება მიაჩნია.

"მაფიის ღამე" რომ მიიტანა თავისმა ავტორმა პროექტების ტენდერზე, სატენდერო ჟიურიმ რომ აარჩია და მერე საეთერო ბადეში ჩასვა, ნუთუ არავის მოუვიდა თავში აზრად, რომ პროექტისთვის სახელი მაინც შეეცვალა?

მაგრამ მანდაც იგივე მიზეზებია - ხომ ცნობილია, რომ ქართულ კინობაზარზე და გაქირავებაში სწორედ რომ კრიმინალური თემატიკის ფილმები ლიდერობს? ბეჭდურ მედიაშიც, რაღაც მანქანებით, ისევ ინარჩუნებს თავის ადგილს გამოცემები "კრიმინალური კოშმარი" და "დანაშაულის სამყაროში", ჰოდა, პროექტის ავტორმაც აღარ გარისკა და ისევ "მაფიის ღამე" დატოვა სათაურად.

ბავშვობის თამაშებზე მოგახსენებდით - გადასარევი თამაში არსებობდა ჩემს ბავშვობაში, მხიარული, სასაცილო და უწყინარი, მაგრამ სახელი ერქვა ძალიან ცუდი და უარყოფითი - "ქურდი ზონაში"!

საინტერესოა, პროექტი რომ დავწერო და "იმედში" მივიტანო, მოეწონებათ? სახელი ისეთი აქვს, როგორც მინიმუმ, იმაზე დიდი რეიტინგი ექნება, მარიო ჩიმაროს რომ ჰქონდა ამ რამდენიმე წლის წინ.

მგონი, ცდად ღირს.

ამ წერილს რომ ვწერდი, "რუსთავი-2"-ზე საინტერესო ანონსს გადავაწყდი - სამეფო უბნის პოკერ-შოუ იწყება! დაჯდება რამდენიმე მაგარი მოთამაშე ალბათ ეთერში და პოკერს ითამაშებს.

ძალიან მაგარია! "რუსთავი-2" პოკერს ითამაშებს, "იმედზე" ისევ "მაფიის ღამე" გავა...

"კავკასიის" უცვლელ დირექტორსა და წამყვანს, დავით აქუბარდიას მინდა ვურჩიო, იმ სტუმარს რომ მოიყვანს, საჭირბოროტო თემებზე საუბართან ერთად თითო ხელი იაპონური "ჯოკერი" ან ხუთკარტა "ბურაც" რომ დაარიგოს ხოლმე, ურიგო არ იქნება, რეიტინგიც მოემატება და პატარა ფულსაც მოიგებს...

დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test