შემოგვიერთდი

ტესტი თანასწორობაზე

21.06.2010 11:14
SSmp (photo: )

სქართველომ, 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნა. უფრო სწორად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა სცადეს, კიდევ ერთხელ მიექციათ ადამიანების ყურადღება პრობლემებისადმი, რომელიც მათ საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირების საშუალებას არ აძლევს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა ყველაზე მსხვილი გაერთიანების, ორგანიზაცია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერ რატი იონათამიშვილის მონათხრობის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ამ სურვილშიც შეზღუდეს - საზოგადოებრივი მაუწყებელი მათი დღით არ დაინტერესებულა. როდის და როგორ ინტერესდება მედია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებით? პასუხი ამაზე ერთგვარი ტესტია იმის განსასაზღვრად, რამდენად კარგად ესმის მეოთხე ხელისუფლებას თანასწორობის შინაარსი. ამაზე ბევრია დამოკიდებული, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებიდან დაწყებული, სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლით დამთავრებული. საინტერესოა, რომ სრულფასოვანი მონიტორინგი იმისა, თუ როგორ შუქდება მედიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხები, საქართველოში, ფაქტობრივად, არ კეთდება. ერთადერთი კვლევა ამ მიმართულებით, ისიც - ბეჭდური მედიისა, 2005 წელს ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაციამ ჩაატარა პროექტის, "ომბუდსმენი ინვალიდობის სფეროში", ფარგლებში. ორგანიზაციაში "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ამბობენ, რომ სურათი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. ამდენად, საკითხები, რომელიც ხუთი წლის წინათ გამოიკვეთა, დღესაც აქტუალურია.

ამ კვლევის მიხედვით, შემდეგი შედეგები დაფიქსირდა: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე გამოქვეყნებული სტატიების ინტონაცია, ხშირ შემთხვევაში, არის ნეგატიური; არასწორად გამოიყენება ტერმინოლოგია: "ფეხმოჭრილი", "გონებაჩლუნგი", "კოჭლი", "ხეიბარი", "უფეხო", "უპოვარი" და ა.შ.; შეზღუდული შესაძლებობების მქონე ადამიანები წარმოჩენილნი არიან არა როგორც ჩვეულებრივი, არამედ როგორც "საწყალი", "საბრალო", "გმირი" ან "ტანჯული", იშვიათად - როგორც სრულფასოვანი ადამიანები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე გამოქვეყნებულ სტატიებში საუბარია სამთავრობო და არასამთვრობო ორგანიზაციების მიერ მათთვის განხორციელებულ პროექტებზე.

პირობითად, პუბლიკაციები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით შემდეგ კატეგორიებად იყოფა: საინფორმაციო; საქველმოქმედო - სტატები, სადაც ინვალიდები წარმოჩენილნი არიან ქველმოქმედებისა და მოწყალების საგნად; სარკაზმული - სტატიები, სადაც სალანძღავ ტერმინად გამოიყენება "ინვალიდი", "უფეხო", "დებილი", "გიჟი"; სტატიები, რომლებშიც ინვალიდობა განხილულია ჰეროიკული რაკურსით, ანუ ინვალიდები წარმოჩენილნი არიან, როგორც გმირები; ტრაგიკულ-სენტიმენტალური; მადლობის წერილები. კვლევამ, ფაქტობრივად, ვერ ნახა მასალა, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ნაჩვენები იქნებოდნენ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, თანაბარი მოვალეობებითა და პასუხუსმგებლობებით, სადაც მათი შესაძლებლობების შეზღუდვის ფაქტს ხაზი მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში გაესმებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციაში "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ახალგაზრდა ჟურნალ "ლიბერალს", მათი საკითხების გაშუქების თვალსაზრისით, ერთგვარ ნათელ წერტილად მიიჩნევენ, საერთო მოთხოვნა მედიისადმი იგივე რჩება - დასვით სწორი აქცენტები. ეს ეხება მიდგომებს, რომელიც, ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით არსებობს. ასეთი ორია: სამედიცინო და სოციალური. პირველი აქცენტს აკეთებს ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ პრობლემებზე, მეორე - დამაბრკოლებელ გარემოებებზე, რომელიც ხელს უშლის ადამიანს, სრულყოფილად ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. როცა მედია სამედიცინო კუთხეზე აკეთებს აქცენტს, იგი რისკავს, საზოგადოება ჩიხში მოაქციოს. მაგალითად, გადაადგილების პრობლემის მქონე ადამიანზე საუბრისას, რომლის განკურნების იმედსაც ექიმები ვერ იძლევიან.

ერთი შეხედვით, ეს ადამიანი, ისევე, როგორც საზოგადოება, მის ბედს უნდა შეეგუოს და ცხოვრებას მხოლოდ საკუთარი სახლის ფანჯრიდან მიადევნოს თვალი. მაგრამ, თუკი ამ ფაქტს სოციალური კუთხით განვიხილავთ, წამოვწევთ საკითხს, რომ ეს ადამიანი, ისევე როგორც ბევრი სხვა, შეძლებს დამოუკიდებლად გადაადგილდეს, თუკი ინფრასტრუქტურა შესაბამის პირობებს შეუქმნის, სულ სხვა შედეგს მივიღებთ. ამგვარი მიდგომისას, მედია სახავს გზას, რომელსაც მისი გმირი, მთელი საზოგადოება თანასწორი თანაცხოვრების პირობებში გადაჰყავს. ასე ნათელი ხდება, რომ ინვალიდობა არ არის დიაგნოზი, ეს სოციალური პრობლემაა და ამ პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს მოვალეობაა.

ორგანიზაციაში "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ამბობენ, რომ ინვალიდობის ქონა არის არსებული ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი აზრისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების ისეთი ერთობლიობა, რომლის დროსაც ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე სახის ფიზიკური და მენტალური შეფერხება, სხვა ადამიანებთან თანაბარ პირობებში არ იმყოფება; რომ ინვალიდობა არის სოციალური პრობლემა, რომელიც ადამიანის მიღმა არსებობს და ადამიანზე ზემოქმედებს; რომ ინვალიდობა - ეს დამოუკიდებლობის ხარისხის დაქვეითებაა. სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებისადმი სოციალური მიდგომა.

რაც შეეხება ტერმინებს, რომელსაც მედიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მიმართებაში გამოიყენებენ. საბოლოო შეთანხმებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებულ ტერმინებზე, მსოფლიოში ჯერ არ მიუღწევიათ, თუმცა, არსებობს ფორმულირებები, რომელთა გამოყენება შეურაცხმყოფელად არ ითვლება, პირიქით. ასეთებია:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი - ინვალიდი ადამინი, რომელიც მოკლებულია თანაბარ შესაძლებლობას სოციალურ გარემოში (ნაცვლად გამოთქმისა - ავადმყოფი, ხეიბარი, დასახიჩრებული, ნაკლიანი, დეფორმირებული, არასრულყოფილი, დეფექტური, ბეცი და ა.შ.);

არა ინვალიდი ან ინვალიდობის არმქონე პირი - ჩვეულებრივი, ტიპიური ადამიანი (ნაცვლად გამოთქმისა - ნორმალური, ჯანმრთელი, - შეზღუდულობის მქონე ადამიანთან შედარებისას);

ადამიანი, გადაადგილების არათანაბარი შესაძლებლობით, რომელიც იყენებს ეტლს (ნაცვლად გამოთქმისა - ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული);

თანდაყოლილი ინვალიდობა, ბავშვობიდან ინვალიდი (ნაცვლად გამოთქმისა - თანდაყოლილი დეფექტი, უბედურება და ა.შ.);

აქვს ბცდ - ბავშვთა ცერებრალური დამბლა ან სხვა (ნაცვლად გამოთქმისა - იტანჯება ბცდ-თი);

გადაიტანა პოლიომიელიტი; ინვალიდობა აქვს პოლიომიელიტის შედეგად; ადამიანი, რომელმაც გადაიტანა ავადმყოფობა; გახდა ინვალიდი ... შედეგად (ნაცვლად გამოთქმისა - იტანჯება პოლიომიელიტით, პოლიომიელიტის შედეგებით; პოლიომიელიტის მსხვერპლი);

გონებადაქვეითებული ადამიანი - მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებზე (ნაცვლად გამოთქმისა - ჩამორჩენილი, გონებრივად არასრულყოფილი);

ბავშვი, შეფერხებული განვითარებით; ბავშვი, რომელიც ნელა ითვისებს, ადამიანი, შეფერხებული განვითარებით (ნაცვლად გამოთქმისა - "მუხრუჭებიანი", ჭკუასუსტი, დებილი, დაუნი და ა.შ.);

ადამიანი დაუნის სინდრომით ბავშვი (ბავშვები) დაუნის სინდრომით (ნაცვლად გამოთქმისა - "დაუნი", "მონგოლოიდი", და ა.შ.);

ადამიანი ეპილეფსიით; ადამიანები,  რომელთაც აქვთ ეპილეფსიის შეტევები (ნაცვლად გამოთქმისა - ეპილეპტიკი, ბნედიანი);

სულიერად ავადმყოფი ადამიანები, ადამიანები ფსიქიატრიული პრობლემებით, ადამიანები სულიერი, მენტალური ან ემოციური მოშლილობით. (ნაცვლად გამოთქმისა - გიჟი, ფსიხი და ა.შ.);

ბრმა, უსინათლო, მხედველობადაქვეითებული, ცუდი მხედველობის მქონე ადამიანი, სმენადაქვეითებული ადამიანი, ჟესტურენოვანი, ყრუ, სუსტი სმენის მქონე ადამიანი ადამიანი (ბავშვი) სმენის ნარჩენებით (ნაცვლად გამოთქმისა - "თხუნელასავით ბრმა", სრულიად ბრმა, ყრუ-მუნჯი, და ა.შ.);

ადამიანი, რომელსაც აქვს სირთულე ვერბალურ ურთიერთობაში, ადამიანი რომელსაც მეტყველებაში დაბრკოლება, სირთულე აქვს (ნაცვლად გამოთქმისა - მუნჯი ბლუ, და ა.შ.).

საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სხვადასხვა სახის ინვალიდობა მსოფლიოს 600 მილიონ მცხოვრებს აქვს, აქედან 236280 საქართველოს მკვიდრია. როგორც საერთაშორისო მონაცემები ცხადჰყოფს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების 80 პროცენტი ე.წ. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ღარიბია და მოკლებულია დასაქმების, განათლებისა და რეაბილიტაციის შესძლებლობებს. ამის გამო, 1993 წლის 20 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 48-ე სესიამ მიიღო "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტანდარტული წესები" (რეზოლუცია 48/96). დოკუმენტში მოცემული 22 წესის ძირითადი მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს შეუქმნას ისეთივე უფლებები და პასუხისმგებლობები, როგორიც საზოგადოების სხვა წევრებს აქვთ.

ხელმისაწვდომობა, განათლება, დასაქმება, შემოსავლებით უზრუნველყოფა და სოციალური დახმარება, ოჯახური ცხოვრება და პიროვნების თავისუფლება, კულტურა, დასვენება და სპორტი, რელიგია - ეს ის სფეროებია, სადაც, დოკუმენტის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობები უნდა შეიქმნას. პრობლემები, ამ კუთხით, განსაკუთრებით, გარდამავალი განვითარების ქვეყნებში იგრძნობა. საქართველო სწორედ ასეთი ქვეყნების რიცხვშია. შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ჩვენთან ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა უხდებათ. მათი პარტნიორი ამ საქმეში საზოგადოება უნდა იყოს, მეკავშირე კი - მედია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test