შემოგვიერთდი

+18

23.06.2010 09:53

ამ თემაზე წერილის დაწერას არ ვაპირებდი და არც დავწერდი ალბათ, რომ არა 22 ივნისს, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასული, საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკის" სიუჟეტი, სადაც მოთხრობილი იყო ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ, კერძოდ, კაპრალმა თავისი მძინარე კოლეგა 19 ტყვიით დაცხრილა.

ახლა იმის ახსნას არ დავიწყებ, რა განწყობა დამეუფლა, როცა ეს სიუჟეტი ვნახე. არც იმის განმარტებაა საჭირო, ვისზე გავბრაზდი და რატომ - მსგავს სიტუაციებში ტელემაყურებლის აზრი და შეფასება ნამდვილად არაა გადამწყვეტი. ეს სხვა ორგანოების საქმეა.

მთავარი სხვა რამეა.

რაც მე ვიგრძენი, აღშფოთებაც აღარ ერქვა უკვე - ჟურნალისტს სადარბაზოში ჰყავდა მოხელთებული მოკლულის დედა და კომენტარს ართმევდა. ქალი, უბრალოდ, ლაპარაკსაც ვეღარ ახერხებდა და ტირილისგან და მწუხარებისგან გაურკვეველ ბგერებს გამოსცემდა.

ახლა ნამდვილად არ ვაპირებ, ერთ ჟურნალისტზე გადავტეხო ჯოხი. ეს ტრადიცია- პირდაპირი რეპორტაჟი პანაშვიდიდან - "რუსთავი-2"-ის დაამკვიდებულია, ჯერ კიდევ,  რევოლუციამდელი დროიდან. არაერთხელ გვინახავს სიუჟეტები, სადაც ჭირისუფალს პირდაპირ კუბოსთან (ჯვარი აქაურობას!) ართმევდნენ ინტერვიუს.

შემდეგ, როგორც ყველაფერში, ამაშიც დახელოვნდნენ და არათუ ინტერვიუებს ართმევდნენ განადგურებულ ხალხს, პირიქით, ხანდახან ცუდი ამბის მიმტანიც ჟურნალისტი იყო ხოლმე.

"მაუწყებელთა ქცევის კოდექსიც" გვაქვს და "საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაც", მაგრამ რად გინდა?!  ესეც რომ არა,  ჟურნალისტის ერთადერთი ცენზორი მისი საკუთარი სინდისი უნდა იყოს.

ვფიქრობ, დიდი აღზრდა და განათლება არაა საჭირო, რომ მიხვდე - დედას, რომელსაც წინ მიცვალებული შვილი უსვენია, კომენტარი არ უნდა სთხოვო. არც გაუპატიურების მსხვერპლს უნდა ჩააცივდე დეტალების გახსენებაზე, რაც მის ფსიქიკას აუცილებლად დააზიანებს. არაა ამისთვის საჭირო ფსიქოლოგის დიპლომი, ამისთვის ადამიანობაა საჭირო.

როგორც გითხარით, ერთ ჟურნალისტს არ ვაბრალებ ამას-მეთქი. მოგეხსენებათ, საინფორმაციო გამოშვებას ერთი ჟურნალისტი არ ამზადებს. ამაზე მთელი ჯგუფი მუშაობს და ტელევიზიის გენერალური დირექტორი ხშირად თვითონ ამოწმებს ხოლმე, რა გადის ეთერში. ამიტომ, როცა ეს სიუჟეტი ეთერში ასეთი სახით ხვდება და თანაც ოპერატიულობისა გამო, სავარაუდოდ, მაღალ შეფასებასაც იმსახურებს, ეს მთლიანად მედიის პრობლემაა.

თუმცა, არცაა გასაკვირი. სულ რაღაც ათიოდე წლის წინ, აფხაზეთის ომის დროს, ქართული ტელევიზია საოცარი სიზუსტით გადმოსცემდა ქართული შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილებს. ხოლო შემდეგ, როცა მტრის ჯარი ამ წერტილებს უტევდა, ყველაფერს მათ დაზვერვას ვაბრალებდით, აზრად არ მოგვსვლია, რომ ტელევიზიით სამხედრო საიდუმლოებას გავცემდით.

ჟურნალისტთა ეს თაობა ხომ იმ სიუჟეტებზეა გაზრდილი. ამიტომაცაა ალბათ, რომ ახლა ამ თემაზე მიწევს წერა.

ამას გარდა, ჩვენთან, როგორც ყველაფერს, ამასაც ბაზარი აკონტროლებს. ამიტომაცაა, რომ მსგავს სიუჟეტებსა და თემებზე აწყობილი ტოქშოუ "პროფილი" ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგულია ქართულ ტელეეთერში.

შეიძლება, ჩამორჩენილი ვარ და თანამედროვე მედიის პრინციპებში ვერ ვერკვევი, მაგრამ სხვის უბედურებაზე აწყობილი არც კარიერა მწამს და არც გადაცემა. არ შეიძლება, ოპერატიულობისთვის შოკურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მიკროფონითა და კამერით მიადგე. ასე მგონია და რა ვიცი...

ამის შემდეგ "ქრონიკის" ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც მოთხრობილი იყო, რომ არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურეს საკუთარმა მამამ და ძმამ. ამ უკანასკნელისგან მსხვერპლს გაუჩნდა ბავშვი და ახლა ადამიანის უფლებათა დამცველები მსჯელობენ, გააშვილონ თუ არა პატარა.

გადაბრუნდა ჰიჩკოკი საფლავში!

დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test