შემოგვიერთდი

ძეგლისკენ ზურგით

28.06.2010 10:50

"ძალადობის ცინიკური კულტი" - ეს სიტყვები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, გიგა ზედანიამ, გასული წლის აგვისტოში, სტალინის მემკვიდრეობის განმარტებისთვის გამოიყენა. მისი ამოკითხვა ჟურნალ "ლიბერალის" ფურცლებზე იყო შესაძლებელი, რუბრიკაში "ორი აზრი", რომლის ჩარჩოებშიც, ის და ისტორიის დოქტორი, ლაშა ბაქრაძე სტალინის ძეგლის შესაფერ ადგილმდებარეობაზე მსჯელობდნენ.

ეს სიტყვები და კიდევ ბევრი რამ მისი არგუმენტებიდან, არაერთხელ გამახსენდა გასულ კვირას, როდესაც ქართული ტელე მედია გორის ცენტრში პირქვედამხობილ და კისერზე თოკშებმულ "სტალინზე" გვიყვებოდა. მაგალითად: "სტალინი იმ ქვეყანაში, რომელიც ახლა შენდება და ცდილობს, ძალადობისგან გათავისუფლდეს, ძეგლს არ იმსახურებს"; "რუსეთი, საქართველოს აშკარა მტერი, ცნობიერად აგრძელებს სტალინის მემკვიდრეობის კულტივირებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ"; "ეს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის სტალინიზმისგან გამიჯვნის პრობლემას საქართველოში"; სტალინის მუზეუმს "აქვს შანსი, გახდეს უნიკალური "მუზეუმის მუზეუმი" - ანუ აჩვენოს მნახველს, თუ როგორ ხდებოდა ძალადობის ცინიკური კულტის დანერგვა ძეგლების, მუზეუმებისა თუ სხვა კულტურული მექანიზმების საშუალებით ტოტალიტარულ სახელმწიფოში" და ა.შ.

ამ სიტყვებით ლაპარაკობდა ყველა, ვინც გასულ კვირას ტელევიზიების შემაჯამებელ გადაცემებში სტალინის ძეგლის აღებას ამართლებდა: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ჟურნალ "ტაბულას" გამომცემელი... სტალინის ძეგლის მუზეუმში გადატანის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ 25 ივნისს მომხდარის ირგვლივ განვითარებულმა პროცესებმა საყურადღებო სახე მიიღო - ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლებს ძალადობის მსხვერპლი დაავიწყდათ.

იმ ღამეს, ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტ ლადო ბიჭაშვილს და მის ოპერატორ იმედა გოგოლაძეს, სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილმა იარაღიანმა პირებმა აუკრძალეს იმ ადამიანების გადაღება, ვინც ძეგლის აღებას აპროტესტებდა. როცა ჟურნალისტმა ეს მოთხოვნა გააპროტესტა, კამერა წაართვეს და სცემეს. როგორც ლადო ბიჭაშვილმა "ლიბერალსა" და "მაესტროს" განუცხადა, ეს ადამიანები სამართალდამცველები აღმოჩნდნენ, მოგვიანებით დაბრუნებულ კამერაში კი, გადაღებული მასალა აღარ  იყო.

სამართალდამცველების საქციელზე არანაკლებ (თუ უფრო მეტად არა) მნიშვნელოვანი ამ ამბავში არის ის, რომ ძეგლის დემონტაჟს, ისევე, როგორც ლადო ბიჭაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს, თვალს სხვა ტელევიზიები ადევნებდნენ. არც ერთ მათგანს მომხდარი არ გაუპროტესტებია, არ გადაუღია და საზოგადოებისთვის არ მიუწოდებია, მათ მხოლოდ ძეგლის დემონტაჟის ამსახველი კადრები აჩვენეს; არც ერთ შემაჯამებელ გადაცემაში, რომელიც კვირის ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს აანალიზებს, არ დასმულა კითხვა: რატომ უკრძალავდნენ ჟურნალისტს იმის გადაღებას, რაც სახელმწიფო საიდუმლოს არ წარმოადგენდა? რატომ სცემეს იგი? რატომ წაართვეს კამერა და წაუშალეს კადრები?

გამონაკლისი იყო "მაესტროს" "პოლიტმეტრი" (წინა დღით, ტელევიზიამ ლადო ბიჭაშვილს პირდაპირი ეთერიც დაუთმო), სადაც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს სწორედ ეს კითხვები დაუსვეს. პასუხი ასეთი იყო: როცა დახურული ტერიტორიის გადაღებას ცდილობს, ჟურნალისტს სცემენ ბერლინშიც და პრაღაშიც... ამის დამადასტურებელი ფაქტები აკაკი მინაშვილს არ მოუყვანია. მას არც ის აუხსნია საზოგადოებისთვის, ვინ გამოაცხადა დახურულად სტალინის ძეგლის დემონტაჟის ღონისძიება და რატომ - მხოლოდ ტელევიზია "თრიალეთისთვის"?

შაბათ საღამოს, "რუსთავი 2"-მა და "იმედმა" შემოგვთავაზეს ვრცელი სიუჟეტები და საუბრები ცუდ სტალინზე, ტოტალიტარულ სტალინიზმზე და საქართველოს მორალურ პასუხისმგებლობაზე მთელი მსოფლიოს წინაშე. "P.S."-მა მოგვითხრო, როგორ გააჩაღა სტალინმა გაგანია ომის დროს "გიორგი სააკაძის" გადაღებები, როგორ ერეოდა სცენარის დამუშავებაში და ყველა სხვა მნიშვნელოვან საკითხში; "სპეციალური რეპორტაჟის" წამყვანი  იმითაც კი დაინტერესდა, დარჩებოდა თუ არა სტალინის დედა, კეკე, მთაწმინდაზე. მოკლედ, მათი გაქანება დიდი იყო, საკითხის მოცვის მასშტაბები - ფანტასტიკური, მაგრამ გორელი ჟურნალისტის ისტორიისთვის ამ გადაცემებში ადგილი ვერ მოიძებნა.

"საქართველო შევიდა გადამწყვეტ ბრძოლაში დემოკრატიისთვის და სტალინის ძეგლი აღარ შეგვეფერება," - ამგვარი გახლდათ მათი გზავნილი. რა ვიფიქროთ? რომ დემოკრატია საეჭვო ძეგლების წინააღმდეგ ბრძოლაა და არა ადამიანის (ამ, კონკრეტულ შემთხვევაში - ჟურნალისტის) უფლებების დაცვა? რომ "სტალინიზმისგან გასამიჯნად" საკმარისია, ძეგლისკენ ზურგით დადგე? რა იყო "სტალინიზმი", "საბჭოთა ტოტალიტარიზმი", როგორც ასეთი? სივრცე, სადაც ადამიანები გაუმართლებელ იდეებს ეწირებოდნენ, სივრცე, სადაც ადამიანი არ იყო მთავარი ღირებულება. 25 ივნისს, გორის ცენტრში (და უფრო ადრე - ქუთაისში) ადამიანი მთავარი ღირებულება არ აღმოჩნდა.

"ძალადობის ცინიკური კულტი" სულ ადვილად შეიძლება წარსულიდან აწმყოში  ჩაგვისახლდეს, თუკი მედია ისევ დახუჭავს თვალს იმაზე, რასაც ხედავს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test