შემოგვიერთდი

აღარც ბურთი და აღარც მოედანი

29.06.2010 16:05

კი, ვიცი, ამაზე ამდენ ხანს რომ არ დავწერე, ჩასაქოლი ვარ, მაგრამ იმედი მქონდა, მაინც 4 წელია, პრაქტიკა არ ჰქონიათ და იქნებ ბოლოსკენ მაინც გამოასწორონ ცოტა-მეთქი! იქამდე არ აგიდგეთ გვერდებიო - იფიქრეს ჩვენმა სპორტულმა კომენტატორებმა და ისე გამოასწორეს თავიანთი საქმიანობის ხარისხი, როგორც იტალიის ნაკრებმა - შემტევი თამაში და საფრანგეთის ნაკრებმა - საერთოდ თამაში.

არა, ეს მაინც უკვე მეტისმეტია!

პირველი შემთხვევა რომ იყოს, კიდევ აიტანდა კაცი, ან პირველი კომენტატორი რომ იყოს და პრაქტიკა რომ არ არსებობდეს, მაშინაც შეიძლებოდა თვალის დახუჭვა.

მაგრამ ეს უკვე ის შემთხვევაა, თვალები საერთოდ რომ არ მქონდეს, მაინც \ვერ დავხუჭავდი.

ძველი თაობის ერთი კომენტატორი (გვარს არ დავასახელებ) რომ გამოდიოდა და პირდაპირ ეთერში (მაშინ სად იყო ჩანაწერები და კარგი ცხოვრება) ამბობდა: დღეს მოედანზე ორი თენგიზია - თენგიზ სულაქველიძე და ნუკრი კაკილაშვილიო, ვიცინოდით და ვამბობდით, აფსუს, სად არიან კოტე მახარაძე და ეროსი მანჯგალაძეო...

ამ ორ ადამიანზე უნდა შევაჩერო მცირე ხნით თქვენი ყურადღება - ჯერ ერთი, მე ვერ მოვესწარი მათ მიერ წაყვანილ რეპორტაჟებს, ჩანაწერში მაქვს ნანახი, და მეორეც, ასევე ვერ მოვესწარი ქართული ფეხბურთის ზეობასა და ვარსკვლავების წყვეტას, ამიტომ მგონია, რომ იმ ორ ადამიანს ძალიან გაუმართლა, რომ ძირითადად ჩვენი გამარჯვების რეპორტაჟები მიჰყავდათ და ქართველებსაც ორმაგად უყვარდათ კოტე და ეროსი, იმიტომ, რომ მათი ხმა გამარჯვების მაუწყებელი იყო ყოველთვის.

ამიტომ, სანამ ჩვენს თანამედროვეე კომენტატორებზე გაგესაუბრებოდეთ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ კომენტატორებს ჩვენი არცერთი მოგება არათუ წაუყვანიათ, არცკი უნახავთ, ამიტომ, მოდი, დავინდოთ და, როგორც ქართული ფეხბურთის "პირველი მერცხალი" იტყოდა: ნახევარი ძალით დავარტყათ!

მსოფლიო ჩემპიონატის დასაწყისიდანვე თვალსაჩინო იყო ქართველი სპორტული მიმომხილველების  მუნდიალისათვის მზადყოფნა.

მე არ ვლაპარაკობ იმ ცნობილ და უკვე ჩვეულებად ქცეულ შეცდომებზე, როგორიცაა ფეხბურთელის გვარის შეცვლა.

აქ საქმე უფრო სერიოზულადაა.

კიდევ კარგი, რომ ახლა ოცდამეერთე საუკუნეა, თორემ შუა საუკუნეები რომ ყოფილიყო, პირველი არხის ერთ-ერთ სპორტულ მიმომხილველს აუცილებლად დაწვავდნენ ინკვიზიციის კოცონზე - ცრუ წინასწარმეტყველებისა გამო.

პროგნოზებს ყველა აკეთებს, მაგრამ წინასწარ განცხადება იმისა, რომ უეინ რუნი მატჩის 23-ე წუთზე გაიტანს გოლს გერმანიის კარში და ეს გოლი გადამწყვეტი იქნება ამ შეხვედრაში, ასტროლოგიასთან უფრო ახლოა, ვიდრე სპორტთან.

საერთოდ, ეს ტოტალიზატორის სპეც.ფსონები ცალკე საუბრის თემაა - საოცარი ფანტაზია უნდა გქონდეს, რომ მსგავსი რამ მოიფიქრო. და არანაკლები ფანტაზია უნდა გქონდეს, რომ ფსონს ჩახვიდე იმაზე, გაუხეთქავენ თუ არა თავს რომელიმე ფეხბურთელს მატჩის ამა და ამ წუთზე და შეამჩნევს თუ არა ამას მსაჯი.

არსებობს ასეთი საინტერესო სტატისტიკა - პოლიტიკოსების სასაუბრო ტერმინოლოგიაში ყოველი მე-14 სიტყვა არის "მე".

არ ვიცი, ამისი ოფიციალური სტატისტიკა არსებობს თუ არა, მაგრამ ფაქტია, პირველი არხის მეორე კომენტატორის საუბარში დაახლოებით ყოველი მე-4 სიტყვა არის "ეპიზოდი".

კი, გასაგებია, რომ ფეხბურთის მატჩი ეპიზოდებისგან შედგება, მაგრამ ამ დალოცვილი ქართულ ენას სხვა სიტყვებიც ხომ აქვს? ხომ შეიძლება, მესის მიერ ნაკეთებ საოცრებებსა და გატანილ გოლებს "ლოგიკურად დასრულებული საინტერესო ეპიზოდი" არ უწოდო ერთხელ მაინც?

მაგრამ ყველაზე უცნაური და, შეიძლება ითქვას, შეურაცხმყოფელი იყო ერთ-ერთი ქართველი კომენტატორის მიერ, ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მატჩის კომენტირებისას საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის, რაიმონდ დომენეკის გალანძღვა უკიდურესი ფორმით.

რაღა დაგიმალოთ და, გაურკვევლობაში ჩავვარდი - სირცხვილის გრძნობა დამეუფლა, მაგრამ ვერ გავიგე, დომენეკის მაგიერ უნდა შემრცხვენოდა თუ კომენტატორისა.

ვიცი, რომ უცხო ქვეყნის კომენტატორებიც აძლევენ თავს სხვა ქვეყნის მწვრთნელების, ფეხბურთელებისა თუ მსაჯების კრიტიკის უფლებას, მაგრამ...

მინდა, შეგახსენოთ, რომ ის კომენტატორები მათ მიერ გაკრიტიკებულ მსაჯებზე მეტს თუ არა, ცოტა ხელფასს ნამდვილად არ იღებენ და თანაც, როცა სხვისას საჯაროდ აკრიტიკებ, საკუთარი მისი ნახევარი მაინც უნდა გყავდეს.

დომენეკმა თავისი ნაკრები წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში გაიყვანა, ხოლო საქართველოს ნაკრებზე უბრალოდ გავჩუმდები - ამ თემაზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს.

როცა იტალიელი კომენტატორი აკრიტიკებს დომენეკს, მან იცის, რომ იტალიის ნაკრებს რამდენჯერმე აქვს მოგებული მსოფლიო თასი და თანაც, იტალიას ყავს მწვრთნელები, რომელთანაც დომენეკის შედარება უბრალოდ სასაცილო იქნებოდა...

ჩვენ რა გვაქვს???

ჩვენ გვაქვს "საინტერესო ეპიზოდები" ქართული ფეხბურთის ისტორიიდან, რომელსაც, სამწუხაროდ, მაშინ ქართული ფეხბურთი არ ერქვა

ახლა ჰქვია, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთი აღარ არსებობს.

როცა ფეხბურთი გვქონდა, სახელი არ გვქონდა, როცა სახელი მოვიპოვეთ, ფეხბურთი აღარ გვაქვს... საინტერესო ეპიზოდია, დამეთანხმებით!

ჰოდა, როცა საკუთარი ფეხბურთისთვის ვერ მიგვიხედია, ფრანგი მწვრთნელის კრიტიკა სასაცილოდ ჟღერს ჩვენი კომენტატორის ბაგეთაგან - ასე მგონია და რა ვიცი...

დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test