შემოგვიერთდი

სიმართლის დროდადრო

06.07.2010 07:31

საქართველოში ჩამოვიდნენ ტურისტები და ათვალიერებენ თბილისს. ვერის ბაღში ერთმა ტურისტმა გოგონამ ერთი მოწყენილი, ჩაფიქრებული მოხუცი კაცი დაინახა, დაინტერესდა და მივიდა: რაზე ფიქრობთ, პაპა, რატომ ხართ მოწყენილიო?

რატომ, შვილოო, და იმიტომო, რომ ბავშვობიდან ასე მასწავლესო _ მიუგო მოხუცმა _ ბავშვი რომ იბადებაო, თურმე ციდან ანგელოზი ეშვებაო და სხეულის გარკვეულ ნაწილზე ჰკოცნის ახალშობილსო. თუ შუბლზე აკოცა - მეცნიერი გამოვაო, თუ ხელებზე - მხატვარი ან მოქანდაკეო, თუ ყურზე - მუსიკოსი, თუ ფეხებზე - მოცეკვავე და ასე შემდეგო.

მერეო? - უფრო დაინტერესდა გოგონა.

მერე, შვილო, ვზივარ და ვფიქრობ, სად აკოცა იმ დალოცვილმა ანგელოზმა ამ ჩვენს (გვარს არ დავასახელებ და) "სიმართლის დრო"-ს ხელმძღვანელობას, კაცოოოოო....

როგორც ნიკანდრო ქილია იტყოდა: დედა, რა იყო ეს, ა?!

"სიმართლის დრო", თავისი იდეით, სკანდალურია და არცაა გასაკვირი, რომ მასში მოწვეული სტუმრები თავიანთ საიდუმლოებზე, ტკივილებსა და სიხარულზე ღიად საუბრობენ, მაგრამ ეს უკვე ტკივილიც აღარაა.

ეს აღარც ამაზრზენი რეალობაა უკვე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენ უკვე მრავალჯერ ვნახეთ და გადასარევადაც გვახსოვს ყველაფერი, ხოლო რეალობას გახსენება და შეხსენება აღარ სჭირდება.

ვინც ვერ მიხვდა, მათთვის - გასულ სამშაბათს, "იმედის" ეთერში, გადაცემა "სიმართლის დრო"-ში მოწვეული ჰყავდათ ქალბატონი ნაირა კალანდია, რომელმაც კიდევ ერთხელ უამბო ხალხს, როგორ გადააყლაპა აფხაზმა თუ კაზაკმა მებრძოლმა მოკლული შვილის თვალი.

ჯერ ერთი, რომ ეს ისტორია უკვე საზეპიროდ გვაქვს გამხდარი, და, შესაბამისად, კიდევ კარგ ჭკუაზე ვართ ყველანი, იმიტომ, რომ ამ კონკრეტულ ისტორიას უკვე მეათასედ ვისმენთ.

ამ ისტორიაზე იზრდებიან ჩვენი შვილები და ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ კაზაკები და რუსები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ, რომ ნაირა კალანდია შიშველი ჩამოკიდეს ჯაჭვზე და ქვემოდან ცეცხლი შეუნთეს და რომ მისი ცოცხლად გადარჩენა ერთი აფხაზის დამსახურებაა...

გამეორება ცოდნის დედააო, ამბობენ, მაგრამ ამ ჯოჯოხეთური ამბების მოსმენა ცოდნისთვის დედაა, ხოლო ნოე სულაბერიძისთვის (გადაცემის ხელმძღვანელია ასეთი) - შემოსავლის წყარო.

კი, ბატონო, იყოს გადაცემა სკანდალური. მას, თუ არ ვცდები, გასართობი გადაცემა ჰქვია და მასში, რაც არ უნდა იყოს, ფული თამაშდება.

ფულზე გამახსენდა - ფორუმებზე ამას სხვადასხვაგვარი ახსნა მოჰყვა. ზოგმა თქვა, დავიღალეთო, ზოგმა - საჭიროა, რომ არ დაგვავიწყდესო, ზოგმაც - ეგ იმიტომ მოიფიქრესო, რომ ფული მიეცათ მაგ ქალისთვის და დახმარებაში ჩათვლოდათო...

ფულის მიცემა თუ უნდოდათ, რა საჭირო იყო ამხელა შოუ? 4000 ლარს (თანხა, რომელიც ნაირა კალანდიამ მოიგო) ერთ "ტუსოვკაზე" ხარჯავენ ხოლმე ჩვენი "ტელევიზიონშიკები", მაგრამ აქ სხვა რამეა მთავარი:

უბრალოდ, გადაცემის მესვეურთ სურდათ, რომ ამ გაწამებული ქალის პირით კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ ხალხისთვის, რა ცუდები არიან რუსები და რა კარგები არიან აფხაზები.

მე იმის განხილვას არ ვაპირებ აქ, ვინ კარგია და ვინ ცუდი, მაგრამ ფაქტია: გადაცემამ დაკარგა თავისი პირველადი დანიშნულება და, უბრალოდ, პოლიტიკური აგიტაციის იარაღად გადაიქცა. ეს რომ ასეა, დიდი ხანია ეჭვი აღარავის ეპარება, მაგრამ მე მაინც გითხარით - გამეორება ხომ ცოდნის დედაა!

პრობლემა, რომელიც ჩვენს ტელეეთერს აწუხებს, ძირითადად უპასუხისმგებლობით, არაპროფესიონალიზმითა და ბაზარზე დამოკიდებულებით შემოიფარგლება ხოლმე, მაგრამ აქ უკვე საქმეში ერთვება პოლიტიკური ნება და შედეგად ამ გაუსაძლის სიცხეში ტელემაყურებელი იძულებულია, უყუროს იმ საშინელებას, რასაც 2010 წლის 29 ივნისის "სიმართლის დრო" ჰქვია.

ამას წინათ  ჩრდილოეთ კორეაში კურიოზული ფაქტი დაფიქსირდა: ამ ქვეყნის ერთადერთმა არხმა კორეელებს უჩვენა მათი ნაკრების ბრაზილიასთან თამაშის კადრები და მხოლოდ ერთადერთი გოლი, რომელიც კორეელმა ფეხბურთელმა ბრაზილიის ნაკრებს გაუტანა, და აუწყა, რომ მათმა ნაკრებმა ბრაზილიის ეროვნული გუნდი დაამარცხა!

მოგეხსენებათ, ჩრდილოეთ კორეაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი არ გადაიცემა და, შესაბამისად, რეალობისა და სიმართლის "მოდელირება" მათი პოლიტიკური ძალებისთვის სულ ადვილია.

როგორ გგონიათ, შორია ფხენიანამდე?

დაელოდეთ, პასუხი "სიმართლის დროში" იქნება!

სიმართლის დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test