შემოგვიერთდი

Светлана Болотникова-მ ქართველი ბლოგერები „დაავერბოვკა"

06.07.2010 16:16

На Черном море вербуют блоггеров -ასეთი სკანდალური სათაურით სტატია გამოაქვეყნა გასულ კვირას სამენოვანმა ინტერნეტ გამოცემამ Georgia Times (http://www.georgiatimes.info)  . არ აგერიოთ ქართულ გაზეთში "Georgian Times"."რადიო, ტელევიზია და ბეჭდვითი  მედია საქართველოში თითქმის სრულად ექვემდებარება ხელისუფლებას. აი ინტერნეტი, ჯერ კიდევ დაუპყრობელი ადგილია, თუმცა ყველაფერი უკვე დაგეგმილია. მხოლოდ ბლოგერების გულის მოგებაა დარჩენილი. როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო 2 თვეში ერთხელ ტარდება გლობალური საზოგადოების რჩეულების შეკრება. ახალგაზრდებს გემრიელად აჭმევენ, ასმევენ და ასწავლიან ინფორმაციულ ფრონტზე ბრძოლას."-წერს ჟურნალისტი სვეტლანა ბოლოტნიკოვა (Светлана Болотникова)

სტატია თავდაპირველად რუსულად დაიწერა, შემდეგ კი იგივე საიტის ქართულ ვერსიაზე ასეთი სათაურით გამოქვეყნდა: "შავ ზღვაზე ბლოგერები შეკრიბეს"(http://www.georgiatimes.info/ge/articles/37396.html).

ეტყობა,  თარჯიმანმა ბოლომდე "ვერ გაიმეტა" ქართველი ბლოგერები და სტატიის სკანდალური სათაური საკმაოდ უწყინარი ფორმით თარგმნა ქართულ ენაზე.  წესით, უნდა ყოფილიყო ასე- "შავ ზღვაზე ქართველი ბლოგერებს იბირებენ". თუმცა ქართულ ენაში რუსული სიტყვის вербовать ზუსტი შესატყვისი არ გაგვაჩნია,  მისი აზრი კი მართლაც გადაბირებას, მოსყიდვას, ნიშნავს.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

24-26 ივნისს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივითა და "საქაერონავიგაციის"  მხარდაჭერით, კვარიათში, შავი ზღვის პირას  გაიმართა "ქართული ბლოგინგის დღეები 2010".  ღონისძიების ოფიციალური საიტის მიხედვით სემინარის სამდღიანი პროგრამა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

- ელექტრონული სახელმძღვანელოს შექმნა დამწყები ბლოგერებისათვის,

- მარკეტინგის და ბრენდინგის სტრატეგიები კერძო კომპანიებისათვის,

- ბლოგინგის საშუალებით ბათუმის პოპულარიზაციის აქციის მოწყობა და შესაბამისი  მასალების შეგროვება,

- მთავრობისათვის რეკომენდაციების ჩამოყალიბება სოციალურ მედიაში მოქმედებების აქტივიზაციისათვის (GOV 2.0) და სხვა.

სემინარში მონაწილეობდნენ ქართველი ბლოგერები, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობასთან ვმეგობრობ. კვარიათში მეც დამპატიჟეს.  გადატვირთული სამუშაო  გრაფიკის გამო წასვლა ვერ შევძელი, არადა,  გული ძალიან დამწყდა.

ეს იყო ამ მოვლენის ქართული, ოფიციალური აღწერა. დავუბრუნდეთ სვეტლანა ბოლოტნიკოვას ფანტაზიებს. თურმე, ბლოგინგის დღეები გასაიდუმლოებულ ვითარებაში ჩატარდა, რათა მისი ადგილმდებარეობის შესახებ რუსულ სპეცსამსახურებს არაფერი გაეგოთ. თურმე, ასეთი რამეები თვეში ორჯერ ტარდება, თურმე წერტილი დაესვა ქართველ ბლოგერთა თავისუფალ აზროვნებას და კიდევ, თურმე....

თავს ძალა კიდევ ერთხელ დაატანეთ და წარმოიდგინეთ, ვთქვათ ხელისუფლებამ მოისყიდა 30 ბლოგერი. საქართველოში ამათ გარდა კიდევ რჩება დაახლოებით 700 აქტიური ბლოგერი. ვთქვათ, ამ "გადაბირებულ" ბლოგერებს გაუჩნდათ რაიმე ტიპის პროტესტი, როგორ გგონიათ, მკაცრი ცენზურის პირობებში რომელიმე მათგანს გაუჭირდება ანონიმური ბლოგის შექმნა? პირობას გაძლევთ, რომ არ გაუჭირდებათ.

ახლა ვნახოთ, რამდენად  საშიშნი   არიან  "დავერბოვკებული" ქართველი ბლოგერები, და ეკონომიკის სამინისტრომ სასწრაფოდ რატომ გადაწყვიტა მათი "დადუმება".

გადაბირებული  №1: მარიამ ტალახაძე, იგივე sweet.ge -ვარდისფერი ბლოგის ავტორი, წერს პირად ცხოვრებაზე,  დაუღალავად საუბრობს პირად მისწრაფებებზე, სერიალზე "სექსი დიდ ქალაქში", მეგობრებზე, წერს რჩევებს დამწყები ბლოგერებისთის და რაც მთავარია -  არცერთი სიტყვა პოლიტიკაზე, სოციალურ პრობლემებზე და ა.შ.

გადაბირებული №2: დოდკა,ი ხარხელი, ბლოგი dodka.ge - რამდენიმე თვეა საკუთარ ბლოგზე თითქმის არ წერს.  დღესდღეობით ის სოციალურ მედიაში სხვადასხვა აქტივობებს ხელმძღვანელობს, ატარებს ტრენინგებს და ასევე უძღვება ტელეშოუ "ნიჭიერის" ინტერნეტკამპანიას.

გადაბირებული №3: გოჩა გაბოძე, ბლოგი gabo.ge -სტუდენტი, მომავალი ჟურნალისტი. წერს საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე, ფილმებზე, თეატრზე და ა.შ. -არავითარი ახალი ამბები და პოლიტიკა.

გადაბირებული №4: ნოდარ(როკო) დავითური, ბლოგი rocko.ge - რამდენიმე თვეა მიატოვა ბლოგზე  წერა. არის  კომპანია "ო მედიას"  დირექტორი. ატარებს ტრენინგებს ახალი მედიის თემაზე.

"გადაბირებულთა"  სიის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, ისინი პოლიტიკაზე არ წერენ, არ აინტერესებთ, ამიტომ არა მგონია,  უწყინარი ბლოგერების,   სვეტლანა ბოლოტნიკოვას რომ დავესეხოთ,   "დავერბოვკებაზე"  დრო, ფული და ენერგია ფუჭად ვინმემ  დახარჯოს.

ისე, სვეტლანა ბოლოტნიკოვასაც უნდა გავუგოთ, ეტყობა არ იცის ქართული ენა, ბუნებრივია, არც ქართულენოვანი  ბლოგების შინაარსი ეცოდინება. სამაგიეროდ, ალბათ, იმ ქართველი ბლოგერების პოსტებს  ეცნობა, ვინც რუსულ ენაზე წერს, სხვათაშორის ამ ბლოგერების ერთი ნაწილი კვარიათში   ზემოთხსენებულ შეკრებაში  ღებულობდა მონაწილოებას.

რუსულენოვან ბლოგერებს ბლოგები ძირითადად livejournal.com-ზე აქვთ გახსნილი. ისინი ბევრს წერენ პოლიტიკაზე, აფხაზეთზე, რუსეთზე, საქართველოში ბოლო წლებში მომხდარ ომებზე და ა.შ. ეს გასაკვირი არც არის.  ქართველი, რუსულენოვანი ბლოგერების ნაწილი სწორედ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ახალგაზრდები არიან, რომლთა ინტერესი გასაგებია. წერენ იმ ქალაქზე სადაც დაიბადნენ, იმ სახლზე, სადაც იზრდებოდნენ და საიდანაც გამოყარეს. ამ ადამიანებს სულაც არ სჭირდებათ "ანტირუსული"  და "პროქართული" პოსტების შეკვეთა და ამ კუთხით გადაბირება, ისინი  სხვების მითითების გარეშე  წერენ ისე, ებრძვიან რუსეთის უზარმაზარ დეზინფორმაციის  მანქანას, გულწრფელად და თავგამოდებით,  ისე   როგორც მათ ესმით და როგორც შეუძლიათ.  ისინი,  დიდი ალბათობით, ამას მომავალშიც გააგრძელებენ, "ზემოდან"  კარნახის გარეშეც.  ამის ნათელი მაგალითია ბლოგერი "Sukhumi", რომლის არსებობის  შესახებ მას შემდეგ  გავიგეთ, რაც  რუსულმა სპეცსამსახურებმა მისი  ბლოგი დაბლოკეს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test