შემოგვიერთდი

ნატა ძველიშვილი

მარტივი გამოსავალი - დაკოპირება

09.07.2010 10:43

ჩემმა ერთმა  მეგობარმა საპროტესტო აქციების დროს ფოტოაპარტით ხელში ბევრი ირბინა, უამრავი სურათი გადაიღო და თავის ბლოგზე ატვირთა. მეორე დღეს ავტობუსის გაჩერებაზე მდგარმა პრესის ჯიხურში  შემთხვევით მოჰკრა თვალი საკუთარი აპარატით გადაღბულ ფოტოს, რომელიც ყოველდღიური გაზეთიდან უმზერდა. სასწრაფოდ გადაათვალიერა იმ დღეს გამოსული ბეჭდური გამოცემები და აღმოაჩინა, რომ თითქმის ყველა გაზეთმა მისი ფოტოები გადაბეჭდა.

საქართველოში საავტორო უფლებები მუდმივად ირღვევა და პლაგიატობის გამო თითქმის არავინ ისჯება, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ფოტოების თვალსაზრისით. ყველაზე ხშირად ფოტოებს სხვადასხვა ფოტოგალერეებიდან (www.boke.ge, www.photolife.ws, www.flicker.com და სხვა) იპარავენ ხოლმე. ამ საკითხზე  თავის ბლოგზე წერდა მიშა სამხარაძეც (www.kesha.wordpress.com ), რომელიც მოყვარული ფოტოგრაფია, მის მიერ გადაღებული ფოტოები ნებართვის გარეშე რამდენჯერმე დაბეჭდეს. "ინტელექტუალური ქონება ისეთივე საკუთრებაა, როგორც ოქრო, ფული ან ავტომობილი. სცადეთ და წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც  იღებს თქვენს ოქროებს და თვითონ ატარებს", - ჩივის ბლოგერი. მას შემდეგ, რაც მისი ფოტო ერთერთმა კომპანიამ  "ფლაერზე" დაბეჭდა, შეწუხებულმა "საქართველოს ავტორთა საზოგადოებას" მიმართა. საქმე სასამართლომდე მივიდა და მიშამაც კომპენსაციის სახით ფულადი ანაზღაურება მიიღო.

ფოტოებს არა მხოლოდ კერძო კომპანიები, არამედ გაზეთებისა და ჟურნალების რედაქციებიც იპარავენ, არადა, წესით, მათთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ექსკლუზიური ფოტოების გადაღება, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი საერთოა.

ხოდა, სწორედ ამიტომ, სულ რამდენიმე რედაქციას ჰყავს საკუთარი ფოტოგრაფი. ჩვენთან რატომღაც ზედმეტ ხარჯად ითვლება ფოტოგრაფის შტატი. რა საჭიროა, როცა შეიძლება ინტერნეტიდანაც მშვენივრად დააკოპირო.

ამის შედეგად ვიღებთ იმას, რომ ყველა გაზეთში ერთნაირი ფოტოებია (სატელევიზიო კადრებისა არ იყოს), ბევრი უკონტექსტო. მაგალითად ისეთი, ივლისში სტატიას რომ წერ და რესპონდენტის იმ ფოტოს სვამ, იანვარში ქურქში გახვეულს რომ გადაუღეს ან კიდევ ფეხბურთელ კალაძის იმ სურათს რომ ბეჭდავენ, სადაც გრძელი თმა აქვს, არადა კაცმა 3 წელია შეიჭრა. მკითხველს კი ჯიუტად არწმუნებ, თბილისში ჩამოსულს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოვართვიო.

ბეჭდვით მედიაში (გაზეთებს ვგულისხმობ, კიდევ კარგი, ეს პრობლემა ჟურნალებში ნაკლებია),  საერთოდ ვერ ნახავთ ფოტორეპოტაჟს, რაც ხშირ შემთხვევაში ბევრად მეტყველი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ზეწარს დამსგავსებული ტექსტი. სამაგიეროდ,  ადვილად იპოვით უკონტექსტოდ ჩასმულ გაშავებულ ფოტოს, სადაც აქცენტი გაკეთებულია გიგი უგულავას იღლიაზე. არადა,  სტატია ე.წ. "იაფი კრედიტების" პროგრამას ეძღვნება. აქვე ნახავთ ტალახისფერ დაუმუშავებელ ილუსტრაციას და მხოლოდ წარწერის წაკითხვის შემდეგ ხვდები, რომ საქარის ტბა ყოფილა. ისე, ასეთი ფოტოც ხშირად სანატრელია, მაგალითად,   ცნობილ გაზეთში 2 ფურცელი შეიძლება ისე გადაშალო, ფოტოს მსგავსი არაფერი შეგხვდეს.

ქართული პრესაში  სხვადსხვა სოციალური ქსელებიდან ფოტოების გადმოწერა წესად იქცა,  იცოდით? თუმცა ინტერნეტში უარესი ამბები ხდება, ონლაინ გამოცემები ერთი საიტიდან ფოტოებს ხომ აკოპირებენ, ამითაც არ კმაყოფილდებიან და  ტექსტსაც ზედ აყოლებენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test