შემოგვიერთდი

მშრალი ანალიზი ისტორიისთვის

09.07.2010 18:26

ჟურნალისტიკის ერთ-ერთი მთავარი თვისება ისაა, რომ ისტორიას ქმნის. პირველად ეს მაშინ გავაცნობიერე, როცა, მეორეკურსელი, საჯარო ბიბლიოთეკაში ძველ "ივერიას" ვფურცლავდი და ვგრძნობდი, როგორ ცოცხლდებოდა ჩემ თვალწინ მე-19 საუკუნის მიწურულს, ჩემ მშობლიურ ქალაქში, ქუთაისში, ჩემი თვალით უნახავი წინაპრის, ივანე ჯაიანის სახლში გამართული მეჯლისი. წარმოუდგენელი შეგრძნება იყო, თუმცა, გაზეთში დაბეჭდილმა სხვა ამბებმაც არანაკლები ემოცია შემიქმნა. მაშინდელ საქართველოში ვიყავი.

ამოგზაურებს თუ არა დღევანდელ საქართველოში XXII საუკუნის ქართველს თანამედროვე მედია? რამდენად ახლო იქნება ეს მოგზაურობა რეალობასთან? შეძლებს სრული სურათის დახატვას, მაგალითად, ორი საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ყოველკვირეული ჟურნალი, რომელიც ტაბლოიდი არ არის? ვნახოთ, როგორი საქართველოს დანახვა შეიძლება, ვთქვათ, 28 ივნისი - 4 ივლისის "ლიბერალსა" და "ტაბულაში". სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველკვირეულ გამოცემებში გასული კვირის ყველა მოვლენა  ვერ ხვდება, მაგრამ ამ ტიპის მედიას აქვს შესაძლებლობა, შეარჩიოს და სიღრმისეულად განიხილოს საკითხები.

იმ კვირაში, როცა ეს ჟურნალები გამოსაცემად მზადდებოდა, მედია საშუალებებში, სხვადასხვა დოზით, მიმოიხილებოდა შემდეგი ამბები: პრეზიდენტის ვიზიტი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, პარლამენტის თავმჯდომარისა - ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრისა - გერმანიაში, ირაკლი ალასანიასი - ვაშინგტონში; აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოსალოდნელი ვიზიტი საქართველოში, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობა; ობამასა და მედვედევის შეხვედრა, სოხუმის "დროებითი" გასვლა ჟენევის მოლაპარაკებებიდან, აფხაზეთში განლაგებული რუსული ძალების წვრთნები, ჰააგის სასამართლოს პროკურატურის წარმომადგენლების ჩამოსვლა თბილისში; საკადრო ცვლილებები მთავრობაში, ახალი საგადასახადო კოდექსი და მოსალოდნელი გაძვირებები; კაპრალის მკვლელობა შეიარაღებულ ძალებში, შეიარაღებული ძალების ვეტერანის მიერ რუსეთის ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა; უსახლ-კარო ოჯახის დაბანაკება თბილისის მერიასთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში; გლდანის ხიდის ჩამონგრევა, გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის აღება.

ეს უკანასკნელი მოვლენა ორივე ჟურნალის ყურადღების არეალში აღმოჩნდა, თუმცა უფრო საინტერესო გამოცემების მთლიანი შინაარსია. "ლიბერალი" 48-გერდიანია, "ტაბულა" - 72-იანი. განსახილველ ნომრებში, "ლიბერალი" 8 "ნიუსიდან" 6-ს უშუალოდ საქართველოს თემაზე აქვეყნებს, "ტაბულა", 18 "ნიუსიდან" - 5-ს. "ლიბერალი" ბეჭდავს 18 მასალას, აქედან 13 უშუალოდ საქართველოს ეხება. "ტაბულაში" 33 მასალის წაკითხვაა შესაძლებელი და აქედან 18 საქართველოზეა. სტალინის ძეგლის მოხსნის გარდა, ამ ნომრებში ორივე ჟურნალი დაინტერესდა ტრამპისა და საქართველოს შესაძელო დაახლოებით და საგადასახადო კოდექსით, რომლის მოსალოდნელი ცვლილებებიც მედიაში ფართო განსჯის საგანი გახდა.

ორივე  ჟურნალში შეიძლება ამოიკითხოთ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, კახა ბენდუქიძის შეხედულებები საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით, ერთგან - სვეტის ("ტაბულა"), მეორეგან - ინტერვიუს სახით ("ლიბერალი"). "ტაბულა" ლარის ინფლაციის მორალური ასპექტებითაც დაინტერესდა. რაც შეეხება პოლიტიკას, ჟენევის მოლაპარაკებებიდან სოხუმისა და ცხინვალის დროებით გასვლას (და, ზოგადად, მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში) "ტაბულამ" საგარეო საქმეთა მინისტრ გიგა ბოკერიასთან ვრცელი ინტერვიუ მიუძღვნა, "ლიბერალმა" - მოკლე ინფორმაცია. თუმცა, "ლიბერალი" აფხაზეთის თემას, უფრო სწორად, ბაღაფშის ანტიკორუფციულ მიზნებს, ცალკე მასალით გამოეხმაურა.

პოლიტიკური ასპექტებიდან, "ლიბერალისთვის", ასევე, საინტერესო აღმოჩნდა: მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები, ახალგაზრდობის სამინისტროს შესაძლებელი შექმნა, ქართული მემარცხენე პოლიტიკური პარტიები; "ტაბუალასათვის" - სიტყვა "ოკუპაციის" აშშ-სეული გამოყენება, იგივე სამთავრობო ცვლილებები, Frankfurter Rundshau-ს მიერ მომზადებული ცნობილი წერილის ("ქართული მაფია გადატრიალებას გეგმავდა") ვრცელი ანალიზი. გარდა ამისა, "ტაბულა" ვრცლად გვიყვება: პოლონეთის მოსალოდნელ  არჩევნებზე, ავღანეთში ამერიკისა და ნატო-ს ჯარების გენერლის ცვლილებაზე, კოლუმბიაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ევროპის ბოლოდროინდელ არჩევნებზე, ვითარებაზე შუა აზიაში (დევიდ ა. სმიტის სვეტი).

"ლიბერალში" უცხოეთი უფრო ახლოა. "მეზობლები" - ასე ეწოდება რუბრიკას, რომელიც გვიყვება ზაპოროჟიეზე, სადაც წელს, გაზაფხულზე სტალინის ძეგლი დადგეს და ჩეჩნეთზე, რომელიც რამზან კადიროვის "კულტურულ ტერორს" განიცდის. ამ უკანასკნელს, თურმე, არ ეზარება და მომღერლებს უთითებს, რა ჩაიცვან და რა იმღერონ, მხატვრებს - რომელ მიმართულებას მისდიონ, არქიტექტორებს - რა ტიპის შენობები ააშენონ და პირადად ამტკიცებს კიდეც მათ პროექტებს.

ზოგადად, პოლიტიკა და ეკონომიკა ის სფეროებია, რომელსაც მედია რეგულარულად უთმობს ადგილს, მაგრამ საზოგადოებრივი თემატიკა, უფრო ზუსტად - სოციალური საკითხები ბევრი მედია საშუალების ყურადღების მიღმა რჩება. ეს, რბილად რომ ვთქვათ, სამართლიანი არ არის. პოლიტიკა, ეკონომიკა, საერთაშოროსო ურთიერთობები, ნორმალურ ქვეყნებში, იმისთვის ვითარდება, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეები დაკმაყოფილებულები იყვნენ. სხვაგვარად სახელმწიფოები არ შენდება. შესაბამისად, პრობლემები, რომელიც საქართველოს ამ კუთხით აქვს, მედიას უნდა აინტერესებდეს.

სწორედ ამ კუთხით, "ლიბერალი" დააინტერესა: წყალდიდობამ თბილისში, საბჭოთა წარსულთან ჩვენმა ურთიერთობამ, საფრთხემ, რომელიც, შეიძლება, სკოლების ავტონომიას დაემუქროს, მედიცინისა და რელიგიის გადაკვეთის წერტილებმა, ოპერისა და ბალეტის თეატრის რეკონსტრუქციამ. გარდა ამისა, ჟურნალი გვთავაზობს ჟურნალისტურ გამოძიებას - "საქართველოს ნარკოტიკული რესპუბლიკა".

"ტაბულას" ფოკუსში კი, მოხვდა: აბორტი და სავალალო ქართული სტატისტიკა, ქართული საბალეტო დასი - Jacob's Pillow-ს ფესტივალზე, "ლიტერატურული მკითხაობა" "საბას" ფარგლებში, სახელმძღვანელოების ბაზარი (ბაკურ სულაკაურის სვეტი), სექს-შოპი, რომელიც არ გვაქვს (ზაზა ბურჭულაძის სვეტი), კემბრიჯის უნივერსიტეტში განხორციელებული ვეგეტატიური მდგომარეობის კვლევა, სექსუალური სკანდალი ალბანეთის კულტურის მინისტრის ირგვლივ, ფრანგი კანიბალი ნიკოლას კოლეინი და შვედი ოჯახი,  რომელიც ორწლინახევრის შვილის სქესს მალავს, თანაბრად აცმევს მას ორივე სქესისთვის განკუთვნილ სამოსს და აცხადებს, რომ ყველაფერი ეს ბავშვის თავისუფლებისთვის კეთდება.

ექვსი გვერდი უჭირავს "ტაბულაში" სპორტს, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისა და არა მარტო მისი გავლენით - სულ უცხოურს (ასეთივე ორი - "ლიბერალში"). "ტაბულა" გვთავაზობს მსოფლიო მოდის ტენდენციებსაც, ჯექსონის "მარადიულ ტრილერს" და ყველაფერი ეს, რაღაცნაირად, აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ რეალური საქართველოს დიდი ნაწილი ამ ჟურნალს (ყოველ შემთხვევაში, მის ამ ნომერს) გამორჩა. სხგვარად, შეიძლება, ასე ითქვას: "ტაბულამ" შემოგვთავაზა ერთგვარი "ხედი ზემოდან" და ადამიანების სათქმელისთვის არ დაიხარჯა; ჟურნალი, ამ ნომრით, ქმნის ისტორიას, რომელშიც ყველასთვის ადგილი არ არის.

"ლიბერალი", თითქოს, ცდილობს, მოიცვას ყველაფერი, შიგნიდან დაგვანახოს ამბები, თანაც - სრულფასოვნად, მაგრამ ჟურნალის განხილული ნომერი ცოტა ეკლექტურად გამოიყურება. მას არ აქვს ხერხემალი, ხაზი, რომელიც შიგთავსს მხოლოდ ქუდის ქვეშ არ გააერთიანებდა. "ტაბულაში" ეს ხერხემალი ძლიერია, ზედმეტადაც კი და ერთგვარი იდეოლოგიური იარაღის სახეს იღებს. რაც ამ გამოცემებს, თუ შეიძლება, ასე ითქვას, აერთიანებს, ეკლესიაა. ერთიც და მეორეც მის კრიტიკას ეწევა.

მშრალი ანალიზის ბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ ის, რასაც ამ ორი ჟურნალის ორი ნომერი XXII საუკუნის ქართველს შესთავაზებს, სხვადასხვა (ინტერესებისა და პრობლემების მქონე) საქართველოს ამბავია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test