შემოგვიერთდი

"რუსთავი-2"-ის პროფილ-აქტიკა

13.07.2010 16:04

ჩემს ერთ-ერთ წინა წერილზე ერთმა ანონიმმა კომენტარი გააკეთა: დროულად იცი ხოლმე რაღაცეების წერაო.

არ ვიცი, ჩემი თანდაყოლილი სიჯიუტის გამო თუ სხვა რამის დამსახურებით, მაგრამ ამ კომენტარის წაკითხვის შემდეგ დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა, რამე უდროო და დროსაცდენილი დამეწერა.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, გესაუბროთ გადაცემაზე, რომელმაც, რატომღაც, პირველმა დაამთავრა სატელევიზიო სეზონი და უკვე რამდენიმე კვირაა, ეთერს აღარ ამშვენებს მაია ასათიანის შოუ "პროფილი".

უდროობაზე გეუბნებოდით - მე თუ მკითხავთ, ეგ გადაცემა საერთოდ რომ გადის ეთერში და თანაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, უკვე ნიშნავს, რომ საქართველოში დრო დიდი ხანია, გაჩერდა.

მე მხოლოდ "პროფილის" წინააღმდეგ არ ვსაუბრობ, ზოგად ტენდენციაზე მოგახსენებთ - საქართველოში ჰგონიათ, რომ მაყურებელი ითხოვს დაბალი დონის გადაცემებს, მაშინ როცა არავის არასდროს ჩაუტარებია გამოკითხვა, თუ რას ითხოვს ტელეაუდიტორია. ამ მითის შედეგია მსგავსი შოუს არსებობა ქართულ ტელეეთერში.

დავიწყოთ თავიდან და მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ: როგორ გგონიათ, ნორმალურ ტელევიზიაში წამყვანს რომ მოწვეული სტუმრისთვის ეკითხა: რა განცდა დაგეუფლათ, შვილი რომ მოგიკვდათო - ტელევიზიის დირექცია რას უზამდა (წამყვანს)?

ანდა სხვა მაგალითი - ყველას გვახსოვს, როგორ ჰკითხა 4-ჯერ ზედიზედ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილს: მამათქვენი რომ მოთხრობებს წერდა, თქვენ მაგიდის ქვეშ იჯექით ხოლმე-ო?

საქმე იმაში იყო, რომ მანამდე ქალბატონმა მანანა დუმბაძემ თქვა, მამაჩემის მაგიდის ქვეშ მიყვარდა ჯდომა ბავშვობაშიო, და მას შემდეგ "პროფილის" წამყვანს სხვა შეკითხვა თითქმის აღარ დაუსვამს - რასაც ქალბატონი მანანა გაიხსენებდა, მაია ეკითხებოდა - თქვენ მაგ დროს მაგიდის ქვეშ იჯექითო?

ბოლოს, როგორც ჩანს, შეწუხდა ქალბატონი მანანა და უპასუხა: მე იმ მაგიდის ქვეშ კი არ ვცხოვრობდი, გარეთაც გამოვდიოდი ხოლმეო!

ნოდარ დუმბაძის ქალიშვილს თქმა გაუჭირდებოდა თუ რა!

როგორ შეიძლება, დაგვავიწყდეს ფანტასტიკური მომენტი, როცა ერთ-ერთმა სტუმარმა (ზუსტად არ მახსოვს, ვინ), რაღაც ძალზე ტრაგიკული ამბის მოყოლისას თქვა: ბოროტმოქმედებმა დაბლა დამაგდესო, წამყვანმა ჰკითხა - დიდხანს ეგდეთ მაგ მდგომარეობაშიო?

მინდა, აღვნიშნო, რომ თვითონ გადაცემის იდეა და ფორმატი თავისთავად ცუდი არაა, მაგრამ ასეთი კაზუსების გამო ხანდახან ტრაგედია კომედიად იქცევა ხოლმე და პირიქით!

პრინციპში, ეს უკვე კაზუსებიც აღარაა - ეს უკვე შემოქმედებაა!

დამეთანხმებით, საოცარი ფანტაზია უნდა გქონდეს, რომ სეზონის განმავლობაში გასული გადაცემების 90%-ში ერთი და იგივე მუსიკალური ჯგუფი მოიწვიო სტუმრად!

ბოლოს და ბოლოს, იმ ჯგუფსაც შერცხვა და სიმღერა მიუძღვნა შოუ "პროფილს".

აღტაცებას იწვევს ხოლმე ფაქტი, როცა გადაცემაში მუსიკა ისმის და წამყვანი ცეკვას იწყებს! არცთუ დიდი ხნის წინ, ტელეკომპანია "ევრიკა" რომ უშვებდა ხოლმე გადაცემებს, ის მახსენდება ამ დროს ყოველთვის.

კი, რა თქმა უნდა, ლარი კინგიც ცეკვავდა ხოლმე ჯენეტ ჯექსონის თანხლებით და ოპრა უინფრიც, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მაია ასათიანი ისევე განსხვავდება ოპრასგან, როგორც ნინო ჩხეიძე - ჯენეტ ჯექსონისგან და ამიტომ კიდევ ერთხელ - დაბალი დონის მაჩვენებელია, როცა ორი სიფრიფანა, ლამაზი გოგონა ლოთურ სიმღერებზე ცეკვავს, თანაც მაღალრეიტინგულ შოუში, და ორჯერ უფრო დაბალი დონეა, როცა ერთი ამ გოგონათაგანი ამ ლოთურ სიმღერას მღერის, ხოლო მეორე - ამ მაღალრეიტინგული შოუს წამყვანია!

ასეა, მაგრამ რა გინდა - აქვს რეიტინგი და!

ზემოთაც გითხარით, მე მხოლოდ "პროფილზე" არ ვლაპარაკობ-მეთქი. მე მინდა, ზოგადად შოუების კულტურაზე და მათი წამყვანების პროფესიონალიზმზე მეთქვა ორიოდ სიტყვა. თუ გამომივიდა, ხომ კარგი, თუ არა და, ე. ი. ჩემგანაც კარგი შოუმენი დადგება!

იმედია, როგორც პირველმა დაამთავრა ძველი სეზონი, ასევე პირველი "პროფილი" გახსნის ახალ სატელევიზიო სეზონს და სექტემბრიდან ახალ-ახალი კურიოზები არ მოგვაკლდება!

დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test