შემოგვიერთდი

ბეწვის ხიდზე

20.07.2010 15:28

პირადი სივრცე ის სივრცეა, რომელში შეჭრის უფლება ჟურნალისტს, საჯარო პირების შემთხვევაშიც კი, ძალიან იშვიათად აქვს. პირადი სივრცე სხვა სამყაროა, სხვისთვის გაუგებარი გრძნობებით, ემოციებით, ფიქრებით. ადამიანის პირადი სივრცე განსაკუთრებული ინტიმია და ამიტომ უნდა იყოს იგი ზედმიწევნით დაცული. რწმენაც ამ ინტიმის ნაწილია. რწმენაში მოცემული სიყვარული ის მოცემულობაა, რომელსაც მეცნიერული დეფინიციებით, ქიმიური ფორმულებით ვერ ახსნი. იუნგის (კარლ გუსტავ) მიხედვით, "რელიგია არის ცოცხალი კავშირი სულის პროცესებთან, რომლებიც ცნობიერებაზე კი არა არის დამოკიდებული, არამედ სადღაც მის მიღმა, სულის დაფარულ კუნჭულებში მიმდინარეობს" ("ღვთაებრივი ყრმა").  შესაბამისად, არავის უნდა ჰქონდეს უფლება, აიძულოს სხვა უყვარდეს მაინც და მაინც "მისი" ღმერთი ან არ უყვარდეს საერთოდ.

თანამედროვე მსოფლიოში იძულების სხვადასხვა ფორმა არსებობს, ერთ-ერთი, საკითხის მარგინალიზაციაა - ის, რასაც ქართული მედიის ნაწილი, რომელიც თავს ლიბერალური ღირებულებების მიმდევარს უწოდებს, მორწმუნეების წინააღმდეგ იყენებს. რელიგიის, რწმენის წარსულის გადმონაშთად გამოცხადება და მორწმუნეთა რეტროგრადებად წარმოდგენა ამ ფორმის ერთ-ერთი შემადგენელია. თუმცა, ლიბერალიზმი, როგორც მიმდინარეობა, უწინარესად, ადამიანის არჩევანის თავისუფლებას ეფუძნება. "ლიბერ" ლათინური სიტყვაა და "თავისუფალს" ნიშნავს, ლიბერალიზმის ზოგადი განმარტება კი ასეთია: ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლება, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან, განკარგოს საკუთარი თავი და საკუთრება.

ექსპერტი ადამიანის უფლებების საკითხებში, ფრიდონ საყვარელიძე ლიბერალიზმის შემდეგ კრებსით დახასიათებას აკეთებს: "ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც შეზღუდულია სახელმწიფო ხელისუფლება და მისი ფუნქცია მინიმუმამდეა დაყვანილი. ლიბერალიზმის ფუნდამენტური ღირებულებებია: საზოგადოების ყოველი წევრის პირადი თავისუფლება და პირადი პასუხისმგებლობა; არჩევნებისა და გაერთიანებების თავისუფლება; ხელისუფლების დაყოფა; კანონის უზენაესობა; საზოგადოების დემოკრატიული მშენებლობა და საზოგადოების დემოკრატიული კონტროლი სახელმწიფოზე; კერძო საკუთრება, ეკონომიკური თავისუფლება, საბაზრო ეკონომიკა; უფლებათა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობათა თანასწორობა ყოველი მოქალაქისათვის" (ჟურნალი "სოლიდარობა", #4'06).

პრობლემა, რომელიც, ბოლო რამდენიმე წელია, ქართულ მედიაში შეიქმნა, სათავეს სწორედ ლიბერალიზმის არაწორი გაგებიდან იღებს. ჟურნალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკლესია ქვეყნის საერო ცხოვრებაში ერევა და ამით ზღუდავს, როგორც სახელმწიფოს, ისე მისი მოქალაქეების უფლებებს. ამის დასადასტურებლად მოყვანილი არგუმენტები კი, ძალიან ხშირად, მორწმუნეებს შეურაცხყოფს. შედეგად, ვიღებთ ჩაკეტილ წრეს, რომლის შიგნითაც ლიბერალიზმისთვის ბრძოლა მორწმუნეების წინააღმდეგ ბრძოლის ელფერს იძენს და - პირიქით. მაგალითისთვის, წლევანდელი მაისის ერთ-ერთი ყველაზე "ცხელი" თემა - ერთი მოყვარულის მიერ დაწერილი "საიდუმლოს"ირგვლივ განვითარებული მოვლენები ავიღოთ.

"ბრძოლა გრძელდება - მართლმადიდებლები თუ ლიბერალები" - ასე დაასათაურა "რეზონანსმა" (08.05.10) რეპორტაჟი, რომელიც ილიას უნივერსიტეტის წინ გამართულ შეხლა-შემოხლაზე მოგვითხრობს. ჟურნალისტმა და გაზეთმა, სათაურში, ბრჭყალების გარეშე გამოიყენეს სიტყვები "მართლმადიდებელი"  და "ლიბერალი", რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ბრძოლა მართლმადიდებლებსა და ლიბერალებს შორის მართლაც მიმდინარეობს. ეს კლიშე, ერთგვარად, განეიტრალებულია რეპორტაჟის ტექსტში, ფრაზით - "...აგინებდნენ და უყვიროდნენ ე.წ. ქრისტინობის დამცველები ე.წ. ლიბერალებს", - თუმცა, სათაურში გაპარული შეცდომის დამაბალანსებლად იგი მაინც ვერ ჩაითვლება.

მეორე კლიშე, რომელსაც ამ რეპორტაჟში ვხვდებით და, ასევე, მინდა, შევეხო, ერთ-ერთი რესპოდენტის სიტყვებითაა მოტანილი: "რუსული ძალებით იმართება ყველაფერი, ებრძვიან ქართულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მათ შორის უნივერსიტეტებსაც", - ამბობს იგი, რაც ლიბერალიზმისა და, როგორც ჩანს, ყოველგვარი რუსულის დაპირისპირებას გულისხმობს. ამ თვალსაზრისით საინტერესოა კიდევ ერთი მასალა, რომლის წაკითხვა "ლიბერალის" 30-ე ნომერშია შესაძლებელი, სათაურით - "მოძრაობა "წინ".

"მოძრაობა "წინ" ახალგაზრდული მოძრაობის შესახებ მოგვითხრობს და კითხვები მის მიმართ არ გაჩნდებოდა, რომ არა ერთი აბზაცი. ავტორი წერს: "მიუხედავად დიდი იდეოლოგიური მსგავსებისა, ახალგაზრდული მოძრაობის "წინ" წევრები უარყოფენ რაიმე სახის კავშირს რუსულ ფაშისტურ იდეოლოგ ალექსანდრე დუგინთან, რომელმაც ევრაზისტული დოქტრინა შეიმუშავა და ერთიანი ევრაზიის იდეა წარმოადგინა, რომელშიც დომინანტი სახელმწიფო რუსეთია, საქართველო და უკრაინა კი - მისი ნაწილები."

მასალაში არსადაა საუბარი იმაზე, თუ რა კონკრეტული მსგავსება დაინახა ავტორმა "წინ"-ისა და დუგინის იდეოლოგიას შორის; რა კავშირშია "დომინანტი რუსეთისა და მისი ნაწილი საქართველოსა და უკრაინის" იდეა ამ ახალგაზრდულ მოძრაობასთან. შესაბამისად, რჩება შთაბეჭდილება, რომ დუგინის დასახელება საჭირო გახდა "წინ"-სა და რუსეთს შორის კავშირის შესაკვრელად. მოძრაობა "წინ"დღეს "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" წევრია, "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" უკან კი ახლა დგას მალხაზ გულაშვილი, რომლის დამოკიდებულება რუსეთისადმი უკვე მარგინალიზებული თემაა.

კლიშე - რაც ლიბერალური არ არის, ე.ი. რუსულია - ქართულ მედიას თანდათან შემოეპარა. ეს ერთგვარი ტრანსფორმირებული სახეა დღეს დამკვიდრებული შტამპისა - "რუსეთის აგენტი". ამგვარი შტამპები და კლიშეები ზღუდავს აზროვნებას, ფიქრის, მსჯელობის არეალს, შესაბამისად, ჟურნალისტის მიზანი არ უნდა იყოს საკითხის ასე "გამარტივება". თუ გვაქვს ფაქტი, რომელიც ჩვენ დასკვნას დაადასტურებს, მოვიტანოთ, თუ არა - დასკვნას მხოლოდ საკუთარი შეხედულების საფუძველზე ნუ გავაკეთებთ. ეს არასესიოზულია.

ილიას უნივერსიტეტის წინ და ტელეკომპანია "კავკასიაში" მაისში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრს მისცა ბიძგი, რელიგიის შესახებ კიდევ ერთხელ ემსჯელა, თუმცა, განსაკუთრებით საინტერესო, ამ თვალსაზრისით, აღმოჩნდა "ლიბერალის" იმავე ნომერში დაბეჭდილი მასალა - "ხელისუფლება და ეკლესია არჩევანის წინაშე" (იმიტომაც, რომ ჟურნალი "ლიბერალი" ქართულ მედიაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალანსებულ გამოცემად მიიჩნევა). სამწუხაროდ, მასალა სავსეა საზოგადოების დიდი ნაწილის შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით. მაგალითად:

"ქართველი ხალხი მიტინგებზე ნასწავლმა რელიგიურობამ და მასობრივი ლოცვების გამოცდილებამ იმ ელექტორატად ჩამოაყალიბა, რომელიც ნებისმიერ უღირსს მისცემს ხმას, თუკი ის მთავარ ლოზუნგად მართლმადიდებლობისა და ქართული ტრადიციების დაცვას გაიხდის", - ეს მხოლოდ ავტორის შეხედულებაზე დაფუძნებული დასკვნაა, ვარაუდი, რომელიც, შეიძლება, არც გამართლდეს, არადა, მას გვაწვდიან, როგორც ჭეშმარიტებას;

"ჩვენ მოქალაქეებს პროტესტი მაშინაც კი არ უჩნდებათ, როცა გამდიდრებულ, უცხოურ ჯიპებზე შემომსხდარ უბირ სასულიერო პირებს უსმენენ, რომლებიც მხოლოდ მორჩილებასა და ქართული ტრადიციების ერთგულებას ქადაგებენ", - ზოგადი ფრაზები, რომელიც, კონკრეტიკის გარეშე (რომელი "უბირი" სასულიერო პირები? რომელი "ქართული ტრადიციების"? სად და როდის?), მხოლოდ ავტორის გაღიზიანებას აჩვენებს;

"აქცენტი მხოლოდ გარეგნულ, ზედაპირულ მხარეზე კეთდება - ქალი შარვლით ეკლესიაში ვერ შევა, მარხვის დროს კი სუპერმარკეტები სამარხვო ტორტებითა და ნაყინებით ივსება", - აბზაცს თუ მივყვებით, პრეტენზია გამოითქმის ეკლესიის მისამართით, რომელიც, ავტორის სიტყვებით, "მრევლს ფსევდორელიგიურობის გარდა, ვერაფერს სთავაზობს", მაგრამ გაუგებარია, რა კავშირია ეკლესიაში შარვლით შესვლასა და სუპერმარკეტების სამარხვო ტორტებითა და ნაყინებით ავსებას შორის.

ეს ის ბეწვის ხიდია, რომელიც ლიბერალიზმსა და ლიბერალიზმის შესახებ წარმოდგენას შორის გადის - შენი ფასეულობების ქადაგებისას არ შეურაცხყო სხვისი ფასეულობები. თუნდაც, შენთვის მიუღებელი. ამ კუთხით კიდევ ერთ ციტატას განვიხილავ: "სკოლებსა და საავადმყოფოებში, პარლამენტში და მთავრობის წევრების კაბინეტებში ლენინის კუთხეები ხატების კუთხეებით შეიცვალა". ვისაც როგორ უნდა, ისე შეავსებს თავისუფალ კუთხეს - ასე უფრო ლიბერალური უნდა იყოს, მაგრამ მთავარი აქ უფრო კავშირი ჩანს, რომელიც ავტორს უნდა დაგვანახოს -  ლენინის კუთხის ხატების კუთხედ ტრანსფორმირება. კარგ ასოციაციას ეს, რა თქმა უნდა, არ გამოიწვევს.

ყველაზე რთული ჟურნალისტიკაში ობიექტურობის შენარჩუნებაა. თეორიულად, იცი, რომ არავის და არაფრის გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცე, რომ საკუთარმა შეხედულებებმა  ტენდენციური არ უნდა გაგხადოს, რომ შენი საქმე ფაქტებისა და მოვლენების სწორად დალაგება და მათი მიუკერძოებელი ანალიზია. ყველაფერი ეს კარგად იცი, მაგრამ ყოველთვის ვერ ახერხებ იყო მხოლოდ მაყურებელი, პირუთვნელი შემფასებელი. ჟურნალისტური პროფესიონალიზმის ზღვარიც აქ გადის - შენ შესაძლებლობაზე დარჩე "სხვა" მაშინაც კი, როცა საქმე შენთვის ყველაზე პირად, ყველაზე მტკივნეულ საკითხს ეხება, იყო ობიექტური გამტარი ამბისა, რომელიც საზოგადოებამდე შენი - ჟურნალისტის საშუალებით მიდის.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test