შემოგვიერთდი

ჩემი და ჩემი ძმისია!

20.07.2010 16:04

მახსოვს, ამ რამდენიმე წლის წინ, როცა "რუსთავი-2"-ზე ჯერ კიდევ "ღამის შოუ დავით გოგიჩაიშვილთან ერთად" გადიოდა, ამ უკანასკნელმა (დავით გოგიჩაიშვილმა) იხუმრა - ამბობენ, რომ ტელევიზია იმას ეკუთვნის, ვინც ამ ტელევიზიის ეთერში ყველაზე ხშირად ჩნდებაო. ამ ლოგიკით "რუსთავი-2" არის ზურაბ ჟვანიას ტელევიზია, ტელეკომპანია "კავკასია" კი - რაჯ კაპურის ტელევიზიააო!

ეს ხუმრობით, ისე, რაც შეეხება სიმართლეს - ახლა 21-ე საუკუნეა, ხალხი იცვლება, უკვე გამოგონებულია დიდი ადრონული კოლაიდერი, ადამიანები სერიოზულად ფიქრობენ მარსზე გადასახლებაზე, მსოფლიოს დიდმა ფანტასტებმა რაც იწინასწარმეტყველეს, 80% ახდა, სადაცაა, შიდსისა და კიბოს წამალს გამოიგონებენ...

საქართველოში კი ისევ ვერ გაურკვევიათ, რომელი ტელევიზია ვის ეკუთვნის!

ჯერ იყო და, "ტელე-იმედი" ვისი იყო, მაგაზე გვამტვრევინეს თავები. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების მერე ჩვენს საზოგადოებაში, მედიასა და ვერის ბაღის ბირჟაზე სამი საკითხი იდგა დღის წესრიგში: იქნება თუ არა მეორედ მოსვლა, ეშველება თუ არა ქართულ ფეხბურთს რამე და ვისია ტელეკომპანია "იმედი"?

ხან ჯოზეფ კეისიაო, ხან არველაძისაო, ხან ვისი და ხან ვისიო. მერე ისეთი ამბები დატრიალდა, რომ "იმედი" კი არა, ჩვენ ვის ვეკუთვნოდით (ან ვის მივკუთვნებოდით), ვეღარ გაგვეგო.

ახლა, ცოტა რომ დავწყნარდით და ჩვენი მოკლე ჭკუის გამოისობით უკვე დაგვავიწყდა, რა დღეშიც ვიყავით, დღის წესრიგში ახალი საკითხი დადგა - ვისია "რეალ-TV"?

ატყდა დიდი სჯა-ბაასი, დაიწყო გამოკვლევები, აღმოჩნდა, რომ "დონაძის ტელევიზიად" წოდებული "რეალ-TV" სინამდვილეში სხვა ადამიანს ეკუთვნის, ექსპერტებმა გააკეთეს შეფასება,  რომ თურმე მაუწყებლობის შესახებ კანონი დარღვეულია და ა. შ.

კი, მაგრამ აზრად არავის მოსდის, რომ მთავარი ტელევიზიის მესაკუთრე კი არა, ტელევიზიაში მომუშავე კადრები და სარედაქციო პოლიტიკაა? თუ იქნებ ასე არაა? ჩვენთან ხომ ყველაფერი პირიქითაა...

საერთოდ, აქ, ჩვენთან, არათუ სარედაქციო, სახელმწიფო პოლიტიკასაც ერთი კაცი განსაზღვრავს. ასე, რომ ტელევიზიის მიმართულებას რომ მისი მესაკუთრე წყვეტდეს, ნამდვილად არაა გასაკვირი.

წესითა და რიგით, კანონი უნდა წყვეტდეს ამ პრობლემას და გვაქვს კიდეც ეს კანონი, მაგრამ რად გინდა? რომელ კანონს ვიცავთ, რომ ამას ვიცავდეთ?

ამიტომ შემომაქვს წინადადება: თუ გვსურს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ, რომელი ტელევიზია ვისია და ვინაა მისი ბატონ-პატრონი, აიღეთ და ყველა ტელევიზია გადმომიფორმეთ მე!

მართალია, ამის მერე, ფაქტობრივად, მონოპოლისტი გავხდები, მაგრამ ამითი დიდი არაფერი დაშავდება, დიდი-დიდი, საერთაშორისო საზოგადოებრიობამ შეშფოთება გამოთქვას.

სამაგიეროდ, გპირდებით, რომ ადგილი აღარ ექნება ისეთ რაღაცეებს, როგორიც იყო "მოდელირებული ქრონიკა" და თანაც, ჩვენი ექსპერტების მაღალღირსი გონება აღარ დაკავდება იმაზე ფიქრით, თუ ვის ეკუთვნის ესა თუ ის ტელევიზია - ყველას ეცოდინება, რომ ყველა ტელევიზია ჩემია და მორჩა!

საქმე კი იმაშია, რომ ტელევიზია ისეთი უნდა იყოს, ტელემაყურებელს არ უნდა ადარდებდეს, ვის ეკუთვნის იგი. ნათქვამია: ხილი იხილე, მებაღეს რას ჰკითხულობო, მაგრამ მებაღეს  მაშინ მოიკითხავენ ხოლმე, როცა ხილი არ ვარგა და უგემურია.

დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test