შემოგვიერთდი

ქვის ხანა

22.07.2010 11:57

მინი კლტურული შოკი

ზემო იმერეთში არსებული მედიასაშაუალებების შესახებ ამბის გასაგებად ჭიათურასა და საჩხერეს ჯერ კიდევ ადრე გაზაფხულზე ვესტუმრე. გზად კი ზესტაფონშიც გავიარე. ამ სამი ქალაქიდან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება ჭიათურამ მოახდინა. ქალაქი მთებით გარშემორტყმულ ქვაბულშია აშენებული. აქ მთავარი საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბაგირო გზაა. ჭიათურის სხვადასხვა უბნები ერთმანეთთან სწორედ საბაგიროებითაა დაკავშირებული. მოსახლეობის უმრავლესობა დღემდე მოქმედ რამდენიმე მაღაროსა და ე.წ. ტრესტში მუშაობს. ყველა მაღარო უკვე რამდენიმე წელია "ჯორჯიან მანგანეზმა" შეიძინა. ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყეს და ის ამ მადნის მოპოვების ცენტრად იქცა ამიერკავკასიაში.

საჩხერე-ჭიათურისკენ თბილისიდან გადავსებული მიკროავტობუსით წავედი. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ტრანსპორტში ერთადერთი უცხო ადამიანი ვყოფილვარ. აბსოლუტურად ყველა მგზავრი, მძღოლის ჩათვლით, ერთმანეთს იცნობდა. მათ დაუყონებლივ გაარკვიეს ჩემი ვინაობა და ამ მხარეში ჩემი ვიზიტის მიზანი. რგოროც კი გავცდით თბილისს, მიკროავტობუსში ნამდვილი ქეიფი დაიწყო: ზოგმა არაყო ამოიღო ჩანთიდან, ზოგმა პური, ზოგმა ძეხვი და დაიწყო ერთჯერადი ჭიქების ავსება-დაცლა. მინი კულტურული შოკიც მივიღე.

ჭიათურაში მხოლოდ საოჯახო სასტუმროები მუშაობს, იმასაც ნაცნობობით თუ მიაგნებ. ეს გასაგებიცაა. როოგრც ჩემი მასპინძლისგან ვიგებ, ჭიათურას მხოლოდ ათასში ერთხელ თუ ესტუმრება ისეთი ადამიანი, ვისაც ახლობელი არ ჰყავს ამ ქალაქში.

დილიდანვე გავედი ქუჩაში და დავიწყე პრესის ჯიხურის ძებნა. ვიპოვე, თუმცა არცერთ მათგანში არ იყიდებოდა ადგილობრივი პრესა-ათასში ერთხელ სულ რამდენიმე ცალი შემოაქვთ და ისიც არ იყიდება, ამიტომ არ ვიტოვებო-ესეც გაზეთის გამყიდველის პასუხი. დავადექი საჩხერის გზას. საჩხერის ავტოსადგური, მიმდებარე ბაზარი, გაშავებული კორპუსები-ძალიან დამთრგუნველ სანახაობას ქმნის. ქალქის ცენტრი და გამგეობის შენობა შედარებით გალმაზებული და შეღებილია.

საჩხერეში მხოლოდ ერთადერთი გაზეთი გამოდის, რომელსაც "მოდი ნახე" ჰქვია. გაზეთი საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სრულად ფინანსდება და მისი წლიური ბიუჯეტი 20 ათასი ლარი. "მოდი ნახეს" რედაქცია საჩხრის გამგეობის ერთ, ნახევრად დანგრეულ ოთახშია განთავსებული. რედაქციაში სულ 3-4 ადამიანი მუშაობს კომპიუტერის გარეშე. კომპიუტერის არქონის მიზეზად უსახსრობას ასახელებენ. გაზეთს გამოსცემს ასოციაცია "მასმედია", რომელიც საჩხერეში 2002 წელს დაარსდა. ასოციაციის ხელმძღვანელი და "მოდი ნახეს" რედაქტორია ქეთევან ბაზაძე. გაზეთი 6-8 გვერდიანია, თვეში ერთხელ გამოდის და მისი ტირაჟი 500 ცალს არ აღემატება. 2008 წლის მონაცემებით, საჩხერეში 56 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

საჩხერისგან განსხვავებით გაცილებით ნაკლები, 14 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს ჭიათურაში. აქ გამოდის ორი გაზეთი და მაუწყებლობს ტელეკომპანია "იმერვიზია", რომელიც ამ რეგიონის სხვა მედიასაშუალებზე გაცილებით განვითარებული და წარმატებულია.

გაზეთ "ჭიათურაში" ზუსტად იგივე სიტუაციაა, რაც "მოდი ნახეში"-არც ნორმალური სამუშაო ოთახი, არც კომპიუტერი, არც სამუშაო მაგიდა... ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ "ჭიათურას" გაცილებით ნაკლები დაფინანსება აქვს.

2010 წელს ჭიათურაში პირველად გამოიცა გაზეთი "ახალი ჭიათურა". ის ენთუზიაზისტმა ახლგაზრდებმა გამოუშვეს. გაზეთი საზოგადოებრივ-პოლიტიკურია და თვეში ერთხელ გამოდის ყოველგავრი დაფინასების გარეშე.

ზესტაფონსა და ჭიათურაში ვრცელდება ყოველთვიური გაზეთი "ჯორჯიან მანგანეზი", რომელიც კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" გამოსცემს. ის ძირითადად კომპანიის თანამშრომლებისა და მაღაროელების ცხოვრებასა და მუშაობას აშუქებს. მიუხედავად იმისა, რომ გაზეთი მსხვილ ფირმას ეკუთვნის, მის თანამშრომელბს არც საკუთარი სამუშაო ოთახი აქვთ და არც კომპიუტერი. სტატიებს სახლში, ქაღალდის ფურცლებზე წერენ. თუმცა, რედაქცია მთლად ქვის ხანაში ჩარჩენილი არ არის - ქაღალდზე დატანილი მასალები ციფრულ ფორმას რომელიმე კომპიუტერულ ცენტრში იძენენ.

ეჰ, ზესტაფონო...

საჩხერე-ჭიათურის უღარიბესი რედაქციებიდან წამოსულს ზესტაფონში კიდევ თუ რამე გამიკვირდებოდა ნამდვილად არ მეგონა. ზესტაფონში მაუწყებლობს ტელეკომპანია "არგო", რადიო "იმერი" და გამოდის გაზეთი "ზესტაფონის მოამბე". სამივე მედიასაშუალების მფლობელია შპს "ინფორმკავშირი". "ინფორმკავშირის" დამფუძნებელია ცხრაკაციანი ჯგუფი, რომლებიც მორიგეობით ითავსებენ ტელეკომპანიაში სხვადასხვა თანამდებობას: დაწყებული ტელეკომპანიის დირექტორობიდან, დამთავრებული შენობის დაცვით. აღნიშნული შპს უკვე 15 წელია არსებობს და მართავს რამდენიმე მედიასაშუალებას. "ზესტაფონის მოამბე" სრუალად ფინანსდება ზესტაფონის ბიუჯეტიდან.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test