შემოგვიერთდი

ბურქა, „ტვიტები“ და მინისტრი

26.07.2010 13:17

ქართულ ბლოგებს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ყურადღებით ვაკვირდებოდი. მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება და ყველა მათგანისთვის თვალყურის დევნება ცოტა არ იყოს რთულიც არის. ბლოგების გარდა საინტერესო ამბები ხდება სოციალურ ქსელებში.ჩვენში, მას შემდეგ, რაც ფეისბუქი ყველაზე პოპულარული გახდა, ტვიტერის (Twitter) ათვისება დაიწყეს. მოკლედ, ქვემოთ გთავაზობთ, ჩემი სუბიექტური აზრით, საინტერესო ორიოდ ბლოგის მიმოხილვას და სოციალურ ქსელების ბოლო დღეების ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს. მსგავსი მიმოხილვა დღეიდან Media.Ge-ზე პერიოდულად გამოქვეყნდება.

ვიდეოლექცია

ბლოგერმა შოთა(ლიშთოთა) ხინჩაგაშვილმა საკუთარ ბლოგზე lishtota.blogspot.com ვიდეოლექციების გამოქვეყნება დაიწყო. პირველი ასეთი ვიდეოპოსტის ქრონომეტრაჟი ოცი წუთა. ზოგადად, ქართველი ბლოგერების ძალიან მცირე ნაწილი აწარმოებს ვიდეობლოგს და ვინც ამას აკეთებს, სერიოზულ თემებზე ფაქტობრივად არავინ არ საუბრობს. ლიშთოთას ლექციები ინტერნეტით live stream-ის საშუალებით ონლაინ რეჟიმში გადაიცემა, შემდეგ კი ნებისმიერ მსურველს ჩანაწერის ნახვაც შეუძლია.

18 ივლისს გამოქვეყნებულ ვიდეო ლექციაში ქართველი ბლოგერი საუბრობს ბოლო დროს ეკონომიკის სამინისტროს მიერ "ქართული ბლოგინგის განვითარებისთვის" გაწეულ საქმიანობაზე. მისი თქმით, "როცა ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, რომ ამ სფეროს განვითარებას ხელს უწყობს, ამაში ვერ შეედავები. მე რომ მათ ადგილზე ვიყო, მეც ამას გავაკეთებდი. როცა ეკონომიკის სამინისტრო და სხვა არაძალოვანი სახელმწიფო უწყება ბლოგერებთან იწყებს თანამშრომლობას, აქ უნდა ვიყოთ ფრთხილად. აქ (საქართველოში) ინფორმაციის თავისუფლება შეზღუდული არ არის, მაგრამ არც პირადი ინფორმაციაა დაცული. პირადი საუბრები ვისიც საჭიროა, იმისი ისმინება, ტექნიკურად არ არის დაცული IP მისამართის პრივატულობა. პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის მოფრთხილების კულტურა ჩვენში არ არის და ა.შ."

ბლოგერი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ ქართველი ბლოგერების სხვადასხვა პროექტში ჩართვა, ბლოგერებს, ძალაუნებურად, ანგარიშვალდებულს ხდის, რომ მათ სამომავლოდ სამინისტროს ანგარიში გაუწიონ და პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ამ უწყებაზე ცუდი არაფერი დაწერონ.

საფრანგეთი vs მაჰმადიანი ქალები

ქართველი ბლოგერი თორნიკე გეწაძე 18 ივლისს გამოეხმაურა საფრანგეთში მუსლიმ ქალთა რელიგიური სამოსის, ბურქის აკრძალვას. პოსტის სათაურია "მაღალი ქუსლები" -ბურქას აკრძალვის კრიტიკოსების ფეილიhttp://2kija.eu/2010/07/21/7894-2/).

ბლოგერი წერს: "ევროპის ქვეყნებში ბურქისა და სპაიდერმენის ფორმის აკრძალვა ერთგვარი უკან დახეული ნაბიჯია. თან არსებითი მნიშვნელობა არ აქვს არგუმენტს, არც აკრძალვის ობიექტს - მთავარია, რომ სახლემწიფო ერევა იქ, სადაც მისი ცხვირი ვეღარ ეტევა".

საბოლოოდ, პოსტმა ბლოგზე საინტერესო დისკუსია გამოიწვია. ერთ-ერთი მკითხველი კომენტარებში წერს: "ბურქის შიგნით რაც არის, ეს პირველ რიგში, თავისუფალი ადამიანია, რომელსაც, რასაც უნდა, იმას ჩაიცვამს! და შიშს ბურქის არძალვა უფრო იწვევს, ვიდრე ვინმეს ჰელოუინის ან რეგულარი ჩასაცმელი. რამდენად უკან გადადგმული ნაბიჯია - იკაიფე, ადამიანებს ეუბნებიან, რა არ უნდა ჩაიცვან 21 საუკუნეში, სირცხვილია"

მკითხველებს შორის ისეთებიც არიან, რომლებიც ბურქის აკრძალვას ემხრობან და ამაში დასაძრახსაც ვერაფერს ხედავენ: "ვეთანხმები ბურქის აკძალვას და ქმრებისთვის სანქციების დაწესებას. რა პიროვნებაზეა საუბარი, როცა ქალს არავითარი უფელაბა არ აქვს და იმას აკეთებს, რასაც ქმარი ეუბნება. ეს ბურკში ჩაცმული ქალი პიროვნება იქნებოდა, თუ რაიმეში მაინც ექნებოდა თავის გამოხატვის საშუალება. მეგობრებიც კი არ ჰყავთ, გარდა თავისი ჩაკეტილი წრისა და ვერც ვერასდროს ეყოლებათ მეგობარი, რადგან არავის სურს შავ ყუთთან საუბარი. რას ვაკეთებ, როცა მეტროში ბურქიანი ადამიანი შემოდის? - ვცდილობ მოვერიდო, ან საერთოდ გავიდე ვაგონიდან." - წერს ერთ-ერთი მათგანი.

"ტვიტები" მობილურით

რამდენიმე დღის წინ სწორედ ეკონომიკისა სამინისტროსა და სინგულარ ჯგუფის თანამშრომლობის შედეგად შიქმნა სერვისი tweet.ge, რომლთაც, ძირითადად, ქართველი ბლოგერები სარგებლობენ. აღნიშნული სერვისი ტვიტერის ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ტვიტერის სტატუსები მობილური ტელეფონიდან გაგზავნილი sms-ით გაანახლონ. პროექტის პოპულარიზების მიზნით, გამოცხადდა კონკურსი. ბლოგერი, რომელიც tweet.ge-ს შესახებ საუკეთესო პოსტს დაწერს და მნახველთა მაქსიმალურ რაოდენობას დააგროვებს, საჩუქრად კომპიუტერს მიიღებს. კომპიუტერის მოგების სურვილმა ათობით ბლოგერი ჩაითრია კონკურსში. ამ პროექტის შედეგი უკვე სახეზეა: ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ჩემს ტვიტერს 30-ზე მეტი ადამიანი "აედევნა", რაც იმას ნიშნავს, რომ ტვიტერზე საქართველოდან დღითიდღე უფრო მეტი ადამიანი რეგისტრირდება. თუმცა, ერთმა პატარა პრობლემამ კვლავ იჩინა თავი: ტვიტერით ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც შეიძლება, რამეში გამოგადგეს. ბლოგერთა ნაწილი 5 წუთში ერთხელ ანახლებს სტატუსს ტექსტით: "ვაიმე, მზეზე დავიხრუკე", "ავტობუსში ეს წუთია ავდგი ფეხი", "ჩავდივარ მეტროში" და ა.შ.

მინისტრი twitter-ზე

სოციალურ ქსელებში გასული დღეების მთავარი მოვლენა ფეისბუქსა და (http://www.facebook.com/#!/profile.php?id=701925485&v=wall&ref=ts) ტვიტერში (http://twitter.com/VeraKobalia) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრის, ვერა ქობალიას (http://twitter.com/VeraKobalia) ანგარიშების აღმოჩენა იყო. ვერა ქობალია 28 წლისაა და ის წლების მანძილზე კანადაში ცხოვრობდა. ის საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა, მინისტრად კი სულ რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა.

ვერა ქობალიამ ფეისბუქით გამოაცხადა ეკონომიკის სამინისტროში არსებული ვაკანსიების შესახებ. რამდენიმე დღის შემდეგ კი აპლიკანტებს კვლავ მიმართა, რომ საკუთარ რეზიუმეში მიეთითებინათ, თუ რომელ ვაკანსიაზე შეაქვთ განაცხადი. მინისტრი სტატუსებს სოციალურ ქსელებში ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურ ენაზე აქვეყნებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test