შემოგვიერთდი

სიკვდილი და გადასახადები

27.07.2010 16:47

"ცხოვრებაში ორი რამაა გარდაუვალი: სიკვდილი და გადასახადები",  - ამბობდა ბენჯამენ ფრანკლინი.

ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ყველა, წყევლაში არ ჩამითვალოთ და - აშკარაა, ქართველი "ტელევიზიონშიკებისთვის" გარდაუვალი მარტო სიკვდილი დარჩა.

როგორც ვაჟა ზაზაევიჩი იტყოდა - ყველაფერი გამიგია! უპასუხისმგებლობაც გამიგია, არაპროფესიონალიზმიც გამიგია, სულის გაყიდვაც გამიგია და სხეულისაც, საზოგადოების მოტყუებაც გამიგია, მოდელირებული "ქრონიკაც" გამიგია, სახელისუფლებო დაკვეთის შესრულებაც გამიგია, პროტესტის ნიშნად ტელევიზიის დატოვებაც გამიგია (გამიგია რა, მეც გამიკეთებია), ფულის გულისთვის ყველანაირი ეთიკის ფეხებზე დაკიდება  გამიგია...

ყველაფერი გამიგია, მაგრამ ასეთი რამე?! 36 მლნ ლარის ოდენობით დავალიანების ჩამოჭრა??? რატომ? რა დამსახურებით, თორემ კი!

რა, მაუწყებლობის ხარისხი გამოასწორა რომელიმემ? თუ ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარ შეცდომებზე მაინც ისწავლეს რამე?

თუ ვინმემ არ იცით - საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსში შევიდა  ცვლილება, რომლის თანახმადაც, საქართველოში არსებულ ყველა ტელევიზიას 2010 წლის 1მარტის მდგომარეობით წარმოშობილი დავალიანებები (საერთო ოდენობით დაახლოებით 36 მლნ ლარი) შეუწყდებათ.

რა არის ეს? წახალისება? თუ სხვა რამ, რომელზეც ბევრს ლაპარაკობენ და ბოლომდე არავინ არასდროს არაფერს ამბობს?

მავანნი და მავანნი ამბობენ, ამ შეღავათით რეგიონული ტელევიზიებიც იხეირებენო.

შესაძლოა, მართალიც იყოს, მაგრამ ეს ისეთივე შეღავათი იქნება, აშშ-ს მთავრობამ დონალდ ტრამპს რომ პენსია დაუნიშნოს სხვა მოხუცებულებთან ერთად.

რა თქმა უნდა, ყველამ კარგად იცის, ვინ, ვისთვის და რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

მაგრამ, მოდი, დავფიქრდეთ - რა შედეგებს მოიტანს ეს საგადასახადო ამნისტია? იქნებ დადებითი მოვლენაა და მე ვერ ვხვდები? ვითომ ტელევიზიებს რომ სახელმწიფოს ვალი აღარ ექნებათ, უფრო დამოუკიდებლები იქნებიან?

მეეჭვება, იმიტომ, რომ პირველი, რასაც ეს ამნისტია გამოიწვევს, იქნება ისედაც გამძაფრებული დაუსჯელობის სინდრომის კიდევ უფრო გამძაფრება და გაძლიერება.

თანაც, მოგეხსენებათ, ჩამოჭრილი დავალიანება იგივე ფულის გადახდაა, ხოლო ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს ხოლმე ძირითადად.

როგორც ვიცით, ამნისტია იურიდიული ტერმინია და სისხლის სამართალში მისი გამოყენების შემდეგ, როგორც წესი, დანაშაულის რეციდივის დაახლოებით 40%-იანი მაჩვენებელი ფიქსირდება ხოლმე, ანუ, გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ამნისტიის შედეგად გათავისუფლებულ პირთა 40% განმეორებით ჩადის დანაშაულს.

და რატომ გგონიათ, ან ამ ამნისტიის ავტორებს რატომ ჰგონიათ, რომ სისხლის სამართლის პრაქტიკა ტელევიზიებზე არ გავრცელდება? თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ ქართველები მაქსიმალისტები ვართ - სხვაგან თუ 40%-ია რეციდივი, ჩვენთან 100% იქნება.

რასაც ჩვენი ტელევიზიები აქამდე აკეთებდნენ,  ფინანსური ამნისტია კი არა, ძალიან მკაცრი სანქციები ეკუთვნოდათ. თუ სისხლის სამართლის დანაშაულზე მიდგება საქმე, ისევ ის მოდელირებული "ქრონიკა" გავიხსენოთ, რომელმაც, როგორც ამბობენ,  რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მაგრამ, როგორც ვხედავთ, ჩვენმა სახელმწიფომ, სანქციების მაგიერ მათი წახალისება გადაწყვიტა და დავალიანება გაუნულა.

საინტერესოა, რატომ?

ყველაზე მეტად მაინც საზოგადოებრივი მაუწყებლის (იგივე პირველი არხი - ვაჟა ზაზაევიჩის თქმისა არ იყოს: მომკლავს ეს ორ-ორი სათაური!) ამბავი მიკვირს - ეს ტელევიზია ისედაც ბიუჯეტიდან ფინანსდება და რა გამოდის? სახელმწიფომ, რომელიც ფულს აძლევს საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტიდან, გადასახადი ჩამოაჭრა მას, რომ ბიუჯეტში არ შეეტანა?

მართალი გითხრათ, ძალიან დავიბენი...

ასეა თუ ისე, ჩვენს ბიუჯეტში წელს 36 მლნ ლარით ნაკლები შევა, ხოლო ჩვენ კიდევ რას გვიმზადებს ამნისტირებულ-შეწყალებული ქართული ტელეეთერი - ერთმა ღმერთმა იცის!

მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩიკაგოში სწორედ გადასახადების გამო დაიჭირეს უცნობილესი მაფიოზი ალ კაპონე, რომელმაც რამდენიმე ასეული ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.

როცა ამაზე ვფიქრობ, ერთი შეკითხვა მიჩნდება - იმ ცნობილი ალ კაპონესთვის აშშ-ს მთავრობას საგადასახადო დავალიანებები რომ ჩამოეჭრა, ვინ იცის, კიდევ რამდენ ადამიანს შეიწირავდა?

ალ კაპონეს ალკატრასის ციხეში ამოხდა სული.

ნახვამდის!

P.S. ფრენსის ფორდ კოპოლას უკვდავ "ნათლია"-ს ბოლო სერიაში არის ასეთი დიალოგი: როცა ვინჩენცო კორლეონეს (რომელიც, სხვათა შორის, ენდი გარსიას პერსონაჟია) ესაუბრება ერთ-ერთი მოხუცი მაფიოზი, ასეთ რამეს ეუბნება:

- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დიდ ბიზნესში!

- მე პოლიტიკასა და ფინანსებში ვერ ვერკვევი! - პასუხობს ვინჩენცო.

- იარაღში ხომ ერკვევით?

- იარაღში კი!

- ჰოდა, ფინანსები იარაღია - ამბობს მოხუცი - ხოლო პოლიტიკა იმის ცოდნაა, როდის უნდა გამოჰკრა სასხლეტს ხელი!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test