შემოგვიერთდი

ხელოვნური გაახალგაზრდავების პროცესი

29.07.2010 10:42

წელს, გაზაფხულზე, აქტიურ საქმინობას ჩამოსცილდა 89 წლის ამერიკელი ჟურნალისტი ჰელენ ტომასი. ვისაც რეიგანისა და გორბაჩოვის ცნობილი ერთობლივი პრეს-კონფერენციის კადრები უნახავს, ემახსოვრება პირველ რიგში მსხდარი, ბლოკნოტებითა და ავტოკალმებით შეიარაღებული ორი ხანშიშესული ქალბატონი, რომელიც ყურადღებით უსმენს პრეზიდენტების გამოსვლას. ერთ-ერთი მათაგანი ჰელენ ტომასი გახლავთ.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი შენობა ათეული წლების განმავლობაში მასპინძლობდა მას - ჟურნალისტს, რომელთანაც, Newsmake-ს ინფორმაციით, აქტიურად ურთიერთობდნენ კენედი, ჯონსონი, ნიქსონი, ფორდი, კარტერი, რეიგანი, ბუში უფროსი, კლინტონი და, რომელსაც ნაკლებად სწყალობდა ბუში უმცროსი, ვის პოლიტიკასა და ამბიციებსაც ყოველთვის აკრიტიკებდა.

ჰელენ ტომასი მთელი ეპოქაა ამერიკული ჟურნალისტიკისთვის და, რომ არა ხმაურიანი განცხადება, რომელიც 27 მაისს ებრაელებთან დაკავშირებით გააკეთა, შეიძლებოდა, იგი კიდევ არაერთხელ გვეხილა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგებსა თუ პრესკონფერენციებზე. ქვეყანაში, სადაც ჰელენ ტომასი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროფესიას წარმოადგენს, წლები და გამოცდილება ჟურნალისტისთვის მხოლოდ პლუსია.

ამერიკა, ამ მხრივ, გამონაკლისი არ არის. გამონაკლისი უფრო საქართველოა, სადაც ასაკი, ჟურნალისტიკაშიც ისევე, როგორც თითქმის ყველა სფეროში, დღეს, განაჩენივით ჟღერს. არ მავიწყდება ტელეეკრანზე, მორბენალ სტრიქონში ამოკითხული განცხადება: "სამუშაოდ ვიწვევთ 25 წლამდე გამოცდილ ჟურნალისტებს." სტაჟი ყოველთვის არ არის პროფესიონალიზმის პროპორციული, არც განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების არსებობის გამორიცხვაა მართებული, მაგრამ ქართული ჟურნალისტიკის ხელოვნური გაახალგაზრდავების მცდელობა, ჩვენი პროფესიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უმნიშვნელო პროცესი ნამდვილად არ არის.

ამ პროცესს ორი, ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული მიზეზი უნდა ედოს საფუძვლად. პირველი ადვილ მართვას გულისხმობს, მეორე - ფინანსურ მოგებას. თავისი არსით, ორივე მოკლევადიანი პროექტია, მაგრამ, ქართული შრომის ბაზრის პირობებში, განახლებას უპრობლემოდ ახერხებს. განვიხილოთ ისინი უფრო დეტალურად.

ახალგაზრდა და გამოუცდელი კადრი სუფთა დაფასავითაა. როცა პირველად ეხება თემას, სრულიად დამოკიდებული ხდება იმაზე, რასაც ეტყვიან, ვისაც ურჩევენ. ასე გრძელდება იქამდე, ვიდრე ამ (თუ სხვა) თემის ირგვლივ საკმარის ინფორმაციას არ დააგროვებს, საერთო, შეძლებისდაგვარად სრულ სურათს არ დახატავს. ეს ხანგრძლივი პროცესია, ხშირად წლებიც კი გრძელდება და მათი მსვლელობის პარალელურად, ჟურნალისტი სულ უფრო მეტ და მეტ დამოუკიდებლობას იძენს.

ვისთვისაც მოვლენების ასეთი განვითარება მიუღებელია, ვისაც ჟურნალისტი სტატისტის როლში სჭირდება, ვისთვისაც იგი მხოლოდ სასურველი ინფორმაციის, აზრის, იდეის გამტარია, მათი დამკვიდრების ერთ-ერთი საშუალება, "გამოცდილებაშეპარულ" კადრს ახლით, მორიგი გამოუცდელი კადრით ანაცვლებს. მოქმედი შრომითი კანონმდებლობა და უმუშვერებით ზომაზე მეტად გაჯერებული შრომის ბაზარი შესანიშნავი ნიადაგია ამისთვის. გამონაკლისი ამ შემთხვევაშიც არსებობს - როცა ჟურნალისტი მის მართვას არ აპროტესტებს. თუმცა, ეს უკვე სხვა თემაა, სხვა მორალური კატეგორია და ამაზე - ქვემოთ.

ფინანსური მოგება. გამოცდილი ჟურნალისტი ქართულ ბაზარზეც კი, შედარებით ძვირი ღირს. ქართულ მედიას ფინანსები უჭირს. ზოგ შემთხვევაში, იმიტომ, რომ ცოტა აქვს, ზოგ შემთხვევაში, იმიტომ, რომ არასწორად ანაწილებს - მმართველ რგოლს მაღალი ხელფასები ენიშნება და, ფაქტობრივად, ანაზღაურების გარეშე რჩებიან ისინი, ვინც ძირითადი პროდუქტი უნდა შექმნას - ჟურნალისტები.

ამ შემთხვევაში, გამოუცდელი კადრი არის ის, ვისი დაქირავებაც საუკეთესო გამოსავლად რჩება. ისინი ცოტაზეც ყაბულს არიან, დასაწყისისთვის, შეიძლება, სრულიად უანგაროდაც იმუშაონ, რადგან, იმ ეტაპზე, საკუთარი სახელისა და გვარის დაფიქსირება მათთვის ბევრს ნიშნავს. იმ ეტაპზე ჟურნალისტიკა მათთვის ნალებად არის ხელობა (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით), რომელმაც, პატიოსანი შრომით, პური უნდა აჭამოს.

მაგრამ დგება სხვა ეტაპიც, როცა ახალგაზრდა ჟურნალისტი უკეთეს ანაზღაურებას ითხოვს და მედიამფლობელიც არჩევანის წინაშეა - შეცვალოს კადრი ან უარი თქვას ფინანსურ მოგებაზე. მოქმედი შრომითი კანონმდებლობა და უმუშვერებაც  ამ შემთხვევაშიც ის ორი შემადგენელია, რომელიც მედიამფლობელს არჩევანის სათავისოდ გაკეთების შესაძლებლობას აძლევს.

ორივე განხილული მიზეზი ერთ შედეგს იძლევა - ზარალდება საზოგადოება. პირველ შემთხვევაში - ინფორმაციით მანიპულირების, მეორე შემთხვევაში კი - დაბალი პროფესიონალიზმის გამო. სხვაგვარად, პირველ შემთხვევაში, საზოგადოების ინტერესები მავანის უპატიოსნობის, მეორე შემთხვევაში კი - ამბიციის (იყოს ცნობადი, ერქვას მედიამფლობელი და ა.შ.) გამო ზარალდება. და გზა ამისკენ ჟურნალისტიკის ხელოვნურ გაახალგაზრდავებაზე გადის.

რაც შეეხება მართულ ჟურნალისტს. ალბათ, გულწრფელობა,  შრომისმოყვარეობა - ის კრიტერიუმებია, რომელიც ჩვენი პროფესიის ადამიანს უნდა ახასიათებდეს. ამ ჩამონათვალში ვერაფრით ჯდება ჟურნალისტის მზაობა, იყოს მართული. უბრალო მიზეზით - არ შეიძლება ჟურნალისტს მართავდეს ვინმე ან რამე, საზოგადოებრივი ინტერესის გარდა. როცა ჩვენ ამ რეალობას უგულვებელჰყოვფთ, ეჭვქვეშ, სულ მცირე, საკუთარ პროფესიონალიზმს ვაყენებთ.

ჰელენ ტომასმა ჟურნალისტიკიდან წასვლის გადაწვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ მის მიერ ნათქვამი სიტყვები მისსავე საზოგადოებრივ სტატუსს არ შეეფერებოდა. ასე წასვლა ნამდვილად არ იქნებოდა მის გეგმებში, მით უმეტეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვაწლმოსილ ადამიანებს პენსიაზე დიდი ზარ-ზეიმით მიაცილებენ. მაგრამ მან, პროფესიონალმა, კარგად იცოდა, რა არ ეპატიება ჟურნალისტს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test