შემოგვიერთდი

ეთიკური ჟურნალისტიკა

30.07.2010 13:19

ამ ორი წლის წინათ, ჩემი არქივი გადავათვალიერე. ერთ მასალას ვეძებდი და საკუთარი ნაშრომების კითხვას შევყევი. აღმოვაჩინე, რომ 30 პროცენტი მაინც იმისა, რაც დამიწერია, აღარ მომწონდა. იმიტომ არა, რომ თემა იყო უმნიშვნელო, იმის გამო - როგორც იყო დაწერილი. გაღიზიანება კარგა ხანს გამყვა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს კარგია - დაინახო საკუთარი თავი გვერდიდან, მიაგნო საკუთარ ხარვეზებს, შეცდომებს და, ყველაფერი ამის აღმქმელმა, იგრძნო, როგორ გაიზარდე. ეს არის საუკეთესო შეგრძნება, რომელიც წლებს და გამოცდილებას მოაქვს - მიხვდე, რას ნიშნავს "უკეთესი".

1000-ზე მეტმა ხელმომწერმა გააუქმა ხელშეკრულება ჰოლანდიურ გაზეთ "ტელეგრაფ"-თან იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა, რამდენიმე თვის წინათ, ლიბიაში მომხდარი საზარელი ავიაკატასტროფის ერთადერთ გადარჩენილ მგზავრ, 8 წლის ჰოლანდიელ ბიჭუნასთან ტელეფონით ჩაწერილი ინტერვიუ და ფოტოები გამოაქვეყნა. საზოგადოებამ მიიჩნია, რომ სტრესულ მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანის შეწუხება არაეთიკური იყო, მით უმეტეს მაშინ, როცა მან საკუთარი მშობლების მდგომარეობის შესახებ არაფერი იცოდა.

ამგვარი ექსკლუზივის "მოხერხება", ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნებოდა, ბავშვი ჰოლანდიის რომელიმე საავადმყოფოში რომ მოეთავსებინათ. ჟურნალისტებს "გაუმართლათ", დაზარალებული ლიბიაში რომ იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მათ, ასევე გაუმართლებდათ, იგი საქართველოში რომ აღმოჩენილიყო - კამერები და მიკროფონები, ფოტოაპარატები და დიქტოფონები აქ ჩვეულებრივი ამბავია ნებისმიერი სტაციონარისთვის, მიუხედავად იმისა, განეკუთვნება თუ არა კონკრეტული უბედური შემთხვევა საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს, კონკრეტული დაზარალებული - საჯარო პირთა რიგს.

საჯარო მოხელეების, პოლიტიკოსების გარდა, რომლებიც, თავიანთი საქმიანობით, საზოგადოების ბუნებრივი ინტერესის ობიექტს წარმოადგენენ, საჯარო პირად მიიჩნევა, საქმიანობის, გამოსვლებისა თუ განცხადებების შედეგად ცნობადი სახე. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ასევე - კერძო პირი (ან პირები), რომლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალში ხვდება. ეს არის კრიტერიუმები, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებში სასამართლოსთვის საჯარო პირად აღიარების საფუძველს წარმოადგენს.

თუმცა, ამგვარი აღიარება არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს საჯარო პირების პირადი სივრცის უაპელაციოდ დარღვევის უფლება ეძლევა. საქართველოს მედიის ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ სემინარზე, ჟურნალისტური ეთიკის შესახებ (თბილისი, 17-18 ივლისი, 2010 წელი), რომლის თაობაზეც Media.Ge უკვე მოგითხრობდათ, მედიის ჰოლანდიელმა ექსპერტმა დაფნე კოენმა წარმოადგინა პირად სივრცის დარღვევებთან დაკავშირებული საერთაშორისო მაგალითები, რომელიც მეტად საინტერესო სურათს იძლევა.

მაგალითად, ერთმა ქალბატონმა ესტონეთში პრეს-საბჭოში შეიტანა საჩივარი ადგილობრივ გაზეთზე, განაცხადა რა, რომ საჯარო აბანოში მყოფი მისი სამი წლის ვაჟის ფოტოს გამოქვეყნებით, გამოცემამ ბავშვის პირადი სივრცე დაარღვია. საბჭო დაეთანხმა საჩივარს, რადგან ჟურნალისტს არ გააჩნდა იქვე მყოფი ბაბუას თანხმობა გადაღებაზე, ამასთან, გაზეთის მხრიდან პირადი სივრცის დაცვის პრინციპის დარღვევად მიიჩნია ის, რომ "მუნიციპალური საუნა არის "ნახევრად-ინტიმური" ადგილი და ადამიანები მოელიან, რომ იქ მათ სურათებს არ გადაუღებენ, როცა ისინი ტანსაცმლის გარეშე ბანაობენ."

ბავშვების გადაღების, მათთვის ინტერვიუების ჩამორთმევის ფორმებზე მიუთითებს გაერო-ს ბავშვის უფლებების დაცვის კონვენცია, რომელიც საქართველოს მიერაცაა აღიარებული. დოკუმენტის მიხედვით, ამგვარი მხოლოდ ბავშვის მშობლების, მეურვის თანხმობითაა დაშვებული. თუ ზემოთ მოყვანილ შემთხვევაში ბავშვის უფლება, მისი პირადი სივრცე დარღვეულად ჩაითვალა, სხვა გადაწყვეტილება მიიღეს ბრიტანეთში, ფეხბურთის სტადიონზე გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით.

10 წლის გოგონა და მისი მამა ფოტოჟურნალისტებმა ოლდ ტრაფორდზე, ფეხბურთის ასოციაციის თასის გათამაშებისას, "ლივერპულის" მიერ "ჩელსის" დამარცხების შემდეგ გადაიღეს. მოსარჩელე (ბავშვის მამა) აცხადებდა, რომ ჟურნალმა საყოველთაო დაცინვის საგნად გამოიყვანა მისი ქალიშვილი და აღშფოთებული იყო იმით, რომ გოგონას სახე, სხვა გამოცემებისგან განსხვავებით, დაფარული არ იყო.

სრჩელის განმხილველმა კომისიამ დაასკვნა, რომ ამ ფოტოს გამოარჩევდა ანტისაზოგადოებრივი ჟესტი და ბავშვის სიახლოვე მამასთან, რომელიც ამ დროს ნაცისტური მისალმების პოზაში იდგა, რის გამოც იგი შემდეგ დააპატიმრეს. ასევე - რომ ხალხმრავალ გარემოში, საჯარო ღონისძიების დროს (სადაც მრავალი ფოტოგრაფი და სატელევიზიო კამერაა სახეზე) გადაღებული სურათი არ შეიძლება ჩაითვალოს ბავშვის პირად ცხოვრებაში შეჭრად და მისი კეთილდღეობისთვის საფრთხის შემქმნელად.

პირადი სივრცის დარღვევად ბრიტანელებმა სხვა ფაქტი მიჩნიეს - სტატია, რომელიც მსახიობ ქალს ეხებოდა. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ მან უარი განაცხადა როლის შესრულებაზე, რადგან ფეხმძიმედ იყო და, ამ მიზეზის გამო, იქამდე შეთავაზებულ როლზეც თქვა უარი. ამასთან, გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ "მისი მცდელობები, შექმნას ოჯახი, ხელს უშლის მსახიობის კარიერულ წინსვლას."

ყველა ეს დასკვნა ჟურნალისტების, მედიის ექსპერტების მიერ არის გაკეთებული. მედია თავადვე აცხადებს, სად შეცდა, რა არ გააკეთა სწორად. ეს არ უნდა იყოს ზედმეტი, მით უმეტეს, რომ მტკიცების ტვირთი ჟურნალისტზე, როგორც წესი, არ არის, როცა ჩვენი პროფესია უფრო მორალური, ეთიკური კრიტერიუმების ზღვრებშია. გვაქვს თუ არა ჩვენ, ჟურნალისტებს მორალური უფლება, სხვებს მოვუწოდოთ ეთიკური საქციელისკენ, ვაკრიტიკოთ ისინი, თუკი ამგვარი ნორმების დარღვევის უფლებას საკუთარ თავს მივცემთ?

მაგალითად, როგორ უნდა აინაზღაუროს მიყენებული მორალური ზარალი ადამიანმა, რომელსაც რესპექტაბელური იმიჯის მქონე ნაცნობი ჟურნალისტი ურეკავს, კონკრეტულ საკითხზე ისე ესაუბრება, რომ არ აფრთხილებს, მისგან კომენტარს თუ იღებს, საუბარს დიქტოფონზე იწერს და შემდეგ სიტყვა-სიტყვით, მოსაუბრის ვინაობის მითითებით აქვეყნებს მას? საკმარისია, თავი უნებლიე რესპოდენტის ადგილზე წარმოიდგინო, რომ მიხვდე, რას შეიძლება განიცდიდე ასეთ დროს.

ეთიკურ ჟურნალისტიკაში ფარული ჩანაწერის გამოყენება აკრძალულია იმ შემთხვევაშიც კი, როცა ჟურნალისტი რესპოდენტს (ან რესპოდენტებს) საკუთარ თავს წარუდგენს. გამონაკლისი მხოლოდ მაშინ დაიშვება, როცა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხის გასაშუქებლად სხვა გზა აღარ რჩება. მინიმუმ, ორი წყარო და ინფორმაციის ჯვარედინი გადამოწმება, მხარეების თანაბრად მოსმენა, მათი ბუნებრივი და არა ხელოვნური ბალანსი - ამ კრიტერიუმებით მოქმედებს თანამედროვე ეთიკური ჟურნალისტიკა.

საკითხი - რა არის ეთიკური ქართველი ჟურნალისტებისთვის, ყველაზე ცხარე განსჯის საგნად ეთერში მოდელირებული "ქრონიკის" გასვლის შემდეგ იქცა. ტელევიზიამ ბოდიში მხოლოდ კომუნიკაციის ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, დათქმული ვადის მიწურულს მოიხადა, "სპეციალური რეპორტაჟის" წამყვანმა კი, საკუთარი ხელმოწერა, საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიიდან საკითხის განხილვამდე გაიწვია, განაცხადა რა, რომ მისდამი დამოკიდებულება ტენდენციური იყო.

ეთიკურობისთვის, აუცილებელი არ არის ხელს რომელიმე დოკუმენტზე აწერდე. მთავარი ეთიკური ნორმების დაცვაა. ნორმების, რომელიც, დაფნე კოენის სიტყვებით, "საჭიროა მეტი კომფორტისთვის სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში." ეთიკური ჟურნალისტიკა თანხმდება, რომ აბსოლუტური სიმართლე არ არსებობს, მაგრამ ფაქტის, რესპოდენტების შეხედულებებისა და ჟურნალისტის მოსაზრებების გამიჯვნა - საუკეთესო საშუალებაა რეალობის ობიექტურად დასახატად.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test