შემოგვიერთდი

ტყუპები

08.09.2010 13:04

ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს საგაზეთო ჯიხურები ყველაზე ჭრელი ქართული გამოცემებით ახლდება. ამ დღეებში "თბილისელების", "რეიტინგის", "სარკისა" და "გზის" ახალი ნომრები გამოიცემა. "თბილისელები" ყველაზე სქელი გამოცემაა (გასული კვირის ნომერი, მაგალითად, 108-გვერდიანი იყო) და შედარებით ძვირი, 1,50 ლარი ღირს, დანარჩენების შეძენა 1 ლარად შეიძლება ("რეიტინგის" იმავე პერიოდის ნომერი 96-გვერდიანია, "სარკის" - 88-იანი, "გზის" - 98-იანი).

ამ გამოცემებიდან,  ქართულ მედიაბაზარზე პირველი "სარკე" გამოჩნდა, იგი 1998 წლის 23 იანვრიდან გამოდის. 2000 წლის მარტიდან გამოდის "გზა", 2001 წლიდან - "თბილისელები", 2003 წლის 2 მაისიდან - "რეიტინგი". თვითდამკვიდრების ხანა ამ გამოცემებმა კარგა ხანია გაიარეს, მათგან ყველაზე "ახალგაზრდა" უკვე 7 წელია ბაზარზეა, თუმცა, კითხვაზე, - რა ტირაჟით იბეჭდებიან, - პასუხი არც ერთგან გაგვცეს, თავაზიანად განაცხადეს რა, რომ ეს მათი კომერციული საიდუმლოა.

რამდენიმე თვეა, ეს გამოცემები, ჟურნალებთან ერთად, შეღავათიან ფასებში, წიგნებსაც გვთავაზობენ. "სარკემ" მკითხველს ქართული პოეზია შესთავაზა, "გზამ" - ქართული პროზის საგანძური, "თბილისელებმა" -  მსოფლიო ლიტერატურის შედევრები და ბესტსელერები, "რეიტინგმა" - მსოფლიო დეტექტივები. "სარკის" კომერციული დირექტორი ვაჟა შენგელია ამას აუცილებელ ნაბიჯს უწოდებს. მისი გადადგმა, გაყიდვების მდგომარეობის გამოსასწორებლად გახდა საჭირო.

ქართული ბაზრის სიმცირე და ფინანსური კრიზისი გაყიდვებზე ბუნებრივად მოახდენდა გავლენას, თუმცა, ამ გამოცემების გადათვალიერებაც კმარა, რომ დარწმუნდე - მიზეზი კიდევ არსებობს და ის ერთ-ერთი ყველაზე მთავარია. "სარკე", "გზა", "თბილისელები", "რეიტინგი" ტყუპებივით გვანან ერთმანეთს. განსხვავებულს ისინი, ფაქტობრივად, არაფერს სთავაზობენ მკითხველს. შესაბამისად, ბაზარზე, თუნდაც მცირეზე, ახალ ნიშას კი არ იკავებენ, "ლუკმას" ერთმანეთს ართმევენ.

ეს განცხადება ზოგადი რომ არ გამოჩნდეს, ერთად გადავავლოთ თვალი ამ გამოცემების გასული კვირის ნომრებს. დავიწყოთ ყდით. ყველა ფერი, მხოლოდ ადამიანები და გამოტანები, ბევრი ადამიანი და ბევრი გამოტანა - ასეთია ისინი. ერთდორულად სამ გამაღიზიანებელზე მეტის აღქმას ადამიანი ვერ ახერხებს, ამ ყდებზე კი, ლამის მთელი გამოცემის შიგთავსია დატეული. დავთვალოთ.

"სარკის" ყდაზე  11 ადამიანის ფოტოა და 11 გამოტანა. კიდევ 4 ადამიანი და 4 გამოტანაა ყდის შიდა მხარეს, 3 ადამიანი და 3 გამოტანა - მესამე გვერდზე, 2 ადამინი და 3 გამოტანაა უკანა ყდაზე. 13 ადამინი და 11 გამოტანაა "თბილისელების" ყდაზე, 1 ადამიანი და ერთი გამოტანა - გამოცემის უკანა ყდაზე. "გზა" - ყდაზეა 10 ადამიანი და 9 გამოტანა, "რეიტინგი" - 6 ადამიანი და 7 გამოტანა ყდაზე.

მეორე, რაც ამ გამოცემებს აერთიანებს ინტერვიუების სიმრავლეა. "თბილისელებში" 44 ინტერვიუა დაბეჭდილი, "რეიტინგში" - 24, "სარკეში" - 22, "გზაში" - 15. რესპოდენტები არიან როგორც საჯარო ("ვარსკვლავები", პოლიტიკოსები, ექსპერტები, მეცნიერები, მწერლები, ექიმები, მოძღვრები, ახალი სახეები) ისე კერძო პირები (მზესუმზირის გამყიდველი, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, სტუდენტები, მოსწავლეები და ა.შ.).

საქართველო პატარა ქვეყანაა, ბევრი საჯარო პირი არ გვყავს და, ხშირად, ერთსა და იმავე დროს, სხვადასხვა გამოცემაში, ერთი და იგივე ადამიანი გვხვდება. ამ კუთხით, საინტერესოა ერთი საგამომცემლო სახლის, "პალიტრა მედიას" გამოცემები - "გზა" და "რეიტინგი". ორივეშია ინტერვიუები მომღერალ ეკა კვალიაშვილათან და "მის ბიკინი" თაკო შუბითიძესთან და ოთხოვე ინტერვიუ დამოუკიდებელი სახით, განსხვავებული კითხვებითაა მოცემული (თუმცა, ეკა კვალიაშვილთან ორივე ინტერვიუ ერთი ავტორის მიერაა ჩაწერილი და ფოტოებიც ერთი და იგივე აქვს).

ინტერვოუების ნაწილი, რომელსაც ეს გამოცემები გვთავაზობენ და ცნობილ უცხოელებთანაა ჩაწერილი, ბუნებრივია, თარგმანია, თუმცა, ყურადღებას უფრო აქაური ინტერვიუები იპყრობს. მათი ნაწილი კეთდება ისეთ საკითხებზეც, რომელთა შესახებ უპრიანი სტატიის დაწერა იქნებოდა. მაგალითად, "თბილისელებში" დაბეჭდილი ინტერვიუ ისტორიკოს ვაჟა კიკნაძესთან, რომელიც გვიყვება, რატომ მიიჩნევდა დედა-დედოფალი უთანაწოროდ ნესტან-დარეჯანის ქორწინებას არაგვის ერისთავ ზურაბზე. შეიძლება დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ამ გამოცემებში ინტერვიუების კეთება ეადვილებათ - ჩართავ, ჩაიწერ, გაშიფრავ და მორჩა. არადა, ნებისმიერი პროფესიონალი დაგიდასტურებთ, რომ კარგი ინტერვიუს გაკეთება ჟურნალისტიკაში ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა.

აშკარაა, რომ ოთხივე გამოცემას აერთიანებს სურვილი, მაქსიმალურად ბევრი მკითხველის ინტერესი დააკმაყოფილოს. მერკეტინგული თვალსაზრისით, ეს გასაგებია, თუმცა, რეალობაში ცოტა კომიკურ სახეს იღებს. მაგალითად: "სარკე" ხაზს უსვამს თავის რელიგიურობას, თუმცა, ბოლო გვერდებზე "ჯეოლაინის" ეროტიულ ფოტოებს ათავსებს; "თბილისიელები", ასევე, ცდილობს, მკითხველი თავის რელიგიურობაში დაარწმუნოს, "სარკის" მსგავსად, გვთავაზობს ინტერვიუებს მოძღვართან, თუმცა, "სარკისგან" განსხვავებით, გულს არც ჰოროსკოპების მოყვარულებს სწყვეტს.

ეს გამოცემებიც ისევე, როგორც "გზა" და "რეიტინგი", განსახილველ ნომრებში, ბეჭდავს: მიმდინარე ამბების ზოგად მიმოხილვას, მასალებს მსოფლიოს საინტერესო ადამიანების, ამბების, მოვლენების შესახებ, ვარსკვლავების ისტორიები, აქვს მედიცინის, საბავშვო გვერდი ("გზისა" და "რეიტინგის" გარდა), სამზარეულო რეცეპტები, ტესტი, კროსვორდები, ანეკდოტები, ვისიმე სიყვარულის ისტორია, მკითხველის მიერ მოწოდებული ამბები, ფოტო - სახელის დასარქმევად, განცხადებები, არა ერთი რომანი გაგრძელებებით, როგორც ქართული, ისე - უცხოური, სატელევიზო და რადიო პროგრამები, აფიშა...

ეს უკანასკნელი, ისევე, როგორც სამზარეულო რეცეპტები, განსაკუთრებული ფორმითაა მოწოდებული "რეიტინგში". "გემრიელი ჩანართი" ამ გამოცემიდან შეიძლება ამოიღო და ცალკე, სრულყოფილი სახით შეინახო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "რეიტინგსა" და "სარკეს", რომელთა რედაქტორები ქალები არიან, აქვთ ტრადიციულად "ქალური" აქცენტები (წყვილები, "ჭორები", სამზარეულო, სხვა), "გზასა" და "თბილისელებს" კი, რომელთა რედაქტორები არიან მამაკაცები - ტრადიციულად "მამაკაცური" (ისტორია, გმირები, სპორტი, სხვა). ეს ის თემებია, რომელიც საზოგადოებაში ჯერ კიდევ მოიაზრება, ერთი მხრივ ქალების, მეორე მხრივ კი - მამაკაცების ინტერესებში. რამდენად სწორია ეს - ცალკე საუბრის თემაა.

ყველაზე თვალშისაცემი მაინც, ამ გამოცემების ბეჭდვისა და მათში მოცემული ფოტოების დაბალი ხარისხია, თუმცა, იმ ფასად, რასაც მყიდველი მათი შეძენისას იხდის, უკეთესის პრეტენზია არც უნდა არსებობდეს. ორივე მხარე - როგორც გამომცემელი, ისე მყოდველი, ერთ დროს, თამაშის წესებზე შეთანხმდნენ და, ინერციით, ჯერ ისევ იცავენ მათ. როდემდე - ერთად დავინახავთ, თუკი იქამდე "ქართულმა ტყუპებმა" საკუთარ თავს რაიმე "კრეატიული საჩუქარი" არ გაუკეთეს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test