შემოგვიერთდი

ზაზუნას ღამე

14.09.2010 16:11

"და აი, შენ თავით გაანგრიე კედელი! ახლა რა უნდა ქნა მეზობელ საკანში?" სტანისლავ ეჟი ლეცი

გამეორება ცოდნის დედააო, ამბობენ.

ამ პრინციპით თუ მივუდგებით, ქართული მედია მამით ობოლი გამოდის, იმიტომ, რომ მის აღზრდაში მხოლოდ დედა, ანუ, ამ შემთხვევაში, გამეორება ფიგურირებს.

ქიზიყში, სადაც მე გავიზარდე, მსგავს შემთხვევაში აღმზრდელის (გამზრდელის) მოხსენიება სულ სხვა კონტექსტში უყვართ, მაგრამ ჩემი პროფესიული ეთიკა არ მაძლევს საშუალებას, რომ, უბრალოდ, ავდგე და გავიმეორო, რასაც იქ ამბობენ ხოლმე.

გასაგებია, რომ როცა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, როგორიცაა  პრეზიდენტის ვიზიტი პარლამენტში,  პრეზიდენტის შეხვედრა მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, კრის დე ბურგთან და ხოსე კარერასთან, პრეზიდენტის გადმოსვლა მანქანიდან და მისი გაღიმება, ეს კი, აუცილებლად უნდა გადაიცეს პირდაპირ ეთერში ყველა არხით, მაგრამ საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტები ერთსა და იმავე თემაზე - ეს უკვე მეტისმეტიც აღარაა, ეს უკვე ცოდნის დედის ფარგლებსაც სცილდება და აშკარად ჯდება ქიზიყური გამოთქმის ფარგლებში.

უკვე კარგა ხანია, საინფორმაციო გამოშვებებს ერთმანეთისგან მხოლოდ ბოლო ნაწილი განასხვავებთ, სადაც განსხვავება მხოლოდ ისაა ხოლმე, რომ "იმედი" სან-ფრანცისკოს ზოოპარკში სპლიყვი გაჩნდა, ხოლო "რუსთავი-2" იუწყება, რომ ნიუ-ორლეანის ზოოპარკში ნიანგმა მომთვინიერებელი შეჭამა.

დანარჩენი ერთი და იგივეა.

მოდი, რაკი პრობლემას შევეხეთ, ისტორიიდან დავიწყოთ:

პირველად იყო საქართველოს ტელევიზია.

ის იყო ერთი და რასაც ამბობდა, უჯერებდნენ, იმიტომ რომ ერთი იყო და არა იყვნენ ტელევიზიანი და სამაუწყებლო კომპანიანი თვინიერ მისა.

პრინციპში, ბევრს არაფერს ამბობდა, რასაც დაუწერდნენ და "ჩამოაწვდიდნენ", იმას კითხულობდა, ძირითადად ხელოვნებაზე, კოლმეურნეობებსა და ამინდზე.

რაც შეეხება პოლიტიკურ ცხოვრებას, როგორც მაშინდელ ყოფას შეესაბამებოდა, ჩვენი ტელევიზია პოლიტიკაზე ან კარგს ამბობდა, ან არაფერს.

გამოხდა ხანი. დაინგრა ბერლინის კედელი, მიჰყვა საბჭოთა კავშირი, რუსთაველის გამზირი,  საქართველოს ეკონომიკა და  როგორც ნაწვიმარზე სოკოებმა, ისე წამოყვეს თავები ტელეკომპანიებმა. გამრავლდნენ და გაფართოვდნენ, ალაპარაკდნენ, აჭორავდნენ და, აქაოდა, პოლიტიკაზე ლაპარაკს აღარავინ გვიშლისო, იმდენი ილაპარაკეს, რომ დღესდღეობით საშუალოსტატისტიკური იმდროგამოვლილი ქართველი ჰარვარდის თუ არა, ილიაუნის კურსდამთავრებულ პოლიტოლოგზე კარგი ექსპერტია.

მაგრამ პრობლემა მაინც ერთი იყო - ლაპარაკობდნენ ქართულ პოლიტიკაზე, მსოფლიოზე, საშინაოზე, საგარეოზე, სამეზობლოზე, შევარდნაძეზე, ელცინზე, კლინტონზე, ტერორისტებზე, მაგრამ განსხვავება ამ ნალაპარაკევში ნულის ტოლი იყო. ყველა ერთხმად ამბობდა, რომ მდგომარეობა ცუდია, მაგრამ ამ ცუდის აღწერილობაც კი ერთნაირი იყო.

მერე ქვეყანა გადაბრუნდა, დადგა დრო სანატრელი, ჩასარეცხი ჩაირეცხა, ეკონომიკამ აყვავება დაიწყო, გზები შეკეთდა და მედიის დროც დადგა.

ერთი უცნობი ავტორის აფორიზმი წავიკითხე ამასწინათ: "მას შემდეგ, რაც ყვავმა პირი გააღო და ყველის ნაჭერი გაუვარდა, მელიას დარჩა ყველის ნაჭერი, ხოლო ყვავმა მოიპოვა სიტყვის თავისუფლება".

ამ პრინციპზე ყოფილა აწყობილი ჩვენი მედიაც - სანამ ყველის ნაჭერი თეთრ მელას ეჭირა პირით, ყვავს პირი ღია ჰქონდა და ყრანტალებდა, ახლა პირიქით - მონადირემ მელიასთვის წართმეული ყველის ნაჭერი უკან დაუბრუნა (ვინც არ გამოართვა, ჩათხარა პირში) ყვავს და შესაბამისად ყვავმაც ყრანტალი შეწყვიტა.

ახლა მთელი მედია ერთხმად გადასცემს, როგორი კარგია საქართველოში ცხოვრება, როგორ მოიწევენ აქეთ ტურისტები, როგორი გამჭვირვალეა ეკონომიკა და პოლიციის შენობები, მაგრამ...

როგორც ვიქტორ ჩერნომირდინი იტყოდა: хотели, как лучше,  получилось - как всегда! მედიამ უკვე მესამედ შეცვალა საუბრის თემა, მაგრამ საუბრის სტილის შეცვლა ვერაფრით მოახერხა. საინეტერესოა, რატომ?

აქ დიდი განათლება არაა საჭირო, რომ მიხვდე, რატომაც - სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებულია, მაგრამ პრობლემა იგივეა: ჟურნალისტები, რომელ კომპანიასაც არ უნდა წარმოადგენდნენ ისინი, მხოლოდ იმას ამბობენ, რასაც "მოაწვდიან", "ამოაწვდიან" ან "ჩამოაწვდიან", სხვას არაფერს.

თავის მხრივ, ამისი გამომწვევი მიზეზიც არაა ძნელი მისახვედრი - არაპროფესიონალიზმი და უპასუხისმგებლობა. ამას კიდევ, ზოგ შემთხვევაში, შიში და ფინანსური დაინტერესებაც ემატება ხოლმე, მაგრამ გამონაკლისებს მნიშვნელობა არ აქვს - დემოკრატიაში ამინდს უმრავლესობა ქმნის.

ნებისმიერი ტელემაყურებელი, ვისაც ოდნავი დაკვირვების უნარი გააჩნია, მიხვდება, რომ ყველა ეს სიუჟეტი, მათი თემატიკა და ეთერში გასვლის დრო ერთი ადამიანის თუ არა, "ერთი კანტორის ხალხის" შემუშავებული და გაწერილია.

და სწორედ ეს მაოცებს - ნუთუ ამ "კანტორის ბიჭებს" მაინც არა აქვთ ფანტაზია, რომ სხვადასხვა სიუჟტები მაინც დაგეგმონ?

ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდება, მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის ორმა კომერციულმა, ხაზს ვუსვამ!  კ ო მ ე რ ც ი უ ლ მ ა  ტელეკომპანიამ საინფორმაციო გამოშვებაში, თანაც უბრალო კი არა, პრაიმტაიმის საინფორმაციოში ერთი და იგივე სიუჟეტი რომ გაუშვან?

რა მოხდება და საქმე სასამართლომდე მივა, იმიტომ, რომ ეს არღვევს როგორც მომხმარებლის უფლებებს, ასევე ბადებს ეჭვს, რომ ერთ-ერთ ტელევიზიაში მეორის აგენტი მუშაობს და ინფორმაცია საიდანღაც ჟონავს...

ჩვენთან კი ყველაფერი კარგადაა: არ არსებობს განსხვავებული აზრი, და როგორც წესი, პოლიტიკაზე ან კარგს ვამბობთ, ან არაფერს. ყველა ტელევიზია ერთსა და იმავეს ამბობს, თანაც ერთი და იმავენაირად და ერთსა და იმავე დროს - ჩვენთან ძალა ისევ ერთობაშია.

ნახვამდის!

P. S. ეს ყველაფერი თბილისში ისე არ იგრძნობა, იმიტომ, რომ, ასე თუ ისე, საკაბელო ტელევიზიები და ინტერნეტი მაინც მუშაობს, მაგრამ რა უნდა ქნან სოფლებში და პატარა ქალაქებში მაცხოვრებლებმა, რომელნიც, სხვათა შორის, ამ სტატიასაც ვერ წაიკითხავენ?

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test