შემოგვიერთდი

ერთი კონკურსის შესახებ

15.09.2010 16:14

"You can't support good journalism, if you don't support good journalists". ლექსინგტონის გაზეთების გილდიის ეს სლოგანი მახსენდება ყოველთვის, როცა ჟურნალისტებისთვის გამოცხადებული რომელიმე კონკურსის განაცხადს წავაწყდები. ლექსინგტონელი კოლეგები ამ 13 სიტყვაში გაცილებით მეტს გულისხმობენ, მაგრამ ჩვენთვის, ქართველი ჟურნალისტებისთვის - ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ჟურნალისტებისთვის მსოფლიოში, კონკურსები სულის მოთქმის კარგი საშუალებაა. დღეს ერთ-ერთ კონკურსზე მინდა გიამბოთ.

წელს, 15 მაისს, Media.Ge-ზე გაჩნდა განცხადება ჟურნალისტთა და ფოტოგრაფთა ღია კონკურსის თაობაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) თემაზე. ლტოლვილთა დანიის საბჭომ კონკურსი გამოაცხადა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, "ერთობლივი გადაწყვეტილებები გრძელვადიანი გადაწყვეტილებებია - საქართველოში მცხოვრები დევნილების პრობლემების გადაწყვეტისკენ გადადგმული ნაბიჯები", ფარგლებში.

"საქართველოს მთავრობის "იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის" სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს დევნილთა პრობლემების გრძელვადიან მოგვარებას," - ვკითხულობთ განაცხადში, - "სახელმწიფო სტრატეგია გულისხმობს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციასა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. სამოქმედო გეგმის მთავარი ამოცანაა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტა, რათა ისინი სულ უფრო ნაკლებად იყვნენ სახელმწიფოზე დამოკიდებულნი, რათა გამჭვირვალე შერჩევის კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდეს მსურველთა ინტეგრაცია სახელმწიფოს სოციალური დახმარების პროგრამებში. ეს კონკურსი  არის იმ საინფორმაციო კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს როგორც დევნილთა, ასევე ზოგადად საზოგადოების ინფორმირებას დევნილებთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოების შესახებ."

თემა საინტერესოა. ძალიან საინტერესო და ძნელად წარმომიდგენია სოციალურ სფეროში მომუშავე ჟურნალისტი, რომელიც ამ საკითხზე მასალის მომზადებისგან თავს შეიკავებდა. მით უმეტეს, რომ, ერთგვარი აღიარების გარდა, პირველი პრიზის მფლობელი ჟურნალისტი Netbook-ით, მეორე ადგილზე გასული კი, დიქტოფონით დაჯილდოვდებოდა. უნდა ითქვას, რომ ერთიც და მეორეც, ამ ჯილდოებიდან, იმაზე მეტი (ან გაცილებით მეტი) ღირს, ვიდრე ქართულ ბაზარზე ერთ სტატიაში იხდიან.

მე ამ კონკურსში მონაწილეობის სურვილი არ გამჩენია. ამის მიზეზი გახდა განაცხადის ის ნაწილი, რომელიც კონკურსში ჟურნალისტების მონაწილეობის პირობებს ეხებოდა. ტექნიკური ხასიათის დეტალების აღწერასთან ერთად, მასში წერია: "პუბლიკაცია ყურადღებას უნდა ამახვილებდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სამოქმედო გეგმის ერთ ან რამდენიმე ასპექტზე, კერძოდ, თუ რა გავლენა იქონია სამოქმედო გეგმის ფარგლებში გატარებულმა ღონისძიებებმა იძულებით გადადგილებულ პირთა ცხოვრებაზე, რა ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს სამოქმედო გეგმა მათ ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად."

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს პირობა (ყურადღება გაგვემახვილებინა იმაზე, თუ "რა გავლენა იქონია სამოქმედო გეგმის ფარგლებში გატარებულმა ღონისძიებებმა იძულებით გადადგილებულ პირთა ცხოვრებაზე, რა ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს სამოქმედო გეგმა მათ ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად"),  მითითებდა, როგორი (აუცილებლად დადებითი) შინაარსის უნდა ყოფილიყო ჩემი მასალა, თუკი კონკურსში მონაწილეობას ვაპირებდი.

ამ კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი პაატა საბელაშვილი მიიჩნევს, რომ განაცხადში არანაირი ასეთი მითითება არ ყოფილა. "ეს კონკურსი გამოცხადდა იმისთვის, რომ საზოგადოებას, დევნილებს მეტი ინფორმაცია ჰქონოდათ სამოქმედო გეგმის შესახებ, ეს უფრო თეორიული ხასიათის ინფორმაცია იქნებოდა იმაზე, თუ რას სთავაზობს ეს გეგმა მათ, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად," - ამბობს იგი. თუმცა, ფრაზა - "...რა გავლენა იქონია სამოქმედო გეგმის ფარგლებში გატარებულმა ღონისძიებებმა იძულებით გადადგილებულ პირთა ცხოვრებაზე..." - უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე მხოლოდ თეორია.

სამოქმედო გეგმა, რომელიც, პაატა საბელაშვილის სიტყვებით, საკონკურსო მასალების ღერძი უნდა ყოფილიყო, წარმოადგენს 1 მილიონ 509 ათას 400 ლარის ღირებულების სამუშაოების ჩამონათვალს, რომელიც 2009-2012 წლებზეა გაწერილი და დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ალტერნატიული, გრძელვადიანი განსახლებით და ინფორმაციით მათ უზრუნველყოფას გულისხმობს. ამ გეგმის ძირითადი ნაწილი დევნილების განსახლებასა და მათთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს - ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულ საკითხს დევნილებისთვის, როგორც ეს, თუნდაც, ბოლო დროინდელმა პროცესებმა აჩვენა.

დევნილთა განსახლების საკითხი პრობლემური იყო კონკურსის გამოცხადების დროსაც. შესაბამისად, სამოქმედო გეგმისა კონკურსის პირობების შესწავლის შემდეგ, გამიჩნდა აზრი, რომ ამ კონკურსით, სახელმწიფო იმ სურათის შეცვლას ცდილობდა, რომელიც, ბეჭდურ მედიასა და ინტერნეტგამოცემებში არსებული პუბლიკაციების მიხედვით, ამ საკითხთან დაკავშირებით იქმნებოდა. კონკურსი მედიის სწორედ ამ ნაწილისთვის იყო გამოცხადებული, ჟიურის შემადგენლობაში კი, პროფესიონალ ფოტოგრაფებთან, ჟურნალისტებთან და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებიც შედიოდნენ.

არ ვიცი, რა თვალით შეხედეს ამ კონკურსს ჩემმა კოლეგებმა, მაგრამ, ფაქტია - გამარჯვებული ჟურნალისტების დაგეგმილი დაჯილდოება არ შედგა. სპეციალურ ცერემონიაზე, რომელიც ივნისში, იძულებით გადაადგილებულ პირთა კვირეულის ფარგლებში შედგა, გამოფენილი მხოლოდ ფოტოები იყო. პაატა საბელაშვილის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობისთვის ორგანიზატორებმა 2 სტატია და 5 ფოტოგრაფის 12 ფოტო მიიღეს. "ფოტოკონკურსი შედგა. რაც შეეხება სტატიებს, ორი პრიზის პირობებში, ორ მასალას შორის კონკურსს ვერ გავმართავდით," - ამბობს იგი.

ამ წლის დასაწყისში, 3 თებერვალს, ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის (EFJ) მიერ ევროპარლამენტში ორგანიზაბულმა კონფერენციამ ევროპის პოლიტიკურ ლიდერებს მოსთხოვა იმოქმედონ იმისთვის, რომ წინ აღუდგნენ მედიის კრიზისს, რომელიც ფინანსური პრობლემებით პროვოცირებულმა საბაზრო ცვლილებებმა გამოიწვია. კონფერენციაზე, რომელსაც პოლიტიკური ლიდერებიც ესწრებოდნენ, ისმოდა მოწოდებები სახელმწიფოსა და მედიას შორის ახალი ურთიერთობის დამყარებისკენ, რაც ევროპული ჟურნალისტიკის სტაბილურობისთვის ბრძოლას, მის დახმარებას ითვალისწინებდა, ოღონდ - მედიის დამოუკიდებლობის შენარჩუნების ხაზგასმით.

"ჟურნალისტიკა ის საზოგადოებრივი სიკეთეა, რასაც ეყრდნობა დემოკრატია ევროპაში," - განაცხადა კონფერენციაზე EFJ-ს გენერალურმა დირექტორმა აიდან უაიტმა. ჟურნალისტიკა უნდა იყოს ის სიკეთე, რომელსაც დაეყრდნობა დემოკრატია საქართველოში. თუ მხარდაჭერა კარგ ჟურნალისტიკას ექნა, ეს მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის შორი არ გახდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test