შემოგვიერთდი

„სვეცკობა“ გადაცემების ათეული

21.09.2010 14:41

ძალიან დიდხანს ვიფიქრე, რაზე უნდა დამეწერა ამ კვირის წერილი.

ვიძრომიალე საიტებზე, ძალიან დიდი გამბედაობა და ძალა აღმოვაჩინე ჩემს თავში და ყველა არხის საინფორმაციოს ვუყურე თვალმოუცილებლად, ბოლოს გადავწყვიტე, საბოლოოდ ამეღო თავზე ხელი და გაზეთების კითხვაზე გადავსულიყავი, რომ ერთმა ჩემმა ძველმა მეგობარმა ფეისბუქზე თემა გახსნა - მაია ასათიანის "პროფილი" გოიმობის ყველა ზღვარს სცდება, ხუთშაბათს ქართული ესტრადის სელებრეითები სვეცკობას თავს დაანებებენ და ნამდვილ სახეს გამოაჩენენო!

მეც აღარ დავაყოვნე და გადავწყვიტე, უნამუსოდ მომეპარა თემა ჩემი მეგობრისთვის.

მივადექი და დავიწყე "სვეცკობა" გადაცემების ტოპ-ათეულის შედგენა.

ეს ათეული რომ შემედგინა, ჯერ უნდა გამეგო, რა არის სვეცკობა  გადაცემა. ეს სიტყვა ჩემი თაობის ხალხისთვის მრავალ ასოციაციას იწვევს და ამ ასოციაციების რაოდენობის ალბათობა ინდივიდის (ამ შემთხვევაში ჩემი) IQ-ს სიდიდის პირდაპირპროპორციულია.

ამიტომ, რომ არ დავბნეულიყავი, ამ სტატუსის განსაზღვრისთვის მისი საპირისპირო - გოიმობა გადაცემის სტატუსი ავიღე.

ცნობისათვის: სიტყვა "გოიმი" ძველებრაული წარმოშობისაა და "არაებრაელს", "უცხოტომელს" ნიშნავს, მაგრამ საქართველოში ამ სიტყვის განმარტება სწორედ იმდენად უკავშირდება ჩვენს ისტორიულ ძმებს, რამდენააც ნინო წულიკიძის "მწვანეთვალება ანგელოზი" - მოსეს ხუთწიგნეულს.

გოიმობაა გადაცემა, თუ მასში ძველებური, ფანოღების სიმღერები, ბაიათები, დოლ-გარმონის რეპერტუარი და მისთანანი ისმის. ასევე გოიმურია შოუ, თუ მასში ჩვეულებრივი ადამიანები, ანუ არასელებრეითები მიდიან მონაწილეობის მისაღებად.

და ვინაიდან "პროფილში" ძირითადად "შოფრული" სიმღერები ისმის, ჩვეულებრივი ადამიანები დადიან და საუბრებიც ნაკლებად ინტელექტუალურია, დასკვნა: "პროფილი" გოიმობაა.

ამაზე შეიძლება შედავება და კამათი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მე თვითონ ვწერდი ამ შოუს დაბალ დონეზე, მაგრამ დაბალი დონე გოიმობას არ ნიშნავს, გოიმობა ფართო ცნებაა და თავის თავში მოიცავს ყველაფერს, რაც მავანს და მავანს თვალში არ მოსდის - როგორც ამბობენ ხოლმე: ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენს წინააღმდეგაა.

მაგრამ ვინაიდან ჩემი სტატიის თემას "პროფილი" არ წარმოადგენს, ამაზე დროს და სივრცეს აღარ დავხარჯავ - სვეცკობებს მივხედოთ!

წინასწარ მინდა, გითხრათ, რომ ეს ადგილები და მათი განაწილება პირადად ჩემი მოსაზრებაა, არავითარი კვლევა და გამოკითხვა არ ჩამიტარებია და, როგორც "რადიო 105"-ის საინფორმაციოს წამყვანი იტყოდა: ყველა სააგენტოს თავზეც გავიარე!

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გადასარევად ვიცი სასვენი ნიშნები და ქართული ენის გრამატიკა, მაგრამ სვეცკებს სტილი რომ არ დავუკარგო, ბრჭყალებს განგებ არ ვხმარობ.

მაშ, ასე:

მე-10 ადგილი - გოგი გვახარიას "წითელი ზონა". ამას ხუმრობის გარეშე ვამბობ, ძალიან საინტერესო გადაცემაა, და ძალიანაც მიყვარს, მაგრამ ჩვენი სვეცკი სასტავის განათლების დონიდან გამომდინარე, ამ გადაცემას, ნორმალურ და კარგ გადაცემათა შორის, ყველაზე ცოტა მაყურებელი ჰყავს, და, შესაბამისად, მეათე ადგილიც ამიტომ ვარგუნე.

მე-9 ადგილი - ნინო ქაჯაიას "ცხოვრება მშვენიერია". აქ ძირითადად იგივე თემებზეა საუბარი, რაზეც "პროფილში", ოღონდ დოლ-გარმონის გარეშე, ამიტომ სვეცკობად შეიძლება, მივიჩნიოთ. თანაც, ძირითადად, სელებრეითები მოდიან ხოლმე და სახელიც ისეთი ჰქვია, რომ სვეცკობა ხალხი უნდა უყურებდეს - მათთვის ცხოვრება მართლა მშვენიერია.

მე-8 ადგილი - "თბილისი-LIVE" "ბათუმი-LIVE" და ამის მერე რომ გამოვა, "ქუთაისი-LIVE" და "სიღნაღი-LOVE", ალბათ ეგეც სვეცკობა იქნება. უფრო ზუსტად, უბრალოდ სვეცკობა კი არა (ქვედა ტუჩი წინ და პირველი ასო-ბგერის ადგილას რაღაც ძ-სა და ჯ-ს ნაზავი დიფთონგი), ნუ ძჯაააააან სვეცკობა იქნება, მით უმეტეს, რომ ეს გადაცემა მართლა სვეცკობაზე და კლუბურ ცხოვრებაზეა გათვლილი, და, მადლობა მას, რომ ამ თავის ნიშას არ სცდება.

მე-7 ადგილი - "ნანუკას შოუ", ძირითადად იგივეა, რაც "ცხოვრება მშვენიერია", ოღონდ დიჯეითა და ძაღლით. კიდევ როიალითა და მწვანე ვაშლებით მაგიდაზე. იუმორის ცოტა მეტი დოზითა და წამყვანის უფრო მეტი თავისუფლებით. "ნანუკას შოუსთვის" უფრო მაღალი ადგილის მინიჭებაც შეიძლებოდა,  მაგრამ აქ საქმეში ჩაერთო უდავო და უთუო ავტორიტეტი - მანდილოსანთა საზოგადოება და შედეგად:

მე-6 ადგილი - "დღის შოუ". გადაცემა სამი წამყვანით, რომელთაც გადაცემის ერთდროული წაყვანა ერთდროული ლაპარაკი ჰგონიათ და ამას წარმატებით აკეთებენ კიდეც. აი, ეს არის ნამდვილი სვეცკობა - გადაცემა, რომელსაც შარს ვერ მოუდებ. იმიტომ კი არა, რომ იდეალურია - უბრალოდ, სიტყვას ვერ ჩააკვეხებ ვერაფრით, ბევრიც რომ გქონდეს სათქმელი.

მე-5 ადგილი - "სიმართლის დრო" - საოცრებათა კუნძული, ავტორიტეტთა გაფარჩაკებისა და ფარჩაკთა გაავტორიტეტების სამჭედლო. ეს ფარჩაკიც არაა ჩემი მოგონილი სიტყვა - სხვადასხვა თაობის სვეცკი ხალხი ამბობდა ამას ჩემამდე. გადაცემა, რომელზეც ყველა ლაპარაკობდა, ყველა ლანძღავდა (ზოგიერთი სიყვარულით), მაგრამ მაინც ყველა უყურებდა. მათ შორის სვეცკები და გოიმები ერთად. ამ გადაცემას არ შევიყვანდი ათეულში, რომ არა მისი პროდიუსერის განცხადება მეექვსე ადგილოსან შოუში - არ დავხურულვართ, მხოლოდ გვძინავს და ისევე გავიღვიძებთო.

მე-4 ადგილი...

აი, აქ ნამდვილად დავგოიმდი.

ამხელა ტელესივრცეში მეტი გადაცემა ვერ ვნახე, რომ ამ სიაში შემეტანა.

იუმორისტულ შოუებზე ვიფიქრე, მაგრამ მაგ შოუებსა და სერიალებს ყოველთვის სხვადასხვა თვალით უყურებენ - ზოგი "ღამის შოუს" ანიჭებს უპირატესობას, ზოგი "ფორმულა კრეატივს", ხოლო ზოგიც - დავით აქუბარდიას.

კიდევ შეიძლებოდა ამ სიაში საკაბელო ტელევიზიების - "მაესტროსა" და "რეალ-TV"-ს გადაცემების შეყვანაც, მაგრამ ვინაიდან ეს ტელევიზიები ეთერში არ მაუწყებლობენ და, შესაბამისად, რეგიონებამდე ვერ აღწევენ, მათი გადაცემები მხოლოდ გოიმობა ან მხოლოდ სვეცკობა გამოვიდოდა, ამიტომ დავტოვე სიის გარეთ.

ესაა ტელემაუწყებლობასა და ტელემაყურებელს შორის არაჯანსაღი დამოკიდებულება - 12 ქართულ არხზე რომ მხოლოდ 6 გადაცემა გადის, რომელიც შეიძლება სვეცკობად ჩაითვალოს, ეს ნამდვილად გოიმობაა.

მაგრამ, უფრო დიდი და უსაშველოდ მძიმე გოიმობა ისაა, რომ ქართულ ტელევიზიებში გადაცემები საინტერესოდ და უინტერესოდ, გაყიდვად და არაგაყიდვად, ყურებად და არაყურებად გადაცემებად კი არა, სვეცკობად და გოიმობად იყოფა.

ანუ საქართველოში, ისე როგორც ადრე, ახლაც ამინდს რაოდენობა კი არა, ხარისხი ქმნის, მთავარი ის კი არ ყოფილა, რამდენი ადამიანი უყურებს, მთავარი ყოფილა, როგორი ადამიანები უყურებენ - ესეც შენი ახალი ჟურნალისტიკის თეორია! გადაბრუნდა საფლავში პულიტცერი!

ნახვამდის!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test