შემოგვიერთდი

ნატა ძველიშვილი

რჩევები ტელე-რადიო ჟურნალისტებს

24.09.2010 14:58

"ამ მომღერალმა სამ მიმართულებაში სცადა ბედი შესაბამისად სამი სტილის მუსიკას ქმნიდა აქედან გამომდინარე ის არის საინტერესო და შესაბამისად ნიჭიერი ადამიანი ცუდია ის რომ ეს ადამიანი უბრალოდ ამ ქვეყანაზე აღარ არის.

მცირე სარეკლამო ჭრის შემდეგ დაგიბრუნდებით. ეს ღიმილის ტალღაა და შესაბამისად მოგგვრით ღიმილს და შესაბამისად ვეცდები გასიამოვნოთ"

ეს ტექსტი ერთ-ერთი რადიოს მუსიკალურ წამყვანს ეკუთვნის. შემთხვევით მოვისმინე. ისე, ჩართავ და, ნებისმიერ დროს,  უკეთეს მარგალიტებს მოისმენ. სასვენი ნიშნები სპეციალურად არ დავწერე - წამყვანები ამ ნიშნებს საერთოდ უგულვებელყოფენ. ისე საუბრობენ, მსმენელი მაინც ვერ იგებს, სად მძიმეა და სად წერტილი.

თუ გინდა, რომ  კარგი მუსიკალური წამყვანი გახდე, თინეიჯერების ფავორიტად იქცე და ღია ეთერში შენი გადაცემის  მსმენელთა რაოდენობა მომრავლდეს, ტექსტი არაბუნებრივი ინტონაციითა და აქცენტით უნდა წაიკითხო, ხმოვნები გააგრძელო.  ერთი ამოსუნთქვით, ისე უნდა ჩაამთავრო მთელი აბზაცი, თითქოს მარწუხები გაქვს მოჭერილი. ბოლო წინადადებაზე შვება უნდა იგრძნო და ამოოხვრაც თან დააყოლო. ხმა ოდნავ მოგუდული,  "სექსუალური",  უნდა გქონდეს.  სიმღერას ტრეკი, სინგლი, სონგი და მსგავსი ათასი რამ შეგიძლია უწოდო.

საერთოდ,  უნდა უარყო ქართულ ანბანში 21-ე ასოდ გამწესებული ფ (ფარ). მის ნაცვლად კი ლათინური F  უნდა იხმარო. შედეგად კონFერენციას და მაFიას მიიღებ -  ძალიან მოდურია.

თუ ტ (ტარ)-ს ი (ინ) - ბგერასთან კომბინაციაში, როგორც წ (წილ) -ს,  ისე წარმოთქვამ, ამით ხაზს გაუსვამ, რომ რუსული ბგერათაშეთანხმება იცი. კრისწის და პუწინის, წარმოთქმა უფრო თანამედროვეს გხდის.

მხიარული რომ გამოჩნდე, რაც შეიძლება ხშირხშირად უნდა გაიცინო "მომხიბვლელად", მერე რა, რომ ყალბია, აბა ჩაღიმებას მსმენელი ვერ გაიგებს.

ხშირად უნდა თქვა რომ "ყველა გიყვარს".

თუ რადიოში მუშაობა არც ისე გხიბლავს და გული ტელევიზიისკენ  მიგიწევს, ამ ყველაფერთან ერთად,  პირდაპირ ეთერეში ჩართვის დროს,  რაც შეიძლება ხშირად უნდა იხმარო სიტყვა "სავარაუდოდ", ისე, რომ  ჩვენ,  მაყურებლებს,  საკუთარ არსებობაშიც კი ეჭვი შეგვეპაროს.

ყოველი ორი სიტყვის შემდეგ  კავშირი "ანუ" უნდა გამოიყენო. ზმუკუნი, გაურკვეველი ბგერებიც,  მოდაში შემოვიდა -  ნანახისა და მოსმენილის გააზრებისთვის  მაყურებელს დრო ხომ უნდა მისცე.  თუ ტექსტი მომზადებული არ გაქვს, რაც შეიძლება ხშირად იხმარე არაფრისმთქმელი სიტყვები "ბუნებრივია", "კვალავინდებურად" , "რა თქმა უნდა", "შესაბამისად", "უბრალოდ".

არ დაიცავ ამ წესებს?!  პოპულარობამდე გზას გაიგრძელებ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test