შემოგვიერთდი

მოჯადოებული ფოტოგრაფია

27.09.2010 13:19
ფოტო (photo: )

გასული კვირის "ტაბულაში" არაჩვეულებრივი ფოტოა - პატარა მოსწავლე გოგონა შთამბეჭდავად გაღებული პირით. ამთქნარებს. მასსავით პატარა და პეწიანად გამოწყობილი გოგონების ფონზე დგას. ერთი მოსწავლე პირდაპირ კადრში იყურება, დიდივით სერიოზული გამომეტყველებით. სხვებიც სერიოზულები ჩანან, ჯერ კიდევ უცნობი ცხოვრების პირისპირ დგანან და შიშნარევი მოლოდინით არიან სავსენი. ეს კი, დგას და ამთქნარებს. ეძინება. სახელდახელოდ დავარცხნილი თმა, ბაბთა - კისერზე, ფართოდ გაღებული პირი, შეჭმუხნული პატარა ცხვირი, ნაოჭი გაწელილ ნიკაპზე,... საოცარი ფოტოა. მართალი. ავტორი: Reuters."ტაბულას" ამ ნომერში Reuters-ის, ასევე, ქართველი ფოტოგრაფების სხვა საინტერესო ფოტოებიცაა, თუმცა, ზოგადად, კარგი ფოტო ქართულ მედიაში "პრიალა" ჟურნალებთან ასოცირდება. აქაც - ყოველთვის არა. განსაკუთრებით რთული, ხარისხიანი ფოტოს პოვნა, არის გაზეთებში და გაზეთის ქაღალდზე დაბეჭდილ, ძირითადად, შავ-თეთრ ჟურნალებში, რომლებსაც მე, პირადად, ყდაში ჩასმულ გაზეთებს ვუწოდებ. აქ არათუ დეტალების, ხშირად, მოქმედების, გმირების გამომეტყველების გარჩევა ჭირს. ფოტოს, ქართული ბეჭდური მედიის უდიდეს ნაწილში, დატვირთვა, ფაქტობრივად, არ აქვს.

"ლეონარდო და ვინჩის სიტყვებია: "არაფერია იმაზე სანდო და დამაჯერებელი, ვიდრე საკუთარი თვალით დანახული". ფოტო იგივეა, რაც საკუთარი თვალით დანახული," - ამბობს საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა ფხაკაძე, - "თავისი ბუნებით, ფოტო დოკუმენტური მასალაა, ამყარებს სტატიის სანდოობას, ქმნის ემოციური განწყობას. ამიტომ, გამოსაქვეყნებელ ფოტოსაც ისეთივე სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, როგორც საკუთარი თავის მოწესრიგებას სახლიდან გასვლის წინ."

მიუხედავად ამისა, ქართული ბეჭდური მედია სავსეა უხარისხო ფოტოებით. საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის თავმჯდომარე ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს: "პირველ შემთხვევაში, რესპონდენტი თავად არჩევს ფოტოს და აწვდის ჟურნალისტს გამოსაქვეყნებლად, პრინციპით - "მე მომწონს". ასე ჩნდება ინტერვიუსა თუ სხვა ჟანრის მასალებში ფოტოები, პირობითი სახელწოდებით: "მე ცუგასთან", "მე საძინებელში", "მე აგარაკის ფონზე". მეორე შემთხვევაში, ჟურნალისტი თავად ხდება "ფოტოგრაფი" და, ფოტოკამერა თუ არ აქვს, მობილური ტელეფონის გამოყენებასაც არ ერიდება. მესამე შემთხვევა მეორესგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ რესპონდენტს ფოტოს ჟურნალისტის თანმხლები ''ფოტოგრაფი'' უღებს. ეს ძალიან საინტერესო მომენტია: უმეტესობა ფიქრობს, რომ, თუკი ფოტოკამერას ფლობს, ისეთივე ფოტოგრაფია, როგორიც სხვა, მაგრამ ფოტოკამერიანი ადამიანი ფოტოგრაფი არ არის, ამ საქმეში სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების გარეშე, ის, უბრალოდ, ფოტოკამერიანი ადამიანია."

იგივეს ამბობს ფოტოგრაფი, ჟურნალ "ლიბერალის"ფოტორედაქტორი ლევან ხერხეულიძე. "გამოსახულების ხარისხს, ისევე, როგორც შემოქმედების ხარისხს, აქ ყურადღება, სამწუხაროდ, იშვიათად ექცევა. მედია მფლობელების დიდ ნაწილს დღემდე მიაჩნია, რომ ფოტო მასალის გაფორმებაა და, უბრალოდ, უნდა ახლდეს ტექსტს. არადა, არ შეიძლება ფოტო დანართივით იყოს, ფოტო მასალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელია," - ამბობს იგი, - "საერთოდ კი, გვაქვს ერთგვარი მოჯადოებული წრე. ძალიან ბევრი რეპორტიორი "გამოიჩეკა" ბოლო პერიოდში საქართველოში, აპარატს აჩხაკუნებს ძალიან ბევრი, ხარისხი კი არის დაბალი ან საშუალო. პარალელურად, არიან ფოტორეპორტიორები, მათ სახელებსა და გვარებს ახლა, ბუნებრივია, არ დავასახელებ, რომლებიც საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას ქმნიან. ამ შემთხვევაში მივდივართ იქამდე, რომ ქართულ ბაზარზე ანაზღაურება არ არის ადეკვატური. წარმოუდგენელია, ჰონორარის სახით ფოტოში გადაიხადო 20 ლარი და ავტორი კმაყოფილი დაგრჩეს. ჩვენთან არ არსებობს ფოტოს ადეკვატური შეფასების პრაქტიკა, ამიტომაც იკვრება წრე: არ არის შესაბამისი ჰონორარი - არ არის მისწრაფება, შექმნა, პირველ გვერდზე გაიტანო შედევრი."

ანაზღაურება, როგორც სტიმული ხარისხიანი ფოტოს შქმნისთვის, მნიშვნელოვანია კახა ფხაკაძისთვისაც. "რედაქციები პერმანენტულად ქირაობენ დაბალანაზღაურებად მოყვარულ ფოტოგრაფებს, რომლებსაც არც გამოცდილება გააჩნიათ, არც შესაფერისი აპარატურა," - ამბობს იგი, - "ასეთ გზას ხშირად სოლიდური კომპანიებიც მიმართავენ. მაგალითად, "შერატონში", ივენთის დროს, კომპანია შამპანურის ბოთლის გახსნის მომსახურებას ყიდულობს 5 დოლარად, ხოლო ამავე ივენთის ერთ ფოტოში იხდის, მაქსიმუმ, 3 ლარს. მათ ვერ გაითავისეს, რომ ფოტოპროდუქცია შესაბამის ფასად უნდა შეიძინონ პროფესიონალი ფოტოგრაფებისგან."

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ფოტოს ხარისხისთვის ქაღალდია. გაზეთებისა და ჟურნალების უმეტესობა დაბალი ხარისხის ქაღალდზე იბეჭდება. შესაბამისად, ფოტოს ხარისხი კიდევ რამდენიმე პუნქტით ეცემა. ყველაზე მეტად თვალშისაცემი ეს ფერადი ფოტოების შემთხვევაშია, როცა, ბეჭდვის ცუდი ხარისხის გამო, ფერების აცდენა გარდაუვალი ხდება. "ასეთი შემთხვევები არსებობს პრიალა ჟურნალებშიც," - ამბობს ლევან ხერხეულიძე, - "ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი განლაგება აქვს ფოტოს. დღეს, ათვალიერებ გაზეთს და ხვდები, რომ, მაგალითად, გაშლაზე, ფოტოების ადგილი არ არის ნაფიქრი, ისინი, თითქოს "ჩაყრილია" გვერდებში, არ უხდება ერთმანეთს, ტექსტს, არ არის ლაკონური, სტრუქტურულად სწორად არ არის აწყობილი. შედეგად, ყველაფერი საკმაოდ უხარისხოდ გამოიყურება."

ის, რაშიც მწერალი ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ხშირად ვერ თანხმდებიან, ერთმანეთისთვის საკუთარი ნამუშევრის "შეწირვაა". "მესმის, რომ არ შეიძლება, ტექსტი შევამოკლოთ, რადგან, მინდა, დიდი ზომის, გამომსახველობითი ფოტო გავუშვა, ამიტომ, 100-დან 75 პროცენტის შემთხვევაში, გამოსახულებას ვწირავ ტექსტს, რომელიც ითხოვს, იყოს დიდი, მაგრამ მისი ილუსტრირება არ შეიძლება ხუთ გაშლაზე გაკეთდეს," - ამბობს ლევან ხერხეულიძე, - "პირადად, მე არ მიყვარს ძალიან პატარა ფოტოების გამოყენება, რადგან ფოტო არ არის ტექსტის დანამატი. წინააღმდეგი ვარ, ფოტო იყოს მხოლოდ ინფორმატიული. როცა ფოტოს უყურებ, გულში, გონებაში, რაღაც უნდა ჩაგრჩეს. თუ ფოტო ამას არ აკეთებს, ე.ი. არ ვარგა. ასეთი, სჯობს, საერთოდ არ დაბეჭდო."

უხარისხო ფოტო ყველაზე მეტად აზარალებს მათ, ვის გამოსახულებასაც წარმოადგენს. საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა ფხაკაძე ამას განსაკუთრებულად უსვამს ხაზს: "ვიზუალური ინფორმაცია საკმაოდ ძლიერ გავლენას ახდენს საზოგადოების ცნობიერებაზე, პერსონის მიმართ განწყობის შექმნაზე. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით ისინი ზარალდებიან, ვისი კარიერაც, მთლიანად ან ნაწილობრივ, მათ ვიზუალურ მხარეზეა დამოკიდებული. ესენი არიან მოდელები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები. როგორი განწყობა შეიძლება დაგეუფლოს, როდესაც რომელიმე ჟურნალში, რომელიმე მოდელს ან მომღერალს მწვანე ან სტაფილოსფერი სახით იხილავ? ან ისეთ პოზაში, რომელიც ფოტოგრაფის უნებლიე, გაუაზრებელი შეცდომების წყალობით მის ფიგურას ამახინჯებს?"

ამ კითხვაზე პასუხს, ქართული ბეჭდური მედიის მიხედვით, აქ, ფაქტობრივად, არავინ ეძებს. ეკონომია ხარისხის ხარჯზე და საქმისადმი არაკვალიფიციური დამოკიდებულება - ის მიზეზებია, რომელიც ეროვნულ ჟურნალ-გაზეთებს დაბალი ხარისხის და ინტერნეტიდან გადმოქაჩული ფოტოებით ავსებს. ჟურნალისტებს კი, სწავლისას, დღესაც ეუბნებიან, რომ ბეჭდური მედია ვიზუალური აღქმის ობიექტია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test