შემოგვიერთდი

სისულელის ტყვეობაში

27.09.2010 17:54

ფსიქოლოგიის ლექტორი  კითხულობს ლექციას ნერვული  აღგზნების თემაზე:

- არსებობს ადამიანის  გაღიზიანების 3 ძირითადი სტადია: გაბრაზება, გამწარება და გადარევა.

ახლა ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს სამი სტადია პრაქტიკაში.

ლექტორი ტელეფონზე  ხმამაღლა მოსაუბრეს რთავს, რეკავს შემთხვევით აკრეფილ  ნომერზე და ეუბნება:

- გივი, რატომ  არ დამირეკე, რომ გელოდები  ამხელა კაცი?

- მოიცა, მეგობარო, ნომერი შეგეშალა! - ისმის  პასუხად - ჯერ გაარკვიე, სად რეკავ და მერე მელაპარაკე,  რა! - ტელეფონი გაითიშა.

- ეს იყო გაბრაზება! - ღიმილით ამბობს ლექტორი  - ახლა ვნახოთ, როგორია გამწარება  - და იგივე ნომერზე რეკავს:

- გივი, თუ გაგვიანდება,  დარეკე რა, შე დალოცვილო...

- აუ, ეს გიჟია ვიღაცა! აქ გივი არ ცხოვრობს, ძმაო, და ნუ რეკავ, რა გაახურე საქმე, რა! - ტელეფონი ისევ ითიშება.

- ესეც გამწარება! - აგრძელებს ლექტორი - და  ბოლო სტადია - გადარევა! - და  იმავე ნომერზე რეკავს:

- ალო! გივი, რას  მეკაიფები ამხელა კაცი, არ გრცხვენია? მოდი რა, თუ მოდიხარ...

- ოხ, შენი დედა ... შე ... შე ... ვის ეკაიფები, მე  შენი...

- ესეც გადარევა! აბა, ვის აქვს შეკითხვები?

- მე მეოთხე  სტადიაც ვიცი, პატივცემულო! - დგება ერთი სტუდენტი - მეოთხე სტადიაა გაოგნება! ახლავე განახებთ, როგორია მეოთხე სტადია!

სტუდენტი მიდის  ტელეფონთან, რეკავს იმავე  ტელეფონზე და ეუბნება:

- უკაცრავად,  მე გივი ვარ და ჩემთან  ხომ არავის დაურეკავს?

ძალიან უკაცრავად  კი ვარ, მაგრამ გასული კვირის "ჯეოსტარის" შემდეგ სწორედ რომ გაოგნებული დავდივარ და თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მარტო მე კი არა, მარინა ბერიძეც ჩემსავით გაოგნებულია - აკი თვითონ უთხრა თერჯოლელ გოგოს - ვერც გაგიბრაზდები, ისე ვარ გაოგნებულიო!

საერთოდ, "ჯეოსტარის"  კონკურსის (მონაწილეებიან-ჟიურიანად) შემყურე უკვე დიდი ხანია, გავოგნდი და გამოვოგნდი კიდეც, მაგრამ ეს მაინც სხვა იყო.

ეს იყო ფაქტი, რომელმაც, კიდევ ერთხელ, დამარწმუნა, რომ ვიქტორ ჰიუგოს წიგნში "კაცი, რომელიც იცინის"  მოხსენიებული კომპრაჩიკოსები არსად წასულან და ყველა, როგორც ერთი, ქართულ მედიაში  არიან მოკალათებულნი.

ვინც არ იცის: კომპრაჩიკოსები ბავშვებს იტაცებდნენ, ამახინჯებდნენ  და შემდეგ ცირკის მსახიობებად  ჰყიდდნენ.

არ ვიცი, ჩვენგან  რამდენად გამოვა ცირკის მსახიობი, მაგრამ ჩვენი, შინაური კომპრაჩიკოსების  პირველი მსხვერპლი უკვე ვიხილეთ გასულ ორშაბათს!

ახლა გეტყვით, რამ გაგვაოგნა მე და ქალბატონი  მარინა: "ჯეოსტარის" შესარჩევ ტურში ჟიურის წინაშე წარსდგა  ულამაზესი თერჯოლელი გოგონა, რომელმაც თავის საკონკურსო რეპერტუარად ლათინოამერიკული  სერიალების საუნდტრეკები წარადგინა.

წესით, ამაზე  უნდა გამცინებოდა, მაგრამ გავოგნდი და თანაც შემეშინდა, როცა გავიაზრე, რას შეეძლო, გამოეწვია ეს ამბავი.

თავიდან დავიწყოთ:

1. აშკარაა, რომ გოგონას არ ჰქონდა მუსიკალური განათლება - მუსიკალურგანათლებამიღებული ადამიანი "ჯუჯალარის", ან "ტიროდნენ ქრიზანთემების", ან "ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდის", ან კიდევ რამე ეგეთს იმღერებდა, მაგრამ "პრისიონერას" არასოდეს.

2. გოგონას არ  აქვს მაგნიტოფონიც კი, აიპოდსა და ინტერნეტში  ჩართულ კომპიუტერზე რომ  არაფერი ვთქვათ - წინააღმდეგ  შემთხვევაში შედეგი ისევ  ის იქნებოდა, რაც ზედა  პუნქტში.

3. ზედა ორი  პუნქტიდან გამომდინარეობს, რომ გოგონა საკმაოდ ხელმოკლე  ოჯახიდანაა, და, თანაც, როგორც  ჩანს, მთქმელიც არ ჰყავს,  რომ მუსიკალურ კონკურსზე  სერიალების საუნდტრეკების  შესრულება კარგს არაფერს  მოუტანს.

4. გოგონას სახლში  ერთადერთი ნივთი, რომელსაც  ხმის ამოღება შეუძლია,  არის ტელევიზორი, და, მე-3 პუნქტის  გათვალისწინებით, ამ ტელევიზორში  გოგონა მხოლოდ სერიალებს  უყურებს, სავარაუდოდ, მშობლებთან  და რამდენიმე ათეულ მეზობელთან  ერთად.

5. დასკვნა: გოგონამ  შეასრულა ის სიმღერა,  რაც ესმოდა და რაც იცოდა.

ეს ყველაფერი  რომ გავაცნობიერე, ზემოჩამოთვლილი ნერვული აღგზნების ყველა  ეტაპი გავიარე სათითაოდ და ბოლოს ისევ გავოგნდი, როცა მივხვდი, რომ XXI-ე საუკუნეში, ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომელნიც არა მხოლოდ ერთობიან, განათლებასაც იღებენ ტელევიზორით, "ხელოვნებასაც" ამ ტელევიზორით ეზიარებიან და შედეგიც სახეზეა.

განათლება, საერთოდ, ოჯახის საქმეა და არა მედიის, მაგრამ როცა იცი, რომ შენს ტელემაყურებელთა შორის  ასეთი კატეგორიის ადამიანებიც  არიან, როგორც მინიმუმ, მუსიკალური ვიდეოკლიპები მაინც უნდა გაუშვა ხოლმე და "მეორე სიცოცხლე"  არ გაიმეორო მესამედ.

მერე მტკიცებას  დამიწყებენ, ეს საზოგადოების შეკვეთააო - ვის კითხეს და ვინ უპასუხა, რომ ეს უნდათ ნამდვილად? არა მგონია, ჭკუათმყოფელმა ადამიანმა საკუთარი შვილის დამახინჯებას მშვიდად შეხედოს და თან მოითხოვოს, ეს არაა საკმარისი და კიდევ დაუმატეთო.

რომელ შეკვეთაზეა ლაპარაკი, როცა არ ტარდება  გამოკითხვა, არ არის არჩევანის  საშუალება, რომ სხვა რამესაც  უყუროს ტელემაყურებელმა. არადა, იქნებ სულ სხვანაირი  რეიტინგი მიგვეღო...

თანაც ამას დაემატა  მხატვრული ფილმების ორიგინალურ ენაზე, სუბტიტრებით გაშვება და შესაბამისად, ქართულად დუბლირებული მარტო სერიალები დარჩა.

საერთოდ, სერიალები  და "ჯეოსტარი" ცალ-ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ იმდენად ვიყავი გამოოგნებული, რომ ეს რომ არ დამეწერა, არ შეიძლებოდა!

ნახვამდის!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test