შემოგვიერთდი

ხელსახოცი

30.09.2010 16:05

მედიას აქვს ერთი არაჩვეულებრივი თვისება - მრავალწახნაგოვანია. რადიო, მაგალითად, ყველაზე სწრაფია, - მიიღებს ინფორმაციას და, შეუძლია, პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში გაავრცელოს; ტელევიზია ყველაზე გამომსახველობითია - საკუთარი თვალით ხედავ, რა და როგორ ხდება, ვინ და როგორ ლაპარაკობს; ბეჭდური მედია სულ სხვაა - თან დაგაქვს ის, რაც მისი საშუალებით მოგაწოდეს, მოგინდება - გადაიკითხავ, ჩაუღრმავდები, სადაც გინდა, როცა სასურველი დრო და გაწყობა გექნება.

ბეჭდურ მედიას კიდევ ერთი საინტერესო თვისება აქვს - მკითხველის წარმოსახვაზე თამაშობს. მისი საშუალებით ადამიანს, შეიძლება, სულ სხვა თვალით შეხედო. რამდენიმე კარგი ფოტო, კარგად გაშალაშინებული კითხვა-პასუხი, თვალისთვის და სმენისთვის ხილული მოძრაობების, საგნების, ხმების, სხვა ნიუანსების არარსებობა - ბეჭდურ მედიას, როცა საჭიროა, პროპაგანდის საუკეთესო საშუალებად აქცევს. იგი სწორედ იმაზე ფოკუსირებისკენ გიბიძგებს, რისი აქცენტირებაც კონკრეტულ შემთხვევაში უნდა.

ვერ გეტყვით, ვინ რა თვალით დაინახა საქართველოს პრეზიდენტი ჟურნალ "ტაბულას" 24-ე ნომერში, მაგრამ გამოცემის ფოკუსი ჩვენი მზერის განახლებას აშკარად ითხოვს. მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს აქ ცხრა გვერდი აქვს დათმობილი, თუმცა, მასთან შეხვედრა გარეკანიდანვე იწყება, ირაკლი გედენიძის კარგად შესრულებული ფოტოთი. უკვე შიგნით, ინტერვიუში თომას დვორჟაკის (Magnum), ოლივიე ლაბან-მატეის, Reuters-ის ფოტოების გამოყენებული. ამ ფოტოებზე შეჩერება ნამდვილად ღირს.

ღრმად ჩაფიქრებული პრეზიდენტი აბსოლუტურ სიბნელეში ზის ხის ოვალურ მაგიდასთან. ჩაის ჭიქას დაჰყურებს, მაგრამ, ნათელია, ჩაიზე არ ფიქობს. "მიხეილ სააკაშვილი: რომ გადავრჩეთ, ექსტრაორდინარული მიღწევები გვჭირდება" - ინტერვიუს სათაური ზუსტად პორტრეტის თავზეა მოქცეული. მაგიდაზე ქაღალდები აწყვია. გარჩევა მხოლოდ ერთი გვერდისა შეიძლება - გადაშლილი ჟურნალისა უნდა იყოს, იქაც სააკაშვილი ფოტოა.

ინტერვიუში სააკაშვილის კიდევ შვიდი ფოტოა: ახალგაზრდა, საქმიანი და კეთილშობილი პრეზიდენტი მოქალაქეებთან შეხვერდაზე სიტყვით გამოდის; მომღიმარი პრეზიდენტი, თავზე ჩაფხუტით, ტყიბულელი მაღაროელების ფონზე დგას (სვარაუდოდ, იმ მაღაროელებისა, სამუშაო ადგილზე წელს მომხდარმა ორმა აფეთქებამ  8 ამხანაგი რომ მოუკლა და 5 მძიმედ დაუშავა); პრეზიდენტი სათნოების სახლში წვნიანს მიირთმევს, მწვანელაბადიანი და სპორტულქუდიანი მოხუცის გვერდით ზის, მოხუცი სიყვარულით ადევნებს თვალს ამ პროცესს (თითქოს, საკუთარ რიგს ელოდება); პრეზიდენტი ოჯახში, მეუღლესა და უმცროს ვაჟთან ერთად, გეგონება, მამა-შვილმა  ეს-ესაა თამაში დაასრულა; პრეზიდენტი ბიზნესმენებთან შეხვედრაზე მიიჩქარის, ჩვეული, სწრაფი და დიდი ნაბიჯებით, ისე, რომ ობიექტივი ძლივს ეწევა; პრეზიდენტი სამშენებლო კიბეზე ადის, აგვისტოს ომის დროს დაზიანებული შენობის დასათვალიერებლად; პრეზიდენტი დევნილებს ხვდება, მხოლოდ იგი ჩანს, ძალიან საქმიანია, თავის თავში დაჯერებული, უშიშარი.

საკონსტიტუციო რეფორმა, რეფორმატორთა იდეოლოგია, Le Monde-სთვის მიცემული ინტერვიუ, დაშვებული შეცდომები, სახელმწიფო ხარჯების შეკვეცა, თავისუფლების აქტი, სოციალური პოლიტიკა, კომპრომისი პრინციპებთან, პოპულრობა, საზოგადოების მენტალიტეტის ცვლა, რელიგია, დასავლეთისკენ სწრაფვა და ეროვნულობა, განათლება, რუსეთი, საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურება -  ეს ის თემებია, რომელზეც ამ ინტერვიუში მსჯელობენ. თუმცა, ეს არის ერთგვარი "თამაში ცალ კარში", რადგან ჟურნალისტის ყურადღების მიღმა რჩება კითხვები, რომელსაც რესპოდენტის პასუხები ბუნებრივად აჩენს.

მაგალითად, რას გულისხმობს მიხეილ საკაშვილი, როცა ამბობს: "ჩვენ მიერ წამოწყებულ საქმეს ბოლომდე მიყვანა უნდა, ამიტომ ნურავის გაუკვირდება, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა იდეოლოგია და რეფორმატორთა გუნდი, რომელსაც მე წარმოვადგენ, დარჩეს ხელისუფლებაში 2013 წლის შემდეგ" და იქვე ამატებს: "დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების გადაბარებაზე საუბარიც კი უხერხულია. თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ამას გადაწყვეტს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით"?

ან - ამ დროს: "თავად ევროპელები ხვდებიან, რომ მუდმივი ძიძის როლში ყოფნას სახელმწიფო დიდხანს ვერ გაუძლებს. სოციალური ევროპის პროექტს გლობალურმა კრიზისმა ძლიერი დარტყმა მიაყენა", მაშინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატები, გლობალური კრიზისის შემდეგ, ევროპის სოციალურ პოლიტიკას, ლამის, საკუთარი საშინაო პოლიტიკის ორიენტირად ირჩევს?

განსაკუთრებით საინტერესო, ამგვარ წინააღმდეგობრივ განცხადებებში, გახლავთ ერთი: "რამდენიმე წლის წინ რაჭის ერთ-ერთ სოფელში ვიყავი. მათი შრომისმიყვარეობით პირდაპირ აღვფრთოვანდი - ციცაბო ფერდობზე თესავდნენ სიმინდს. ორი წლის შემდეგ ისევ იმ სოფელში ავედი და სიმინიდ აღარ დამხვდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მადლიერებით მომახსენეს, რომ სიმინდი აღარ სჭირდებათ, ვინაიდან სოციალურ დახმარებას იღებენ და პურს ყიდულობენ. ეს მაგალითია იმისა, რომ სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამები ქრონიკურ სიღარიბეს აჩენს".

ჟურნალისტმა, უნდა იცოდეს, რომ  სიღარიბეს სამუშოს არარსებობა აჩენს და არა სოციალური პროგრამები; რომ, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში (რომელსაც, საქართველოს პრეზიდენტის არაერთი განცხადებით, მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ვერაფერი დააკლო) სიღარიბის დონემ 16,9 პროცენტი შეადგინა მაშინ, როცა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, დსთ-სა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, უმუშევრობის დონე 10 პროცენტია; რომ სოციალური დახმარების ოდენობა საქართველოში, ერთსულიანი ოჯახისთვის, 30 ლარია - თანხა, რომელიც სიმიდნის თესვის ალტერნატივად ვერ გამოდგება.

ეს "ლაფსუსები", წესით, აშკარა უნდა იყოს ჟურნალისტისთვის და მათთან დაკავშირებით შესაბამისი შეკითხვები უნდა დაისვას, მიუხედავად იმისა, რა მსოფლმხედველობას იზიარებს იგი. "ტაბულა" ამ შეკითხვებს არ სვამს. შესაბამისად, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ვრცელი და კარგად გაფორმებული ინტერვიუ, ერთგვარი "პირის მოწმენდაა" პრეზიდენტისთვის, რომელიც, მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, "უწყვეტი კამპანიის რეჟიმში მუშობს". ამ ინტერვიუში, თითქოს, ყველა იმ წარმოადგენის გაბათილება იყო ჩაფიქრებული, რომლებიც, პრეზიდენტთან დაკავშირებით საზოგადოებაში შეიქმნა და ჩაფიქრებული იყო, სწორედ ბეჭდური მედიის საშუალებით, სადაც ყველაფერი სულ სხვანაირად შეიძლება გამოჩნდეს.

მართლაც, ამ ინტერვიუში არ ჩანს სააკაშვილი, რომელსაც ტელეეკრანიდან ვხედავთ - "გაქსუებულ გობეჯიშვილზე" რომ ბრაზობს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს კატეგორიულად უცხადებს, არ ვაპირებ აქ "ხორცის ნაჭრები შევინახოო". ეს არიც ის სააკაშვილია, დიდხანს და ალალად რომ იცინის, მისი ჩინოვნიკის თავის მოწონებაზე, სამეგრელოში იმდენ ფულს შოულობს ხალხი თხილის სეზონზე, ერთს, შვილი რომ მოსტაცეს, გამოსასყიდი უპრობლემოდ გადაიხადაო. არც ის, კარგი პროდიუსერივით რომ მართავს სატელევიზიო შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და უშიშროების საბჭოს სხდომებს ყველას თვალწინ ატარებს. ეს სხვა სააკაშვილია.

"ჩვენ არა ევროპის პროვინცია, არამედ რეგიონის ევროპული ცენტრი უნდა ვიყოთ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა იდეოლოგია და რეფორმატორთა გუნდი, რომელსაც მე წრმოვადგენ, დარჩეს ხელისუფლებაში 2013 წლის შემდეგ," - რეზიუმე, რომელსაც ჟურნალი შესავლის სახით გვთავაზობს, ინტერვიუს მთავარი სათქმელია, თუმცა ამას ის რამდენიმე წინადადება აკლია, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ გამოტანებშიც კი ვერ მოხვდა, პუბლიკაციის ერთ-ერთ მთავარ ღერძს უნდა წარმოადგენდეს - "ვინც არ უნდა გაანაწყენო, თუ ის ფიქრობს, რომ შენ სხვა მოტივაცია არ გაგაჩნდა გარდა იმისა, რომ კარგი გინდოდა, შეცდომებს გპატიობს."

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test