შემოგვიერთდი

წერილი წერილი წერილი, ანუ, დეჟავუ ქართულად

05.10.2010 17:44

ქუთაისელი უყვება მეგობარს:

- გეიგე, გოგო, რავარ ბედში ჩავარდნილა ჩვენი ნათელიე? ი მესამე ქმარს, თურმე, ბადენ-ბადენში წოუყვანია როლს-როისით და გზაში თურმე კოკა-კოლებს სვამდნენ და ჩუპა-ჩუპსებს ჭამდნენ...

- გევიგე, ქალო, ყრუ კი არა ვარ,  რავა ორ-ორჯერ მიმეორებ ყოლიფერს!

გავიგეთ!

არც ყრუები ვართ და არც ბრმები!

გავიგეთ, ბატონო, გა-ვი-გეთ!

არა მარტო გავიგეთ, დავიზეპირეთ და დავისწავლეთ ფრიადზე.

ისევ ვაჟა ზაზაევიჩი მიდგას თვალწინ - ყველაფრის გამეორება გამიგია, მხატვრული ფილმის გამეორება გამიგია, დოკუმენტური ფილმის გამეორებაც გამიგია, გადაცემის გამეორებაც გამიგია, მინი-სერიალის გამეორებაც კი გამიგია, მაგრამ 800 სერიიანი ბრაზილიური იდიოტიზმის მეორედ და მესამედ ჩვენება რა უბედურებაა, ვერ გავიგე!

ამას რომ ტელეკომპანია "მზე" აკეთებდა, გასაგები იყო - ტელევიზია ისედაც სულს ღაფავს, უკვე მერამდენე წელია, ახალი არაფერი გასულა მაგ არხზე, პრინციპში არც არავინ უყურებს და გადის ის, რაც აქვთ...

მაგრამ "იმედსა" და "რუსთავი-2"-ზე რომ ისეთივე და თითქმის უარესი მდგომარეობაა, ეს უკვე გაუგებარი კი არა, აუტანელია.

ქრისტიანებს სწამთ - თუ იერუსალიმში ერთხელ მაინც ხარ ნამყოფი, აუცილებლად სამოთხეში მოხვდები.

ასევე სწამთ მუსლიმანებს - თუ მექაში ხარ ნამყოფი, იმქვეყნიური ნეტარება გარანტირებული გაქვს.

არც იერუსალიმში ვართ ნამყოფი და არც მექაში, მაგრამ "იმედზე" უკვე ოცდამეშვიდედ ვუყურებთ "27 დრაკონს" - სამოთხე არ გვერგება ნეტავ? ამბობენ, ნატანჯი სულები პირდაპირ ცხონდებიანო და...

რატომ გვიგდებენ მასხრად და რატომ გვაჩვენებენ ერთსა და იმავე ფილმებსა და გადაცემებს, ამაზე არ გვიჩნდება შეკითხვა - კარგი, ამის გაგება კიდევ შეიძლება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტელემაყურებელთა უმრავლესობა ქართველია და, ეს უკანასკნელი, როგორც ეთნოსი, ისეთივე მდგრადია უფლებების ხელყოფის მიმართ, როგორც შავი ტარაკანი - ვადაგასული დიხლოფოსის მიმართ.

მაგრამ რატომ არ გვაინტერესებს, სად მიდის ფული, რომელიც ამ ტელეკომპანიებს, წესით, თავზე საყრელად უნდა ჰქონდეთ? როგორც ცნობილია, ამ ტელეკომპანიის თანამშრომლებს, მათ შორის, მძღოლებსა და დამლაგებლებსაც კი, იმხელა ხელფასი აქვთ, რომ მათ უფროსებს არათუ ფილმის ჩვენების უფლების შეძენა, ახალი ფილმების გადაღებაც არ უნდა უჭირდეთ.

თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენიმე თვის წინ საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცემული ე. წ. "ფინანსური ამნისტია", რომლის შედეგადაც  ზემოხსენებულ ტელეკომპანიებს (არა მარტო მათ, მაგრამ მაინც) 34 მილიონი ლარის ოდენობით დავალიანება ჩამოეჭრათ.

შედეგად ვღებულობთ საპირისპიროს - რაც უფრო მეტი ფული აქვს ტელეკომპანიას, მით უფრო მეტ ნაგავს გვაჩეჩებს ხელში.

მაგ სერიალების ჯერ ერთხელ ჩვენება რა უაზრობაა, რომ თან გვამეორებინებენ კიდეც?

მაგალითისთვის ისევ "იმედი" ავიღოთ: შუადღის საათებში ამ არხზე გადის კომედიური მინი-სერიალი "დათარსული კვირა".

თავისთავად, ეს სერიალი სასაცილოა და, ცუდი არაფერი უნდა იყოს ამაში, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს სერიალი წელს უკვე მეოთხედ გადის ამ არხზე და, თუ ასე გაგრძელდა, ერთ გაშვებას კიდევ მოასწრებენ ახალ წლამდე.

ასევე აღნიშვნის ღირსია ტელეთამაში "ფორტ ბოიარი", რომელიც ძალიან აზარტული და კარგი სანახავია, მაგრამ უკვე მეექვსე წელია, გადის "იმედზე" და თანაც ერთი და იგივე ჩანაწერები.

ამ გადაცემის წლევანდელმა ჩვენებამ ყველა რეკორდი მოხსნა - წელს ამ შოუს უჩვენებენ ნახევრამდე. შუაში გადაცემა წყდება და იწყება კოლუმბიური სერიალი "ფარული ვნება", ან კიდევ "მეორე სიცოცხლე", ან კიდევ რაღაცა, რა ვიცი, ეშმაკმაც დალახვროს...

კოლუმბიელებისა არ ვიცი, მაგრამ პირადად მე ეს ერთი სიცოცხლეც ისე მაქვს გამწარებული ამ ერთფეროვნებით, რომ მეხვეწონ, მეორე სიცოცხლეს გაჩუქებთო, არ მინდა.

წინა წერილში ვწერდი, რომ მომავალი თაობა ამ სერიალებზე იზრდება და შედეგად "ჯეოსტარში" "პრისიონერას" მომღერალი გოგონა მივიღეთ. სხვათა შორის, ეგ სერიალიც განმეორებით გადის "რუსთავი-2"-ზე.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ვიღაცა სპეციალურად გვასწავლის იმ უაზრობას, რაც მაგ სერიალებშია, და ახლა გვამეორებინებს კიდევაც.

არ გამიკვირდება, ცოტა ხანში უმაღლესში მისაღები გამოცდების პროგრამაში "ქალთა სახეები "ტეკილა და სიყვარული"-ში", ან კიდევ "მარიო ჩიმაროსა და ოსვალდო რიოსის შედარებითი დახასიათება" თუ შეიტანეს.

ნახვამდის.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test