შემოგვიერთდი

ეპიზოდი

13.10.2010 17:02

პირველი ეთერი, პირველი გადაცემა, პირველი ნომერი - ამბობენ, რომ საუკეთესო უნდა იყოს. იმიტომ, რომ პირველი ეფექტი დღეგრძელია. დამოკიდებულების შეცვლა ყველაფრის მიმართ შეიძლება, მაგრამ ეს უნდა გინდოდეს. თუ, მაგალითად, რომელიმე მაღაზიაში ვინმე ნოქარი უხეშად მომექცა, გამორიცხული არ არის, ჩემზე უკეთესი შთაბეჭდილების მოხდენის შანსი არც მივცე, უბრალოდ, აღარ შევალ მაღაზიაში, სადაც ნოქრებს საკუთარი სამუშაოს ხარისხიანად შესრულებას არ ასწავლიან. ჩემი სახით იქ კლიენტს დაკარგავენ და, ალბათ, არა ერთს, რამდენიმე ახლობელს მაინც ხომ მოვუყვები, როგორი დახვედრა იციან იქ?

დაახლოებით ასეა მედიაშიც. მოისმენ, უყურებ, წაიკითხავ და დაახლოებით იცი, რომელში რით და როგორ გაგიმასპინძლდებიან. მერე, ამ გამოცდილებას სხვებს უზიარებ და საზოგადოებრივი აზრიც იქმნება.

მე, პირადად, ჟურნალ "ეპიზოდი & HISTORY"-ს მეორე შანსს მივცემ. ორი მიზეზის გამო. პირველი - ბაზარზე ყველა ახალი გამოცემის გამოჩენა მიხარია, მეორე - მის რედაქტორს ნიჭიერ ადამიანად მივიჩნევ.

რაც შეეხება პირველ ნომერს, მან გაურკვეველი შთაბეჭდილება დამიტოვა. თითქოს, ნაჩქარევად იყო გაკეთებული. ეს აზრი მარტო იმიტომ არ გამჩენია, რომ რედაქციის რეკვიზიტებს ვერსად წავაწყდი, არც მისამართი, არც ტელეფონი, არც ელექტრონული ფოსტა - ერთი თვე მაინც, მადლობის სათქმელადაც კი ვერავინ მიაწვდენს ხმას ჟურნალის შემქმნელებს.

გაუაზრებელი მეჩვენა ჟურნალის დიზაინი. გვერდები გაჭედილია ტექსტით, ფოტოებით და უზარმაზარი წითელი გამოტანებით, რომელიც მათემატიკურ ფრჩხილებშია მოქცეული. ქართული შრიფიტი პრეტენზიულია, "ეპიზოდი & HISTORY"-ში შრიფტი კი, ძალიან დიდია და საკითხავად ძალიან დამღლელი. ამის თქმა თამამად შემიძლია, რადგან ჟურნალის პირველი ნომერი თავიდან ბოლომდე წავიკითხე. უფრო სწორად, თავი ვაიძულე წამეკითხა.

გურამ წიბახაშვილის "მოგზაურობა დროში", რომელიც ქართული ვარიანტია ეკატერინა როჟდენსტვენსკაიას პროექტისა "ცნობილები ფოტოპროექტებში", იმის აშკარა ნიშანი იყო, რომ ხელთ ქართული "Караван Историй" მეჭირა. ამ ჟურნალის რამდენიმე ნომერი მაქვს წაკითხული და, სიმართლე გითხრათ, დიდად არ აღვფრთოვანებულვარ. მიუხედავად ამისა, ქართული გამოცემა ინტერესით გადავფურცლე.

160-გვერდიან ჟურნალში შვიდი ამბავია მოთხრობილი: უმცროსი ილიკოსა და უფროსი სუხიშვილების, ია ნინიძის, თედო ბექაურის, ბაია დვალიშვილისა და მარინე თბილელის, ქართველი იუნკერების, "ქველმოქმედი თაღლითის" - მიხეილ წერეთლის, კომუნისტებისგან დევნილი მიხეილ ჯავახიშვილის. მასალები 16-18-20-22 გვერდზეა გადაჭიმული, ამ გვერდებს ფოტოებიც ავსებს, მაგრამ შთაბეჭდილება მაინც დამთრგუნველია. იწყებ კითხვას და საკითხავი აღარ მთავრდება. კითხვა მიყვარს, ძალიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემმა სიყვარულმა არ გაამართლა.

საქართველო პატარა ქვეყანაა, მისი ყველა ცნობილი შვილი საზოგადოებისთვის დიდი ხანია კარგადაა ცნობილი და მათი ამბავთან კიდევ ერთხელ მიბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მომინდეს, თუკი მათზე რამე ახალს ან ახლებურად მეუბნებიან. ამბები, რომელსაც "ეპიზოდი & HISTORY" თავის პირველ ნომერში გვთავაზობს, ახალს, ფაქტობრივად, არაფერს ამბობს, მაგრამ თუ ამბობს, ისე გრძლად, მონოტონურად, რომ ბოლომდე, შეიძლება, აღარც მიყვე.

გრძელ-გრძელი ამბები"Караван Историй"-შიც იწერება, თუმცა, ერთი მხრივ, დიზაინის, ფერადოვნების, მეორე მხრივ კი, საინტერესო თხრობის გამო, ასე გულისგამაწვრილებლი არ გეჩვენება. ფერები "ქართულ ქარავანს" ნამდვილად აკლია, არადა, ჟურნალი ფერადია. ყველაზე ფერადი ამ გამოცემაში ისევ ფოტოპროექტი "მოგზაურობა დროშია", მიუხედავად იმისა, რომ ფოტოების ნაწილი არღვევს იმ ხაზს, რომელიც ამ ტიპის პროექტებს, ზოგადად, აქვს.

ფოტოპროექტში ცხრა წყვილი ფოტოა. პირველია ინგლისის წარმომადგენელი საქართველოში ოლივერ უორდროპი და საქართველოში საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე; მეორე - ევროპულ სამოსიანი ქალი და ელენე გუნცაძე, ნუცა გედევანიშვილთან ერთად; მესამე - ქართველი დიდვაჭარი ზაქარია დავითის ძე სარაჯიშვილი და მსახიობი ჯემალ ღაღანიძე; მეოთხე - თავადი წულუკიძე და მომღერალი აჩიკო გულედანი; მეხუთე - ყარაჩოღელები და "ქსოვრელები"; მეექვსე - უცნობი ქართველი მანდილოსანი და მსახიობი ლალი ბადურაშვილი; მეშვიდე - 84-ე ქვეითი პოლკის ჯარისკაცები და მწერალი ირაკლი სოლომანაშვილი; მერვე - ფოთის ქალთა გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლეთა ჯგუფი და თაკო ჯაფარიძე, ლიზა კალანდაძე, ელენე სააკაშვილი; მეცხრე - ტრადიციულ ქართულ ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი და კულტურის ფონდის თავმჯდომარის მოადგილე ფერდინანდ ლორთქიფანიძე.

მიუხედავად იმისა, რომ სამოსი, ანტურაჟი, შეძლებისდაგვარად მსგავსია, კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებითაც ჩნდება. მაგალითად, ელენე გუნცაძისა და ნუცა გედევანიშვილის შემთხვევაში, რომლებიც ევროპულ ტანსაცმლიან ერთ ქალბატონთან არიან დაწყვილებულნი და 84-ე ქვეითი პოლკის 8 ჯარისკაცების შემთხვევაში, რომელთა წყვილშიც მწერალი ირაკლი სოლომანაშვილი მარტო დგას.

ორი სიტყვით სათაურებსაც უნდა შევეხო. "ბედთან მოცეკვავე", "ფართოდ დახუჭული თვალები", "ყველაფერი დედაჩემის შესახებ", "ომი და მშვიდობა" - ცალკე ან რამდენიმე სხვა სიტყვასთან ერთად, ისინი უკვე წარმატებულთან, აღიარებულთან ასოცირებას ახდენენ. მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი ვერ იქნება იმისთვის, რომ ახალი ქართული ჟურნალი ჩვენ მახსოვრომაში ეპიზოდად არ დარჩეს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test