შემოგვიერთდი

სხვა ხალხი, სხვა არხი...

18.10.2010 15:33

დასაწყისისთვის, ერთი საბჭოეთის დროინდელი ანეკდოტი: მასწავლებელი რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვებს გაკვეთილს უხსნის: - აბა, ბავშვებო, რომელ ქვეყანაშია ყველაზე ბედნიერი ცხოვრება? - საბჭოთა კავშირში! -ერთხმად პასუხობენ ბავშვები. - სად აქვთ ბავშვებს ყველაზე მეტი სათამაშოები? - საბჭოთა კავშირში! - სად აქვთ მამიკოებს და დედიკოებს ყველაზე მაღალი ხელფასები? - საბჭოთა კავშირში! - შენ რატომ ტირი, ვოვოჩკა? - ეკითხება მასწავლებელი. - საბჭოთა კავშირში მინდა ცხოვრება! - პასუხობს ტირილით ვოვოჩკა.

ასეა - PR თანამედროვე ფენომენი არაა და მისი ეფექტურობა ჩვენთვის ოდითგანვე იყო ცნობილი.

სწორედ PR იყო და არის მიზეზი, რომ რამდენიმე ათეული საუკუნეა, ერთი მოგებული ომისა და ერთი პოემის წყალობით თავი ღვთის რჩეული გვგონია.

მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი, კი არა და 21-ე საუკუნის PR, ელექტრონული მედია და ტექნოლოგიური პროგრესი თავისას შვრება და ახლა უკვე მოგებული ომისა და პოემის გარეშეც მშვენივრად ვგრძნობთ თავს.

სანამ მთავარ თემაზე გადავიდოდეთ, მინდა გკითხოთ (პასუხი კომენტარებში დაწერეთ): ბოლოს როდის ნახეთ ქართული ტელეკომპანიის ეთერში სერიოზულად მოლაპარაკე ან პრეზიდენტი, ან პარლამენტის თავმჯდომარე და ან რომელიმე, თუნდაც შინაგან საქმეთა მინისტრი?

იმას არ ვგულისხმობ, მინარბენზე რომ წერენ ინტერვიუებს და ხან საჭესთან და ხან ვენახიდან რომ გვესაუბრებიან. არც ბრიფინგები ითვლება - სერიოზულ, სახელმწიფო საქმეზე ლაპარაკს ვგულისხმობ.

სამაგიეროდ, ჩვენი  ნებისმიერი თანამდებობის პირი მზადაა უცხოელი ჟურნალისტებისთვის პასუხების გასაცემად.

ვინაიდან და რადგანაც მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ისევ ძალაშია და, მით უმეტეს, სახელმწიფო მოღვაწეთა ასეთ ტენდენციურობას შემთხვევითობას ნამდვილად ვერ მივაწერთ, მოდი, გავიგოთ, რა არის ამის მიზეზიც და შედეგიც.

ბოლო დროს ძალიან გახშირებული უცხოელი ჟურნალისტების სტუმრობა ქვეყნის პირველ პირებთან ცუდი არაა, პირიქით, ძალიან კარგია - მსოფლიო ინტერესდება ჩვენით და სხვა ქვეყნების მოქალაქეები საქართველოს "წარმატების საიდუმლოს" ეცნობიან, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ?

კაი, ჯანდაბას, მე მაქვს სახლში საკაბელო და BBC-სა და CNN-ს, ასე თუ ისე, ვუყურებ, მაგრამ პროვინციებში მცხოვრებმა ხალხმა რა დააშავა?

არადა, იმ ვოვოჩკასი არ იყოს, ეგ წარმატების საიდუმლო ჩვენ რომ გვჭირდება, ისე არ სჭირდება არავის.

მაგრამ პრინციპში, ამაზე მოდავება არც შეიძლება.

მე რომ ახლა ქვეყნის სათავეში ვიყო, ამ ტელევიზიებს, ისეთებს, როგორებიც ახლა არიან, ნამდვილად არ მივცემდი ინტერვიუს სერიოზულ თემაზე - ამას დამსახურება უნდა.

როგორც ჩანს, უკვე საკუთარი ხელისუფლებაც აღარ ენდობა, ან კიდევ სერიოზულად აღარ თვლის, ან ორივე ერთად.

მაგრამ მოდი, მეორე კუთხიდან შევხედოთ ამ საკითხს - ძველი ანდაზისა არ იყოს: "ქმარი ლაშქარს იყო და ცოლი ამბავს უყვებოდაო" - საკუთარი ქვეყნის ავ-კარგს "ალ-ჯაზირა" რატომ უნდა მეუბნებოდეს?

მგონი აქ სხვა რამე უნდა იმალებოდეს - შესაძლოა, მიხვდნენ, რომ ისეთ ტრაბახს, როგორსაც უცხოეთის ტელევიზიებთან აწარმოებენ, ქართულ ტელეარხებზე ხალხი სასაცილოდ აღიქვამს, ან გაღიზიანდება.

თანაც რიგითი ბრიტანელი, რომელსაც კონკრეტული რამე არ აკავშირებს საქართველოსთან, რაც არ უნდა უჩიჩინო, ჩვენს პრეზიდენტთან ინტერვიუს, ან განახლებულ ბათუმზე რეპორტაჟს, მაპატიეთ, მაგრამ - არ უყურებს.

სამაგიეროდ, ქართველები უყურებენ, თანაც თვალმოუცილებლად და მერე ბირჟაზეც განიხილავენ დეტალურად, მსოფლიო გეოპოლიტიკურ ჭრილში.

ამიტომაცაა ალბათ, რომ ჩვენებიც იმას აძლევენ ინტერვიუს, ვინც არ უყურებს - არის ამაში ლოგიკა.

ეს იწვევს ქართული საეთერო ბადის პოლიტიკურ გამოცარიელებას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ოსვალდო რიოსის, "პროფილისა" და "ნანუკას შოუს" მაღალ რეიტინგს, რაც ხელს უწყობს იმას, რომ ასეთ ტელევიზიებს ჩვენი პირველი პირები სერიოზულად აღარ აღიქვამენ - სადაც დავიწყეთ, იქ დავბრუნდით! ლავუაზიეს კანონია!

და კიდევ, დასასრულს - საინტერესოა, ჩვენი ჟურნალისტები რატომ არ დადიან ინტერვიუებზე საფრანგეთის პრეზიდენტთან, იტალიის პრემიერთან და გერმანიის კანცლერთან? ვითომ მაგათი წარმატების ფორმულა არ ვარგა? რა ვიცი, იქნებ გამოგვდგომოდა რამეში...

ნახვამდის!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test