შემოგვიერთდი

ზიარჭურჭლის პრინციპი

25.10.2010 13:50

ლიცენზიის გაცემის სიმარტივე, თავისუფლების კანონით განმტკიცებული   გარანტიები, თავისუფლება ცენზურისა და ხელისუფლების ჩარევისგან, კონკურენტული გარემო - ეს ის კრიტერიუმებია, რომელთა მიხედვითაც ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მედიის თავისუფლების ყოველწლიურ ინდექსს ადგენს.

ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის 2010 წლის რეიტინგში საქართველომ 18 საფეხურით ქვევით დაიწია. ჩვენმა ქვეყანამ წელს 27 ქულა მიიღო და, 178 ქვეყანას შორის, 99-ე ადგილზეა. ეს არ არის ერთადერთი უკუსვლა ამ მიმართულებით. ამავე რეიტინგში, 2007 წელს, საქართველოს 66-ე ადგილი ეკავა, მაგრამ ერთ წელიწადში 120-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ამ ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ის, რომ აგვისტოს ომის დროს საქართველოში სამი ჟურნალისტი დაიღუპა.

გასული წლის ანგარიშის მიხედვით, წინ 39 საფეხურით წავიწიეთ, 81-ე ადგილზე გადავინაცვლეთ. როგორც აღმოჩნდა, ესეც სულ სხვა დამსახურების გამო. ორგანიზაციამ "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე" საქართველოს ეს დაწინაურება ასე განმარტა: "საქართველომ შეძლო 39 ადგილით დაწინაურება, რადგანაც მას საანგარიშო პერიოდში არ უომია, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური დაძაბულობა საინფორმაციო საშუალებებზე კვლავაც ახდენდა ზემოქმედებას".

ახდენდა და ახდენს. საქართველოში დღესაც პოლიტიკური დაძაბულობაა, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე საკნები არ დგას. ქართული მედია ისევ ორ საქართვველოზე გვიყვება. ერთში ზეიმია - საერთაშორისო აღიარებების, კრიზისის მიუხედავად პროფიციტული ბიუჯეტის, ოქტომბერშიც კი ყველაზე თბილი ზღვის, სხვათა და სხვათა გამო; მეორეში განგაშია - მორყეული სახელმწიფოებრიობის, დაუცველი კერძო საკუთრების, არარეალურად გაძვირებული ცხოვრების, სხვათა და სხვათა გამო.

ამ ორი დღის წინათ, ლილოს ბაზრობაზე დიდი აურზაური იყო. შემოსავლების სამსახურმა ბაზრობის მოვაჭრეები დააჯარიმა და, მათივე განცხადებით, მაღაზიები დაულუქა. ამას მოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა. ადგილზე პროფკავშირების, ეროვნული ფორუმის წარმომადგენლები მივიდნენ. ვითარების გარკვევის მცდელობამ შეხლა-შემოხლა გამოიწვია, "ფორუმის" ერთ-ერთი წევრი პოლიციამ დააკავა. ყველაფერ ამასთან ერთად, დაზიანდა ტელეკომპანია "კავკასიისა" და ინტერნეტტელევიზია "Itv"-ის კამერები. "კავკასიის" წარმომადგენლის განცხადებით, ტექნიკას მისთვის მოქნეული ხელი მოხვდა.

ცენტრალურ არხებს - "პირველ არხს", "რისთავი2"-ს, "იმედს" - ეს ამბავი, ფაქტობრივად, უყურადრებოდ, სიღრმისეული ანალიზის გარეშე დარჩათ. მათი საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემები საერთაშორისო ეკონომიკური დანაშაულები, სასტუმრო-ციხეები, თბილისობა და სხვა, ამ ტიპის ინფორმაციები იყო. სამაგიეროდ, იმ დღის მთავარი თემა დაწვრილებით განიხილეს "კავკასიაზე", "მაესტროზე", "Itv"-ზე. იგივეა ბეჭდურ მედიაშიც - ტრადიციაულად "ფხიზლებს", ტრადიციაულად "მიძინებულებისგან" განსხვავებით, მომხდარი არ გამოპარვიათ.

შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში ზიარჭურჭლის პრინციპი ამოქმედდა - ამბავმა მეორე გასასვლელი იპოვა. ეს პრინციპი იმასაც გვეუბნება, რომ გზა ყოველთვის მოინახება და იმასაც - რაც უფრო დიდი იქნება დაწოლა, მით უფრო სწრაფი და ძლიერი გახდება სწრაფვა თავისუფლებისკენ. ეს წესი გასული კვირის ბოლოსაც გამახსენდა, როცა "კვირის რეპორტაჟს" ვუყურებდი.

"კვირის რეპორტაჟის" 17 ოქტომბრის გამოშვებამ ორი სიუჟეტი შემოგვთავაზა, ორი სხვადასხვა საქართველოს შესახებ. ერთი დიღომი 8-ში, ყოფილი ტყე-პარკის ტერიტორიაზე, სიხარულის ქუჩაზე, მდიდრულ ვილებში ცხოვრობს; მეორე - ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში და სუფთა წყალი ენატრება. სიხარულის ქუჩაზე ჩინოვნიკებს დაუდიათ ბინა, მათი გაწკრიალებული ეზოები მაღალი ალაყაფის კარიდანაც ჩანს; აწყურში გლეხები ცხოვრობენ, ტალახიანი ჩექმები აცვიათ და ტალახიან წყალზე ჩივიან.

აწყურში სასმელი წყალი ტალახიანია, ტალახიანი და ქვეწარმავლებიანი, მკვდარი ბაყაყებით სავსე. რეზერვუარი, რომელშიც სოფლისთვის მისაწოდებელი წყალი გროვდება, ჭაობის საცავს გავს, წარმოუდგენელია იფიქრო, რომ იმ სითხის თუ მასის დალევა, რომელიც მასშია მოქცეული, ვინმეს შეიძლება შესთავაზო. სახლებამდე წყალი რეზინის, კუსტარულად დამაგრებული მილებით მიდის. ამ საოცრების - აწყურის წყალმომარაგების სისტემის შექმნაში სახელმწიფომ რამდენიმე ათეული ათასი ლარი დახარჯა.

სიხარულის ქუჩიდან აწყურში მოხვედრა ცივი შხაპივით იყო, თუმცა გლეხების დამოკიდებულება, მათი პროტესტი, სოფლის ხელისუფლებასთან გამართული მწვავე კამათი "კვირის რეპორტაჟის" 17 ოქტომბრის გამოშვების ძირითადი სათქმელი გახდა. ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სიუჟეტით, ემოციისგან თავისუფალი თხრობით, თემის ობიექტური გაშუქებით, გადაცემის ავტორებმა ნათლად დაგვანახეს უფსკრული, რომელიც ერთი ქვეყნის - საქართველოს მოქალაქეებს შორის არსებობს და, საუბედუროდ, ღრმავდება.

"კვირის რეპორტაჟი" იმ მცირერიცხოვან ტელეგადაცემებს შორისაა, რომელიც საზოგადოებას პროფესიონალურ დონეზე შესრულებულ ჟურნალისტურ გამოძიებებს სთავაზობს. ეს ის გადაცემაა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილმა ჯორჯ სოროსთან რომ უჩივლა, ტენდენციურია და დაფინანსება შეუწყვიტეთო.

ამგვარი დამოკიდებულება ერთი მიზეზია იმ მიზეზებიდან, რომელმაც ჩვენი ქვეყანა მედიის თავისუფლების რეიტინგში, ერთ წელიწადში, 81-დან 99-ე ადგილზე გადაისროლა. პოსტსაბჭოთა სივრცეში პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მე-5 ადგილზეა და მის შემდეგ სომხეთი, უკრაინა, რუსეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნები მოდიან. პრესის თავისუფლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, პოსტსაბჭოთა სივრციდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ.

ამგვარი კვლევები მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს საშიშროების იმ ზღვარს, მედიის დამოუკიდებლობის შედეგად გაუცხოებული საზოგადოების ნაწილებს შორის რომ არსებობს. ეს ზღვარი დევს ბალანსზე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის მუდმივად  უნდა იყოს დაცული. საკმარისია, იგი დაირღვეს და ზიარჭურჭლის პრინციპი ამოქმედდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test