შემოგვიერთდი

სახალხო ჟურნალისტიკა

26.10.2010 17:12

"ძვირფასო მკითხველო. პორტალზე DELFI სტარტს იღებს ახალი, ესტონეთის რუსული ჟურნალისტიკისთვის უნიკალური პროექტი "მე - ჟურნალისტი", - ასე იწყება rus.DELFI.ee-ს მთავარი რედაქტორის, ელენა პეტუხოვას 5 ოქტომბრის წერილი, სათაურით "შეგიძალიათ გამოიმუშავოთ და სახელი გაითქვათ".

პორტალი მკითხველს სთავაზობს, ჩაერთოს დასავლეთ ევროპაში დღეისთვის ფართოდ გავრცელებულ და უკვე რუსეთსა და უკრაინაში დანერგილ "სახალხო" იგივე "სამოქალაქო ჟურნალისტიკაში". "ვიწვევთ ჩვენი ქვეყნის ყველა მსურველს, ყველა მცოდნე და დაინტერესებულ ადამიანს, გახდეს DELFI-ს სახალხო ჟურნალისტი," - ვკითხულობთ წერილში.

იქამდე, ვიდრე საზოგადოებას ამგვარ თანამშრომლობას შესთავაზებდა, პორტალმა, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, ჩაატარა რამდენიმეკვირიანი გამოკითხვა, რომლის მსვლელობისას, მკითხველს კომენტარების დატოვება სთხოვა. ამ კომენტარებიდან ბევრი რედაქციამ აქცია მასალად რუბრიკისთვის "მე - ჟურნალისტი". ამ რუბრიკაში დღეს უკვე ათამდე სტატიაა. პორტალზე დევს, ასევე, მკითხველების მიერ მიწოდებული ფოტო და ვიდეო მასალებიც.

"სახალხო ჟურნალისტად გახდომა შეუძლია ყველას, მთავარია, ადამიანს აქტიური სამოქალაქო პოზიცია ჰქონდეს. იყოს ცნობისმოყვარე და მზად იყოს, საკუთარი დაკვირვება, განსჯა, გამოძიება სხვებს გაუზიაროს, რითაც ჩვენი საერთო საჯარო სივრცის ფორმირებას შეუწყობს ხელს," - წერს ელენა პეტუხოვა.

ესტონეთს, მედიის თავისუფლების მიხედვით, მსოფლიოში მე-9 ადგილი უჭირავს ("მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი 2010"), რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის ღია, გახსნილი ურთიერთობაა. აქტიურობა, რომელიც მკითხველმა ახალი პროექტის ფარგლებში უკვე გამოიჩინა, ამის კიდევ ერთ დასტურად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, აქვე, შეიძლება, სხვა შრეებმაც იჩინოს თავი.

მაგალითისთვის, ავიღოთ წერილს, რომელშიც ტალინელი ვლადიმირი ქალაქში არსებული პარკირების რუსულენოვან თავისებურებებზე მოგვითხრობს. რუსულის მცოდნეთათვის წერილი საინტერესო ხდება სათაურიდანვე - "Парковный автомат находит у каффе". ვლადიმირი გვყვება, რომ ამგვარი შინაარსის ფირნიში ტალინში არა ერთია და მთავარი მათში არა გრამატიკული შეცდომები, არამედ ამ შეცდომების დაშვების მოტივია.

"რთულია, მოძებნო ადამიანი, რომელსაც ავტომობილის პარკირების საფასურის გადახდა სიამოვნებს, მაგრამ ტალინის ცენტრში მოიძებნა საშუალება, რუსეთიდან შემოსული ტურისტებისთვის, ეს უსიამოვნო პროცედურა ცოტათი შეელამაზებინათ," - წერს მასალის ავტორი, - "21-ე საუკუნეში სულ უფრო აქტუალური ხდება ლოზუნგი "ხელოვნება რის ის, რასაც ხელოვნებად აღვიქვამთ" და მალე, ეს ფირნიშები, ალბათ, იქცევა განსაკუთრებულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად, რომლის ფონზეც სამახსოვრო ფოტოებს გადაიღებენ და რუსული ენის სტერეოტიპების შესახებ მოჰყვებიან განსჯას."

ვლადიმირს წერს, რომ ურიგო არ იქნებოდა, გრამატიკული "ნაირფეროვნებით" მდიდარი ფირნიშები მოსაწყენი ტალინის სხვა ადგილებშიც დაემაგრებინათ. ეს მარკეტინგული და კულტურული პროდუქტიო, - ამბობს იგი, - თუკი საქალაქო დონეზე დაფიქრდებიან და შემოქმდებითად მიუდგებიან, შეიძლება, ეს პროექტი მოულოდნელად იქცეს თანამედროვე კულტურის ავანგარდული მიმართულების განვითარებაში ესტონეთის დედაქალაქის მიერ შეტანილ წვლილადო.

ოსტატურად დაწერილი წერილია, ისეთი, ტენდენციურობაში ბრალს რომ ვერ დასდებ, მაგრამ ამ დასკვნაში ბოლომდე ეჭვი რომ გეპარება, განსაკუთრებით - ყველაფერ რუსულთან დაკავშირებით, ბალტიისპირეთის ქვეყნებში მომხდარი ამბების კონტექსტში. მასალის დახვეწილობა არის დამსახურება პროფესიონალი ჟურნალისტებისა, რომლებიც რუსულენოვან მედიაში  მრავლად არიან და, არც თუ იშვიათად, "ჟურნალისტიკა" და "პროპაგანდა" სინონიმებად მიაჩნიათ. პორტალის რედაქტორს არც დაუმალავს, რომ სახალხო ჟურნალისტებისგან შემოსული წერილები მოქმედი ჟურნალისტების მხრიდან რედაქტირებას გაივლიდნენ იმისთვის, რომ "მრავალმხირივი და საინტერესო განხდარიყვნენ".

რუსულენოვანი აუდიტორია, ტრადიციულად, აქტიურია. ამასთან, მასში გაცილებით მაღალია სამოქალაქო საზოგადოებისითვის საჭირო თვისებები, ვიდრე, სამწუხაროდ, ჩვენში. საკუთრივ რუსები ყოველთვის ინტერესიანები იყვნენ, ყოველთვის ცდილობდნენ, საერთო ფულის ხარჯვა გაეკონტროლებინათ, ყოველთვის ითხოვდნენ მათი, როგორც მოქალაქის დაფასებას და ამის ყოფით ნიუანსებში გამოხატვას. მოკლედ, აკეთებდნენ იმას, რაც ჩვენ, ქართველებს, რატომღაც, უხერხულად მიგვაჩნდა. რუსულენოვანებს, ძირითადად, ეთნიკურ უმცირესობებს, საკუთარი აქტიურობით ისინი პოზიციების განმტკიცებას ცდილობდნენ, რაც, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, გასაგები მომენტია.

მეორე აუცილებლობა სახალხო ჟურნალისტიკისთვის, მედიის სანდოობა. დასავლეთ ევროპაში, განვითარებული სამოქალაქო საზოგადოების პირობებში, როცა მედია კონტროლის მძლავრი მექანიზმია, სახალხო ჟურნალისტიკაც აქტიურია. ცოტა სხვა საქმეა საქართველო, სადაც ნდობა მედიისადმი შერჩევითია. Human Rights Watch-ის 2008 წლის ანგარიშის მიხედვით, მედიასივრცე საქართველოში არაერთგვაროვანია - ბეჭდვითი მედია აქტიურია, საინფორმაციო ტელემაუწყებლობა კი სულ უფრო იზღუდება, სავარაუდოდ, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად.

გაურკევლობა, რომელიც ქართული მედიის მფლობელებთან დაკავშირებით არსებობს, ნდობის საკითხს კიდევ მეტ ბუნდოვანებაში ხვევს. მიუხედავად ამისა, აქტიურობა საქართველოს მოსახლეობაშიც იზრდება. ამაზე, ძირითადად, მეტყველებს ზარები, რომელიც პირდაპირ ეთერებში გაისმის (სამწუხაროდ, გადაცემები, სადაც მაყურებელს პირდაპირ ეთერში შესვლა შეუძლია, სულ უფრო ცოტა რჩება) და კომენტარები, რომელსაც ადამიანები საინფორმაციო პორტალებში, სოციალურ ქსელებში, ბლოგებში ტოვებენ.

თვითმმართველობის ბოლო არჩევნებისთვის, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა მოქალაქეებს შესთავაზა, მთთვის მოსახელრხებელი ნებისმიერი ფორმით მიეწოდებინათ ინსტიტუტისთვის ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეს კომუნიკაცია საზოგადოებასთან არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა. დღეს, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ვებგვერდზე მოქალაქეების მიერ მოწოდებული ახალი ამბები 22 გვერდს იკავებს.

ინფორმაციები, რომელიც ამ გვერდებზე შეიძლება ამოიკითხოთ, უდავოდ, საინტერესოა. მაგალითად: "ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთუბნიდან და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ყელეთიდან ბავშვებს სკოლაში სიარული 3-4 კილომეტრის მოშორებით უხდებათ. ორთუბნელები ზღუდერში სასიარულოდ ზოგჯერ თუ ტრანსპორტით სარგებლობენ, დიდ ყელეთში მცხოვრები ბავშვები წრომის სკოლამდე სავალ გზას მუდამ ფეხით გადიან - დიდი ყელეთში ადგილობრივი მაცხოვრებლების კუთვნილი ავტომანქანების გარდა, ტრანსპორტი არ მოძრაობს."

დიდი ყელეთის მოსახლეობას, ისევე, როგორც სხვა სოფლების მოსახლეობას, როგორც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისთვის მიწოდებული ინფორმაციებიდან ვიგებთ, კიდევ არა ერთი პრობლემა აწუხებს, მაგალითად, უკვე დიდი ხანია იქ სოფლის ექიმი თვალით აღარავის უნახავს. ეს არის თემები, რომელზეც გაცილებით მეტის დაწერა შეიძლება, თემები, რომელიც სახალხო ჟურნალისტიკის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს.

ჯერჯერობით, ჩვენი მოქალაქეები სათქმელს მოკლე ინფორმაციებში ატევენ. ჩავთვალოთ, რომ ეს, მათ მიერ სამოქალაქო საზოგადოების ამ მიმართულების განვითარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test