შემოგვიერთდი

Google-სგან მივიწყებული ქვეყანა

26.10.2010 17:15

მიხო ეუბნება ახლობელს: - გუშინ ბაზარში დაგინახე! - მერე რატო არ დამელაპარაკე? - ჯერ ვიფიქრე, დავუძახო-მეთქი, მაგრამ მერე დავფიქრდი და ვთქვი: ერთი მაგის დედაც-მეთქი და აღარ დაგიძახე...

ძირითადად ასე ხდება ხოლმე ჩვენთან.

ჯერ იყო და, დახმარების სათხოვნელად საფრანგეთს მივმართეთ - სულხან-საბა ორბელიანის ვიზიტის ამბავი გემახსოვრებათ.

საფრანგეთმაც, მიხოსავით, ჯერ იფიქრა, დავეხმარებიო, მერე თქვა, ერთი მაგათი დედაცო.

მერე იყო და რუსეთს ვთხოვეთ, დაგვეხმარეო.

რუსები საქმის ხალხია - არა მარტო იფიქრეს: მაგათი დედაცო, არამედ ადგნენ, შემოვიდნენ და გააკეთეს კიდეც, რაც იფიქრეს.

ახლა დრო შეიცვალა, სულხან-საბამ თუ წლები მოანდომა საფრანგეთში ჩასვლას, 2008 წლის ომის დროს, სანამ რუსის ჯარი გორიდან თბილისში ჩამოვიდოდა, სარკოზი უკვე აქ იყო.

მაგრამ დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა - ყველა ისევ ისე გვიყურებს, როგორც მიხო უყურებდა თავის მეზობელს - უყვარდა, განა ეჯავრებოდა, მივიდოდა კიდეც, მოიკითხავდა, მაგრამ ერთი მაგის...

ახლა იმაზე მოგახსენებთ, თუ რამ გადამაწყვეტინა ამ წერილის დაწერა - საკითხსაც მოკლედ და კონკრეტულად ჩამოვაყალიბებ: რატომ არაა მოხსენიებული igoogle-ში საქართველო, მაშინ, როცა yandex-ზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია?

თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ, შეამოწმოთ - შედით google-ს თქვენს პერსონალურ გვერდზე და ამინდის გაჯეტში, ან საერთოდ სადმე, სადაც რეგიონების მითითებაა საჭირო, საქართველო მიუთითეთ, თუ მაგრები ხართ! არის აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი, ბურკინა ფასო, ჯიბუტი, სიერა-ლეონე, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ჩადი და კიდევ ძალიან ბევრი სახელმწიფო - საქართველო არ არის... ჩასვამდნენ, განა არა, მაგრამ მიხოს მეზობლის ეფექტი ჯერჯერობით დაუმარცხებელია.

მოხსენიებულია მხოლოდ ქალაქი თბილისი. და გაინტერესებთ, რომელ რეგიონში? "რუსეთი, დსთ და ბალტია".

მოდი ამას შევხედოთ, არა როგორც ქართველებმა, არამედ როგორც user-ებმა: რატომ მოიხსენიებს yandex.ru ოკუპირებულ ტერიტორიებს? იმიტომ, რომ რუსულია? სწორია, yandex რუსული კომპანიაა, და ლოგიკურიცაა, რომ მათ საიტზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებადაა მოხსენიებული.

რუსეთი რომ სეპარატისტების მოკავშირეა და აღიარებს, გასაგებია, მაგრამ ჩვენი მოკავშირეც ხომ არის დასავლეთი? რატომ არ გვაღიარებს google?

ეს მეტყველებს ძალიან საინტერესო ფაქტზე - ჩვენ, რაც არ უნდა გავირღვათ შუაზე და გაბღენძვისგან ბოძებზე მავთულები დავწყვიტოთ, მსოფლიო საზოგადოებისთვის მიხოს მეზობელიც კი არ ვართ - იციან, რომ ვარსებობთ, მაგრამ სად და როგორ, ეს არ იციან და არც აინტერესებთ.

არადა, დღესდღეობით მსოფლიოში ინფორმაციის გაცვლის ცენტრად google შეიძლება ჩაითვალოს. ეგეც თუ არ გვაღიარებს, ესე იგი, ნამეტანი ბჟუტავს ჩვენი "დემოკრატიის შუქურა" და ვერ აღწევს სინათლე იქამდე... რა ვიცი, რა ვიცი...

ასეა საქმე - კი ღაღადებენ ჩვენი ტელეკომპანიები, რომ საქართველო წინ მიიწევს, ეკონომიკა ყვავის, გლდანის დისნეილენდი ჯობია კალიფორნიისას და თბილისის ანძა - ეიფელს, დონალდ ტრამპი აპირებს შემოსვლას საქართველოს ბაზარზე, მაგრამ, როგორც ამ ყველაფრის პირველწყარო იტყოდა - ვერ მოგვართვეს!

დღევანდელ მსოფლიოს, ისევე როგორც ადრინდელს, ბოდიში და, სულ მარგალიტის მძივივით ჰკიდია ჩვენი წინსვლა და უკუსვლა. გლდანის დისნეილენდშიც იგივე ბავშვები დადიან, რომელთაც დისნეილენდზე ადრე ომის საშინელება ნახეს და ის დონალდ ტრამპიც კი აპირებს შემოსვლას, მაგრამ ერთხელაც დაფიქრდება და... მიხოს უკვდავი დოქტრინაც ამუშავდება მეზობელთან დაკავშირებით.

მე იმას კი არ ვამბობ, რომ yandex-ის მიერ აღიარებული სეპარატისტები უკეთესნი არიან, ან ის აღიარებაა უკეთესი - მაგრამ რაღაცას ხომ უნდა გამოეწვია ჩვენი დავიწყება და გამოტოვება google-ს სიაში?

ალბათ არ ვიმსახურებთ! არ ვიმსახურებთ და მორჩა ამაზე ლაპარაკი!

ისე, ერთი კითხვა მიჩნდება: google-მ არ მიგვიღო და "NATO" მიგვიღებს?

დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test