შემოგვიერთდი

მარსის ქრონიკები ქართულად

27.10.2010 18:34

გვეღირსა!

როგორც იქნა, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჯობია, თვითონ თქვან, სანამ ვინმე ათქმევინებთ!

პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, პარლამენტში შედის კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც, მედიასაშუალების მფლობელი გახდება გამჭვირვალე.

ასე რომ, ამის მერე ქუჩაში თუ გამჭვირვალე ადამიანი შეგხვდათ, უცხოპლანეტელი არ გეგონოთ, მედიასაშუალების მფლობელი იქნება.

ხუმრობა იქით იყოს და - მე მგონი, ცოტა-ცოტა აზრზე მოდიან ჩვენი ხელისუფალნი. ეს კანონი აქამდეც იყო მისაღები და გასატარებელი, ან აქამდე რაზე გვამტვრევინეს თავები? არ ჯობდათ, ეთქვათ, რომ "რუსთავი-2" ეკუთვნის კომპანია "Degson Limited"-სა და "saqarTvelos industriul ჯგუფს"? რაც ჩვენ მაგის გარკვევაში დრო დავკარგეთ, არ ჯობდა, ეს დრო ურსულასა და ხორხეს სასიყვარულო ინტრიგების გარკვევაში დაგვეხარჯა? ჯობდა, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო, სხვა ხელისუფლება... არა? მაშინაც ესენი იყვნენ? აააა...

კი, მშვენიერი კანონპროექტია. გავიგეთ, რომ "რუსთავი-2" უცნაურსახელიან კომპანიას ეკუთვნის, მაგრამ ეგ უცნაურსახელიანი და ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია ვის ეკუთვნის? ეგეც გამჭვირვალეა?

ამაზე ბაქრაძემ განაცხადა - "ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიები ან ადამიანები, ვისი სახელიც უცნობია  საზოგადოებისათვის,  არ უნდა წარმოადგენდნენ მედიასაშუალების მფლობელებს, ან მათი ვინაობა ყველასთვის უნდა იყოს ცნობილი"-ო!

მოიცაააა! ეგ როგორ, ბატონო დავით? ანუ ვინც ამ კომპანიების მფლობელია, მათი ვინაობა უნდა გახმაურდეს? აბა, რას იკლავდნენ თავს ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებაზე, თუ მაინც უნდა "გაბაზრებულიყო"? არა მგონია, მაგაზე ვინმე დათანხმდეს...

და რომ არ დათანხმდეს? კანონის დარღვევის გამო მედიასაშუალება ჩამოერთმევა და სხვა, უფრო გამჭვირვალეს გადაეცემა? თუ რა მოხდება? ვერ გავიგე...

მე, როგორც მედიის წარმომადგენელს, უნდა მიხაროდეს, ეს კანონპროექტი რომმ მზადდება, მაგრამ მედიის წარმომადგენლის გარდა, საქართველოს მოქალაქე ვარ და თანაც საკმაოდ კარგი მეხსიერებაც მაქვს, ამიტომ მაინც რაღაცა მაეჭვებს.

ჯერ ერთი, რომ ამ კანონპროექტის მომზადების მიზეზები არ ვიცით. გამჭვირვალეობა კარგია, მაგრამ ადრე რომ იყო, მასეთი გამჭვირვალეობა არ მინდა - თავში რეზინის ხელკეტის ცემით გამჭვირვალედ ქცეული ტელევიზიებიც მახსოვს და მართლმადიდებლობის სახელით დარბეული პირდაპირი ეთერიც აგერ, ამ ცოტა ხნის წინ.

შესაძლოა, ამ კანონპროექტის მიღება რამდენიმე ფაქტორმაც განაპირობა.

მაგალითად, ხომ არ გახდა ეს ჩვენი "თავისუფალი" მედია ხელისუფლებისთვის უკვე ზედმეტი ბარგი? მოთხოვნილებაგაზრდილი და "გაბლატავებული" ჟურნალისტების არმია ძალიან ძნელი შესანახია, რაც უნდა მდგრადად განვითარებული ეკონომიკა გქონდეს.

მეორეც - იქნებ ეს მდიდარი, ვალებჩამოჭრილი და ნაპატივები მედია საფრთხეც გახდა ხელისუფლებისთვის? ნათქვამია, ძუძუს, რომელსაც წოვ, მახათი არ უნდა აძგეროო, მაგრამ ჩვენ ხომ უკვე ვნახეთ, შიმშილითსიკვდილსგადარჩენილმა მედიის წარმომადგენლებმა როგორ გააკეთეს ეს? ღალატმა კი, მოგეხსენებათ, ერთი მავნე თვისებისა არ იყოს - შეჩვევა იცის.

შეგახსენებთ - აქ მოყვანილი ვარაუდები მხოლოდ ჩემი ვარაუდებია და მეტი არაფერი. არავითარი ინფორმაცია და ქვეტექსტები აქ არ იმალება.

ასეა თუ ისე, კანონპროექტი მზადდება და, სავარაუდოდ, მიიღებენ კიდეც.

ძალიანაც კარგი, იყოს ყველაფერი გამჭვირვალე, მაგრამ, კიდევ გავიმეორებ, მართლა გამჭვირვალე იყოს მაშინ, ორმაგი სტანდარტების გარეშე. ისე არ გამოვიდეს, როგორც ადრე - გამჭვირვალეობა მარტო ტელევიზიის მფლობელის პასპორტის სახელის დასადგენად არ დაგვრჩეს, მეშინია.

და საერთოდ - ღმერთი გაახარებს დავით ბაქრაძეს თავისი პარლამენტიანად! ეგ რომ არ იყოს, რა გვეშველებოდა? აბა, ინგლისურს ვინ გვასწავლიდა ფილმებით? ან მედიის მფლობელებს ვინ აიძულებდა, გამჭვირვალეები გამხდარიყვნენ? ასე თუ გააგრძელა, მგონი, ცოტა ხანში მარსზე მიწებსაც გვაყიდინებს და ვიქნებით ასე ბედნიერნი - ვერც ინგლისურს ვისწავლით წესიერად, აღარც ქართული გვემახსოვრება, შესაბამისად, ვილაპარაკებთ გაურკვეველ ენაზე, ვიქნებით გამჭვირვალეები, მარსზე გვექნება უძრავი ქონება და მერე NASA-ს ასტრონავტები რომ ჩამოვლენ მარსზე, ეს მრავალჭირნახული და ძირძველი ქართველი ერი მარსელები ვეგონებით!

დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test