შემოგვიერთდი

რასაცა გასცემ, შენია!

02.11.2010 13:57

კაი!

არ გვინდა მედიის თავისუფლება - არ გვინდა!

არ შემედაოთ ახლა - იმ რეიტინგში მე არ ჩამომიგდია საქართველო მეასე ადგილზე!

არ გვინდა სამუშაო ადგილები - არ გვინდა!

როგორ არ გვინდა, მაგრამ სადაა. ყოველ ხუთ ადამიანში (საქართველოში) 4 უმუშევარია, ხოლო მეხუთე მუშაობს, თანაც არა მარტო თავის, არამედ იმ ოთხის ადგილზეც. გვარებს ნუ დამასახელებინებთ - ჩართეთ ტელევიზორი და ნახავთ, რამდენი გადაცემა მიჰყავს ერთსა და იმავე ადამიანს სხვადასხვა (ან იმავე არხზე).

ახლა მავანი და მავანი "უძინართა მზის" პერსონაჟის ფრაზით მიპასუხებს: გინდა კარგია, უნდა გერგებოდესო. გვერგება კიდეც - მარტო ესენი კი არა, საჯარო ინფორმაციაც გვერგება...

სწორედ ამაზე მინდა გესაუბროთ - ეს ის შემთხვევაა, როცა მარტო გვერგებაზე არაა, კანონით გვაქვს განსაზღვრული, რომ როცა ჟურნალისტი მიდის ორგანიზაციაში, იქნება ეს კერძო ორგანიზაცია თუ სახელმწიფო სამსახური, მას უფლება აქვს მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, ხოლო ორგანიზაციის პრესსამსახური ვალდებულია, ამ შემთხვევაში გასცეს საჯარო ინფორმაცია ჟურნალისტზე.

სინამდვილეში რა ხდება - გასაგებ ენაზე რომ გითხრათ, მივდივართ ორგანიზაციაში და ვითხოვთ საჯარო ინფორმაციას. ინფორმაციის გაცემის მაგიერ პრესსამსახურის უფროსი გივი სიხარულიძის პერსონაჟივით გვიყურებს და გვეკითხება: ინფორმაციის ნაცვლად სხვა რამე რომ შემოგთავაზოთ, რას იტყვით?..

შემდეგ როგორც ტექსტშია.

ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რა დანიშნულება აქვს ამ ორგანიზაციის პრესსამსახურს? იდეაში, პრესსამსახური მარტო პრესის მონიტორინგით არ უნდა იყოს დაკავებული, ხანდახან, გართობის მიზნით მაინც უნდა აწყობდეს პრესკონფერენციებს და უნდა გასცემდეს საჯარო ინფორმაციას.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, და, ეჭვი მაქვს, რომ მანამდეც იცოდით, ჩვენი ორგანიზაციების პრესსამსახურები საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ.

რაც შეეხება პრესკონფერენციებს - ჯერ მარტო მერიის პრესსამსახური ავიღოთ. ჯერ ერთი, რომ მიხეილ სააკაშვილის სამუშაო კაბინეტში უფრო ადვილია მოხვედრა, ვიდრე მერიის პრესსამსახურში. მეორეც - თვეში ერთხელ ქალაქის მერი რადიოს პირდაპირ ეთერში პასუხობს კითხვებს, დადის ქალაქში, ინტერვიუებს იძლევა და, კარგად რომ სთხოვო, იქნება საჯარო ინფორმაციაც თვითონ გასცეს. რაღაში სჭირდება პრესკონფერენცია? და საერთოდ რაში სჭირდება პრესსამსახური?

ახლა პრესის მონიტორინგზე - ეს მათი შიდა სამზარეულოა. მაგრამ ვეჭვობ, რომ მაგას მაინც რომ აკეთებდნენ, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მაინც არ გვეტყოდნენ უარს.

მოიცა, იქნებ ვცდები? იქნებ თავიანთი მონიტორინგიც მაღალ დონეზე აქვთ და ყველაფერსაც კარგად აკეთებენ, იქნებ უბრალოდ ვინმე არ აძლევთ უფლებას, რომ ინფორმაცია გასცენ? იქნებ აკრძალული აქვთ ამის გაკეთება? იქნებ ჩვენსავით დაჩაგრულები არიან?

მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ არა.

საქმეც მაგაშია, რომ არა. პრესსამსახურები ფუნქციონირებენ, ჩემზე და ბევრ თქვენგანზე მაღალ ხელფასებს იღებენ, "ფართებზეც" დადიან და დიდად ბედნიერნიც არიან ამ ყველაფრით.

მოდი, ახლა განვიხილოთ და დავსვათ კითხვა: თუ პრესსამსახური არ მუშაობს, არ გასცემს საჯარო ინფორმაციას, რითაც კანონს არღვევს, ამ შემთხვევაში, მაქვს თუ არა უფლება, ვიფიქრო, რომ ამ პრესსამსახურში მხოლოდ უფროსის, ან კიდევ ვიღაცის ახლობლები მუშაობენ და მათი ფუნქციონირება მხოლოდ ფულის გათეთრებაა და მეტი არაფერი?

მით უმეტეს, როცა ეს სახელმწიფო სამსახურს ეხება - მათი პრესსამსახურები, სხვათა შორის, ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

მე კი, ჟურნალისტის გარდა, გადასახადების გადამხდელიც ვარ და გამოდის, რომ მე ფულს ვუხდი პრესსამსახურს, რომელიც მე ინფორმაციას არ მაძლევს? "ეს რა ჭირი გვჭირს, ტოოო!"

რომ მივადგეთ და ისევ ზემოხსენებული "უძინართა მზის" პერსონაჟივით რომ მოვთხოვოთ: დადე, ბიჭო/გოგო, ინფორმაციაო, რა მოხდება?

ისევ ის მოხდება, რაც აქამდე ხდებოდა - შემოგვხედავენ ისევ ღიმილით და გვკითხავენ: ინფორმაციის ნაცვლად სხვა რამე... ჰა?

მოკლედ, ამას რა ეშველება არ ვიცი, კანონი და ჟურნალისტების უფლებები ირღვევა, უმუშევრობა მატულობს, ეკონომიკა ყვავის და ქვეყანა წინ მიდის.

ასე თუ გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში (თუ თვეში არა), ქუჩაში რომ დაგვინახავთ, თვალები შუბლზე აგივათ გაკვირვებისგან, ხელებს გაშლით და წამოიყვირებთ:

"ვააა, პელე! ცოცხალი ხარ, ტოოო?"

დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test