შემოგვიერთდი

მობილური მედია

02.11.2010 15:29

სულ რაღაც 50 წლის წინათ, კომპიუტერი ერთი ოთახის ხელა მოწყობილობა იყო. დღეს მისი ტარება ხელით შეიძლება, ისინი კი, ვინც "სმარტფონებს" ფლობენ, კომპიუტერს, ფაქტობრივად, ჯიბით ატარებენ. ტექნოლოგიები უსწრაფესად ვითარდება, იცვლება ცხოვრების ტემპი და განსაკუთრებულ მოთხოვნებს, ყველაფერი ეს, კომუნიკაციის საშუალებებს უყენებს. მათ შორის მედიას, კომუნიკაციის ერთ-ერთ ყველაზე მასობრივ საშუალებას.ექსპერტები ამბობენ, რომ, თუკი მედიას უნდა, დროს არ ჩამორჩეს, "მობილური სტრატეგია" უნდა შეიმუშაოს. ამაზე 29 ოქტომბერს, "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში დეიან რესტაკი საუბრობდა, სერბულ კომპანიის უკაბელო მედიის ბიზნესის განვითარების დირექტორი. ეს საუბარი შედგა "საქართველოს მედიის ხელშემწყობი პროგრამის", ფარგლებში გამართული სემინარისას - "გაზეთები მობილური მოწყობილობებისათვის".

მსოფლიოში ჩატარებული სხვადასხვა კვლევის მიხედვით, რომელიც დეიანს მოსალოდნელი რეალობის დასტურად მოჰყავს, სულ რაღაც ხუთ წელიწადში, რიცხვი ადამიანებისა, რომლებიც მობლური ტელეფონის ინტერნეტბრაუზერს იყენებს, პერსონალური კომპიუტერის მფლობელთა რიცხვს გადააჭარბებს. დღეს, პერსონალური კომპიუტერების გაყიდვა მობილური ტელეფონების ყიდვის ზრდის პირდაპირპროპორციულად მცირდება. მსოფლიოს 6 877 800 000 მცხოვრებიდან კი, მობილური უკვე მილიარდ ადამიანს აქვს.

სერბი ექსპერტის მიერ წარმოდგენილი კვლევებით, 30%-ით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ინფორმაციას მობილურით იღებს, იზრდება იმათი რიცხვიც, ვინც რეკლამას მობილური ტელეფონის საშუალებით იღებს; მობილური ტელეფონის მფლობელთა, სულ მცირე, 50%-ს, 2014 წლისთვის გადასახადების გადახდა ტელეფონით შეეძლება. მობილურის პოპულარობას ხელს უწყობს ისიც, რომ, ბევრი ოპერატორი კლიენტს, ქსელში ჩართვასთან ერთად, ტელეფონს სიმბოლურ თანახად სთავაზობს.სერბეთში ეს 1 ცენტად ხდება.

რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით საქართველოში? კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის ბოლო მონაცემებით, მობილურ ტელეფონს 3 060 438 ადამიანი ფლობს. 4 400 000-იანი ქვეყნისთვის ეს უზარმაზარი რიცხვია. სტატისტიკა აჩვენებს, ასევე, რომ ინტერნეტის მობილური ტელეფონის საშუალებით გამოყენების დონე საქართველოშიც მზარდია. ცნობილია ისიც, რომ ქართველები უპირატესობას "ნოკიას" ფირმის ტელეფონებს ანიჭებენ (მას მომხმარებელთა 43% ფლობს), შემდეგ მოდის "სამსუნგის", "სონი ერიქსონისა" და "მოტოროლას" ფირმის ტელეფონები.

ამგვარ ნიუანსებს ფასი ედება მაშინ, როცა მედია ბაზარი მობილური ტელეფონის გამოყენებას ახალი კომუნიკაციებისთვის იწყებს. "ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა", - ამბობს დეიან რესტაკი, - "მობილური ტელეფონი არის საგანი, რომლითაც შენთვის სასურველ ინფორმაციას ადამიანს ნებისმიერ ადგილას მიაწვდი. ხალხი მიეჩვია მობილურით ურთიერთობას, განსაკუთრებით ეს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე ითქმის. ჩვენი კომპანიის კვლევებით, სერბეთში 18-დან 24 წლამდე ასაკის მომხმარებლები საათში სამ sms-ს მაინც აგზავნიან".

"B92" - ლოკალური პროგრამა, რომელიც დეიანის კომპანიამ სპეციალურად მობილური ტელეფონებისთვის შეიმუშავა, მომხმარებელს ადგილობრივი და საერთაშორისო ინფორმაციების ოპერატიულად მიღებას სთავაზობს. მთავარი აქ სწორედ ადგილობრივი ინფორმაციებია. "ჩვენი ენა და ჩვენი, ადგილობრივი ინფორმაციები - ეს არის ის, რამაც "B92" განსაკუთრებულად პოპულარული გახადა", - ამბობს დეიანი, - "მის პოპულარობასთან BBC-ც ვერ მივა, რადგან ლოკალური მედია ხალხს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მოუთხრობს."

"B92"-ის ტიპის, ლოკალური პროგრამების შექმნისთვის არის მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, თუ რომელი ფირმის მობილურ ტელეფონებს იყენებენ ქვეყანაში. რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც ამ პროგრამების საშუალებით (ან სხვა უკვე აპრობირებული გზებით, მაგალითად, მოკლე ტექსტური შეტყობინებით) მომხმარებლამდე უნდა მივიდეს: იგი დაწურული უნდა იყოს. "მობილური ტელეფონით სარგებლობა წახემსებას გავს," - ამბობს დეიანი, - "მისი საშუალებით მხოლოდ მოკლე, სხარტი ინფორმაციის მიღებაა კომფორტული."

ისინი, ვინც მობილურით სარგებლობენ, სერბი ექსპერტის დაკვირვებით, რამდენიმე კატეგორიად იყოფიან: პროფესიონალები - ადამიანები, რომლებიც, მუდმივად, ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან და, შესაბამისად, მუდმივად ეძებენ ინფორმაციას. მათ აქვთ შესაბამისი ტექნიკა, მაგრამ აქვთ ცოტა დრო და უფრო თვალს გადაავლებენ ინფორმაციას, ვიდრე დაწვრილებით წაიკითხავენ. ამის გათვალისწინებით, მოკლე ტექსი მათთვის საუკეთესო საკვებია.

მომხმარებელთა შემდეგ კატეგორიას თინეიჯერები შეადგენენ. მათ აქვთ განსაზღვრული ბიუჯეტი და სპეციფიური ინტერესები, რომელიც შორსაა პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სფეროებისგან, შესაბამისად, ამ მიმართულების სამიზნე ჯგუფს არ წარმოადგენენ. მათთან ახლოს დგას ყველაზე დიდი სეგმენტი - დაოჯახებული პირები, რომლებიც მკაცრად აკონტროლებენ საკუთარ ბიუჯეტს, ფრთხილად ხარჯავენ ფულს, არ იყენებენ უახლეს ტექნიკას და იშვიათად მოიხმარენ ინტერნეტს.

მომდევნო ჯგუფს შეადგენენ ე.წ. მობილური ურთიერთობების ადამიანები. მათ აქვთ იმაზე მეტი ფული, ვიდრე საშუალო მომხმარებლებს (ოჯახიან პირებს), უყვართ ახალი ბრენდები და მათი რიცხვი იზრდება. აქვეა კიდევ ერთი ჯგუფი - ტექნოლოგიებში გაცნობიერებული ადამიანებისა, რომლებიც ყველა ახალ შეთავაზებას ეხმაურებიან, მათ ერთგვარ ტესტირებას ატარებენ და, თავიანთი შეფასებებით, საზოგადოებრივი აზრის საფუძველს ქმნიან. ეს ის კატეგორიაა, რომელსაც მედია ბაზრის ახალმა მოთამაშეებმა ანგარიში უნდა გაუწიონ.

ექსპერტის ეს რჩევები გამოდგება მათთვის, ვინც საქართველოში ახალი მედიის ახალ სახეს - მობილურ მედიას შემოუძღვება. ეს არის ის, რისკენაც ტექნოლოგიების განვითარებას მივყავართ. ინტერნეტი დღეს უკვე აძლევს ადამიანს საშუალებას, ნებისმიერი ადგილიდან, უმოკლეს დროში დაჯავშნოს ადგილი საზღვარგარეთის კურორტზე, მეზობელ ქუჩაზე მდებარე კინოთეატრში, თუ შეუკვეთოს სოსისი, რომელსაც კონკრეტული რესტორანი განსაკუთრებული ფასდაკლებით სთავაზობს.

ყველაფერი ეს ქმნის ახალ ტერიტორიას, რომელიც ქართულ მედიას ჯერჯერობით ათვისებული არ აქვს. ჯერჯერობით, რადგან, უახლოეს დღეებში, ერთი ქართული კომპანია ამ მიმართულებით პირველი განაცხადის გაკეთებას აპირებს. თუ ქვეყანის შესაბამისმა ინფრასტრუქტურამ, სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ, მოსახლოების ინტერესებმა ხელი შეუწყო, მობილური მედია ქართული რეალობის ნაწილადაც იქცევა. სხვა შემთხვევაში, საქართველო მოგვიანებით დააგემოვნებს იმას, რასაც თანამედროვე მსოფლიო თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test