შემოგვიერთდი

რადიოები კრიტიკის მიღმა

07.11.2010 15:27

თითქოს,   ქვეყნიერება  ტელეკომპანიებისა და ტელეწამყვანების წინააღმდეგ დაირაზმა. ყოველ შემთხვევაში,  ასეთი შთაბეჭდილება შეექმნება რიგით მკითხველს, როცა  თვალს გადაავლებს ქართულ მედიაზე დაწერილ  კრიტიკულ წერილებსა თუ    საბლოგო  ჩანაწერებს. ამ დროს კი  რადიოზე...

სულ რომ   მთელი ჯინეტი და  პრესა გადაქექოთ,  რადიოზე,  რადიოწამყვანებსა და რადიოგადაცემებზე დაწერილ ერთ კრიტიკულ წერილსაც  ვერ ნახავთ. რაც იწერება, ძირითადად, ინფორმაციული ხასიათისაა, რადიოგადაცემების პროფესიული გარჩევა კი არ ხდება. მათზე არც კარგს წერენ და არც ცუდს. თუმცა, გამოგიტყდებით, ამ  საკითხზე მაშინ დავფიქრდი, როცა ინტერნეტში ბრიტანული გამოცემა "გარდიანის"  ერთ საინტერესო ბლოგერს წავაწყდი.

ელიზაბეტ მაჰოუნი(Elisabeth Mahoney) რადიოგადაცემების შესახებ რეგულარულად წერს "გარდიანის" ვებ-გვერდზე. მაგალითად, ამა წლის 15 სექტემბერს გამოქვეყნებულ წერილში მან ერთმანეთს შეადარა ორი სხვადასხვა რადიოსადგურის ორი ტოქშოუ. ორივეგან სტუმრად ერთი და იგივე  ადამიანი ჰყავდათ მიწვეული. კრიტიკოსმა ძალიან მარტივი ენით, სულ რამდენიმე აბზაცით, მკითხველს ამ ორი რადიოინტერვიუს განმასხვავებელ ნიშნებზე უამბო. მან მიმოიხილა  წამყვანთა ინტერვიუს ტექნიკა,  შეეხო დასმული კითხვებს და დაასკვნა, რომ ორივე რადიოგადაცემამ ერთი ადამიანი აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად წარმოაჩინა. მსგავსი შინაარსის ჩანაწერები "გარდიანის" ვებ-გვერდზე დღეში რამდენჯერმე ქვეყნდება. მხოლოდ ელიზაბეტ მაჰოუნს(Elisabeth Mahoney)  რადიოგადაცემების შესახებ 2 ათასამდე ჩანაწერი აქვს გამოქვეყნებული.

სამწუხაროდ,  ქართველ მედიაკრიტიკოსებში რადიო არაპოპულარულია.  მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეარხს  ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, მაგრამ საზოგადოებრივი რადიოს შესახებ   ცოტას,  ან საერთოდ არფერს წერენ. არადა, მარტო თბილისში ათობით რადიოსადგური მაუწყებლობს.

ამ დროს კი, რადიოსადგურები ტელეკომპანიებზე გაცილებით ოპერატიულად  მუშაობენ, გაცილებით მეტი ექსკლუზიური ინფორმაცია აქვთ. ამაში რომ დარწმუნდეთ, ზერელე და ხანმოკლე დაკვირვებაც საკმარისია. რაღა შორს წავიდეთ? გავიხსენოთ, როგორ მუშაობდნენ რადიოსადგურები საქართველო-რუსეთის ომის დროს, როცა ომმა ბევრს ავტომობილში, გზაზე, მოუსწრო. მათთვის, იმ ექსტრემალურ ვითარებაში, რადიო ინფორმაციის ერთადერთი წყარო იყო.  რადიოს მოსმენა ყველგან შეიძლება.   თუ მობილური ტელეფონი გაქვს, და საქართველოში მობილური ტელეფონი თითქმის  ყველას აქვს, რადიოგადაცემებს ქუჩაშიც  მოუსმენ.

მაშ,  რატომ არ საუბრობენ მედიის კრიტიკოსები რადიოს შესახებ?  მე ამა კითხვაზე პასუხი არ მაქვს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test